„თუ ნებისყოფა არა გაქვს, სოფლის მეურნეობას ხელი არ უნდა მოჰკიდო“ - კვირის პალიტრა

„თუ ნებისყოფა არა გაქვს, სოფლის მეურნეობას ხელი არ უნდა მოჰკიდო“

"იმ დღეს სეტყვა იყო და სულ გააფუჭა ყველაფერი, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, მომავალში მეტი უნდა გავაკეთოთ", - გვეუბნება წარსულში ფეხბურთელი სოსო გილაური, რომელიც დღეს სოფელ ნინიგორში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, არცთუ პატარა მეურნეობას უძღვება. გამოუცდელობის გამო რამდენჯერმე შეცდომაც დაუშვა, მაგრამ ეს ხელის ჩაქნევის მიზეზი არ გამხდარა. სოსო გილაური თავის სამეურნეო გამოცდილებაზე მოგვითხრობს.

სოსო გილაური: - ბავშვობაში ფეხბურთის გამო ლაგოდეხში მიწევდა ჩამოსვლა და ვიცოდი, რომ აქ მეურნეობისთვის კარგი პირობები და ხელსაყრელი კლიმატი იყო. სპორტს რომ თავი დავანებე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე წელიწადს ვმუშაობდი და მეტად დავუახლოვდი სოფლის მეურნეობას. მერე ჩემმა სიმამრმა თქვა, მოდი, თხილი გავაშენოთო და სოფელ ნინიგორში ნაკვეთი (4 ჰექტარი) ვიყიდეთ. ჭაობიანი ადგილი იყო, ყველგან წყალი იდგა. დასაშრობად მთელ პერიმეტრზე გავაკეთეთ არხები, თხრილები, წყალმა ცოტათი რომ დაიწია, თხილი მერე ჩავყარეთ. ეს იყო 2017 წელს.

- მოკლედ, 4 ჰექტრის დაშრობით დაიწყეთ.

- კი, არხებით წყალი გაიწურა და მეტ-ნაკლებად მოგვეცა თხილის დარგვის საშუალება, მაგრამ ნერგები, როგორც შემპირდნენ, მხოლოდ "ანაკლიური" და "გავაზური" არ აღმოჩნდა, 5-6 ჯიში იყო. საბოლოოდ არ არის ისეთი თხილი, როგორსაც ველოდით.

სანამ თხილი მოვიდოდა, ტბისთვის მიწა მოვთხარეთ და ისევ იმ პერიმეტრზე დავყარეთ, სადაც თხილი იყო დარგული. მერე ტბორში თევზი გავუშვით. ახლაც გვყავს თევზი, მაგრამ ჯერ გასართობად, დიდი რაოდენობით არა.

- როგორც ვიცი, ენერგოეფექტურ სათბურში საჩითილე მეურნეობა გაქვთ.

- მინდოდა ენერგოეფექტური სათბური მქონოდა, სადაც პროდუქტს მოვიყვანდი. მასალას შემთხვევით გადავაწყდი, ჩინელებს ჰქონდათ დაშლილი და მათგან ვიყიდე. მერე ვყიდულობდი ჩითილს, სათბურში ყველანაირ პირობას ვუქმნიდი, მაგრამ არ იზრდებოდა. ამიტომ მეგობრის რჩევით გადავწყვიტე ჩითილი თვითონ გამომეყვანა. ჯერ ჩვენთვის მოვიყვანე ყველანაირი სასინჯად. ექსპერიმენტმა გაამართლა, იდეალური გამოვიდა, შემდეგ კი კომერციული საქმიანობა დავიწყე. ჩვენთვისაც ვაკეთებთ, რაც გვჭირდება, და სხვებსაც ვუმზადებთ.

mamul2-1696507295.jpg

- საქმის გაფართოებასაც ხომ არ აპირებთ?

- მინდა თანადაფინანსებით (თუ მომცემენ) კიდევ ერთი ჩვეულებრივი სათბური გავაკეთო და საადრეო მოსავალს მოვიყვან. სავარაუდოდ, რომელიმე ეგზოტიკურ პროდუქტზე ვიფიქრებთ.

- ტბორში თევზი გავუშვითო და ეს საქმე რატომ არ იქცა ბიზნესად?

- თეთრი ამური და კობრი გავუშვით, მაგრამ ბიზნესად ვერ ვაქციეთ. თავიდან ხალხი დავიქირავე, თუმცა მერე გაჭირდა მუშახელის შოვნა... ახლა აქ მე და რამდენიმე კაცი ვმუშაობთ. ისიცაა, გულით თუ არ მიუდგა ადამიანი საქმეს, არაფერი გამოდის. მეც გულსა და სულს ვდებ ყველა ეტაპზე საქმეში, ხალხი კი ასეა, მთავარია ფული აიღოს და წავიდეს. გაკეთებული საქმის ხარისხი არ აინტერესებს. წარმოიდგინეთ, ადამიანს ვავალებ რაღაცას და მერე ისევ მე მიწევს იმავეს გაკეთება. მაშინ რატომღა მომყავს? ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერს ისევ ჩვენი ძალით ნელ-ნელა მივყვეთ.

თევზის საქმე კი ასეა - შარშან მოშენებული თევზი ოქტომბერში დავიჭირე. გაიყიდა და ძალიან მოეწონათ. სხვათა შორის, თევზი გამდინარე წყალშია, ტბორში 24 საათის განმავლობაში წყალი ტრიალებს. ხევიდან მილით შემოგვყავს და შემდეგ ისევ თავის კალაპოტს უბრუნდება.

