რა არის ცნობილი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე, რომლის გახსენებამაც სასამართლო სხდომაზე ჩუგოშვილსა და კობახიძეს შორის კამათი გამოიწვია - კვირის პალიტრა

რა არის ცნობილი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე, რომლის გახსენებამაც სასამართლო სხდომაზე ჩუგოშვილსა და კობახიძეს შორის კამათი გამოიწვია

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკეკები გამართა. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტს ეს ინფორმაცია გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა მიაწოდა.

"პრეზიდენტი ამ ინფორმაციას გიგზავნით ერთი თვეა და აქ რომ არ უნდა თქვათ, არ იცით?" - მიმართა ირაკლი კობახიძემ ჩუგოშვილს.

2019 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო.

ოთხი წლის წინ რუსული მედია წერდა ამ შეხვედრაზე. კერძოდ, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2008 წლის ომის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ორგანიზებული იყო შვეიცარიის მეშვეობით, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

“დიალოგისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.