მოკლედ, თევზი წაიღეს და მოთხოვნაც გაჩნდა. მსურველებისთვის რომ მიმეწოდებინა, ტბა მთლიანად დავაშრეთ და თევზი დავიჭირეთ. პატარა აუზებიც მაქვს და იქ გადავსხი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ თევზს მაგ დროს გასუფთავება სჭირდებოდა. ამასთან, დაჭერის დროს ბადეში იბეჟება, ერთმანეთს ეხეთქება. მოკლედ, ამის გამო მკურნალობა ესაჭიროებათ. თან მზიან ამინდში დავიჭირე, არადა, სიგრილეში იჭერენ, რომ დაბეჟილობა არ გაუმიზეზდეთ. სადღაც ნახევარი თვის განმავლობაში იმ პატარა აუზებში იყვნენ, მაგ დროს თბილისში ვიყავი და რომ ჩამოვედი, დამეხოცნენ. მას შემდეგ უკვე სამი წელია აქეთ ვარ.

mamul3-1696507295.jpg

- მკურნალობაში რა იგულისხმება?

- თურმე კალიუმის პერმანგანატი და მარილი უნდა გაურიო იმ აუზის წყალში, სადაც ჩაასხამ მაქსიმუმ ნახევარი საათით. ამის მერე კიდევ ვიყიდე თევზი, ყველანაირი პროცედურა ჩავუტარე, მაგრამ შარშან ზამთარში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ერთ თვეს თბილისში ვიყავი და რომელიღაც ცხოველმა შემიჭამა. მოკლედ, თევზისგან ჯერ ვერ ვიხეირე, თუმცა ფარ-ხმალს არ ვყრი.

ახლა კოტეჯების სტილის სასტუმრო-კომპლექსის გაკეთება მინდა, 7-8 კოტეჯის ჩადგმა და სათევზაო მეურნეობის გააქტიურება, სადაც ადამიანი ჩამოვა და ითევზავებს, ჩვენ კი ყველანაირ ეგზოტიკურ და სუფთა პროდუქტს დავახვედრებთ, ხილს, ბოსტნეულს. თუ მშვიდობა იქნა, ამ პროექტს მომავალი წლისთვის ვგეგმავთ.

- ანუ საქმემ აჩვენა, რომ თქვენი აქ ყოფნა მუდმივად არის საჭირო... თხილის მოსავლით კმაყოფილი თუ ხართ?

- წლეულს დიდი მოსავალი ვერ ავიღეთ. ლაგოდეხში 5 ლარი ღირს, მაქსიმუმ 6, რომ კერძო კომპანიებმა ჩაიბარონ. ყველა ამბობს, რომ თხილის ბიზნესმა აზრი დაკარგა, აღარ არის მოგებიანი. ვფიქრობ, ნელ-ნელა გამოვხშირო თხილი და ის ადგილი ბოსტნეულ-ბაღჩეულის მოსაყვანად გამოვიყენო. აქ თვითონ პრაქტიკა გიჩვენებს, რა უნდა გააკეთო.

ერთი პრობლემაც არის - მე ხარისხიანი პროდუქტის მოსაყვანად ყველაფერს ვაკეთებ, მოყვანილს ვასუფთავებ, ვწმენდ, ვასტიკერებ და ისე ვყიდი, მაგრამ მომხმარებელი მაინც იმისგან ყიდულობს, ვინც ბევრს და უხარისხოდ აწარმოებს. მგონი, დროა, რაღაცებზე მეტად დავფიქრდეთ და შევცვალოთ.

mamul4-1696507295.jpg

- მართალია, თავიდან გამოცდილება გაკლდათ, მაგრამ თანდათან ბევრი რამ ისწავლეთ. არადა, ვიღაც ხელს ჩაიქნევდა.

- მთავარია, ადამიანს ნებისყოფა ჰქონდეს. შეცდომებს სხვას არ ვაბრალებ, ჩემი ბრალია. შემდეგ წელს იმავეს არ დავუშვებ და გარანტირებულად ვიცი, რომ შემოსავალსაც მივიღებ, საქმე კარგად გამომივა და ეს მაძლებინებს. ვიცი, რასაც ვაკეთებ, სასარგებლო შრომაა, ჩემი მოყვანილი პროდუქტი ადამიანებმა უნდა მოიხმარონ. მაგალითად, თევზის მოსავლელად ბევრი რამ ვისწავლე, მისი წარმოების პროცესი გამიმარტივდა. ადრე თუ 5-10 დღე მჭირდებოდა, ახლა 2 დღე მყოფნის. თუ ნებისყოფა არა გაქვს, სოფლის მეურნეობას ხელი არ უნდა მოჰკიდო.

- ანუ ღირდა ეს ყველაფერი?

- კი, ღირდა. მესამე წელია თბილისიდან წამოვედი. სანამ აქ არ გადმოვედი, რაღაცები არ დალაგდა. საჩითილე მეურნეობით, რომელიც 400 კვმ-ია, 4 ჰექტარს ვინახავ. მომყავს ყველანაირი ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ჩითილები. მარცვლეულიდან მხოლოდ სიმინდის ჩითილი. საქმე თავის თავს რომ ინახავს და სხვა საქმიდან აღარ ამატებ ფულს, უკვე კარგია. ახლა მინდა სესხი ავიღო და თუ დამაფინანსეს, სათბური კიდევ გავაკეთო.

ლალი ფაცია