"სამი დიდი შეცდომა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუშვა“ - Rzeczpospolita
'პოლონეთთან ურთიერთობაში უკრაინის პრეზიდენტმა სამი ძირითადი შეცდომა დაუშვა", - ნათქვამია პოლონურ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ (Rzeczpospolita) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა: სამი დიდი შეცდომა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუშვა“ (ავტორი - რუსლან ზოზინსკი). „ბევრისთვის გაუგებარია კიევის მოქმედება, როცა მან მარცვლეულის გაყიდვის თაობაზე ვარშავასთან დავა დაიწყო. რაში სჭირდება უკრაინას ასეთი ქცევა მხარდამჭერი მეზობლის მიმართ? დრო დავისათვის სწორად არ არის შერჩეული“, - წერს გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინა და პოლონეთი უშუალო მეზობლები არიან და როცა მეზობლებს შორის რაიმე საკითხის განხილვაა საჭირო, ამისთვის შესაბამისი დრო, ადგილი და არგუმენტები უნდა შეარჩიო. მეზობელთან უბრალო მარილისთვის არ უნდა მიხვიდე იმ დროს, როცა იცი, რომ ის ძალიან სერიოზული საშინაო პრობლემებითაა დაკავებული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი პოლონეთთან მიმართებით სამი ძირითადი შეცდომა დაუშვა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაართულეს ურთიერთობა.
პირველი შეცდომა:
უკრაინელებმა ვერ მოითმინეს და პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში „ჩაებნენ“.
კიევი თავისი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე მიდის და ქცევის წესებს არღვევს - როგორც იტყვიან, „გვამებზე სიარული დაიწყო“ და პოლონეთის ხელისუფლებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლა - ევროკავშირის დადგენილებას არღვევს და თავის შიდაბაზარზე ხორბლის გაყიდვის უფლებას არ მაძლევსო. თანაც რა დროს - როცა პოლონეთში დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და მმართველ პარტიას, რომელზეც უკრაინა ნაწყენია, საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს - გაურკვეველია, გაიმარჯვებს თუ არა 15 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში. მოკლედ, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ნებით აღმოჩნდა ჩათრეული ვისლის ნაპირებზე დაწყებულ ბოლო წლების უდიდეს პოლიტიკურ ტორნადოში. არადა, რა ეჩქარებოდა, მოეცადა კიდევ მცირე ხანს და სიტუაციას ნუ დაამძიმებდა. კიევისთვის ხომ უფრო უკეთესია, რომ პოლონელმა პოლიტიკოსებმა რუსეთის წინააღმდეგ იფიქრონ და არა - უკრაინის ხორბლის გაყიდვაზე.
რას მოიგებს უკრაინა პოლონეთთან ჩივილით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში? ექსპერტები გაკვირვებულები არიან კიევის დემარშით. კაცმა რომ თქვას, პოლონეთი უკრაინული ხორბლის მსხვილი იმპორტიორი არასოდეს ყოფილა და ის ხორბალი, რომელიც პოლონეთში ვერ გაყიდა, შეეძლო სხვაგან გაეტანა - ესპანეთში, თურქეთში, ბანგლადეშში. თვითონ განსაჯეთ: პოლონეთის წილი უკრაინული ხორბლის იმპორტში მეხუთე ადგილია, სიმინდის - მეშვიდე, ხოლო ქერის - მერვე ადგილი. მაშ რა სურს ვოლოდიმირ ზელენსკის? ღირს „ჩიტი ბრდღვნად“? ასეთი კითხვები უჩნდება ბევრ კომპეტენტურ ექსპერტს და ანალიტიკოსს. პოლონეთთან დავის საკითხში ისინი ვერავითარ სარგებელს ვერ ხედავენ უკრაინისათვის. პოლონეთს ხომ ტრანზიტი არ გაუჩერებია, უბრალოდ, უკრაინული მარცვლეულის გაყიდვა შიდაბაზარზე აკრძალა, რასაც თავისი მიზეზი აქვს: წინ არჩევნებია და მთავრობას თავისი ფერმერების ანუ მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის უკმაყოფილება არ სურს. ნუთუ ამას კიევი ვერ აცნობიერებს?
მეორე შეცდომა:
ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
ეს შეცდომა პირველის გაგრძელებაა: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორბალზე დავა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე გაიტანა და იქიდან, ყველას გასაგონად განაცხადა, - „ევროპაში ვიღაც-ვიღაცა მსახიობები მოსკოვურ თამაშს თამაშობენ“. ვარშავაში ეს დამცინავი მინიშნება კარგად გაიგეს და სათანადოდ შეაფასეს. უკრაინის პრეზიდენტმა, იმის ნაცვლად, რომ ორმხრივი დაძაბული მომენტი ადგილზევე განემუხტა, ნიუ-იორკში გაიტანა და იქიდან „ცეცხლზე ნავთი დაასხა“.
როგორც ჩანს, გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიში იმ მსახიობმა გაიღვიძა, რომელმაც, ვიდრე პოლიტიკურ გზაზე გავიდოდა, ერთ-ერთ საკულტო უკრაინულ სერიალში სახელწოდებით - „ხალხის მსახურში“, სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) როლი შეასრულა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში პრეზიდენტი გოლობოროდკო (ანუ ზელენსკი) წყვეტს მოლაპარაკებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, უცენზუროდ აგინებს თავის მოსაუბრეს და ხელმოსაწერად მომზადებულ დოკუმენტებს აქეთ-იქით ფანტავს. სიუჟეტის მიხედვით, ფონდის წარმომადგენელი მას სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო მიწების შემცირებას და ითხოვს თანხმობას მდ.დნეპრის ნაპირზე ბირთვული ნარჩენების საცავის მშენებლობაზე. ფილმში პრეზიდენტი წყვეტს ამ უღირს გარიგებას და მაყურებელს აჩვენებს, რომ მას მტკიცედ დგომა და მკაცრი რეაგირება შეუძლია. არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმეტესად სწორედ ამ როლის წყალობით გაიმარჯვა - უკრაინელებს ეგონათ, რომ თავიანთი ოცნების პრეზიდენტი აირჩიეს, რომელსაც შეუძლია თამამად და მტკიცედ ელაპარაკოს უცხოელებს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას. რუსეთთან ომის დაწყებიდან წელიწად-ნახევარი გავიდა და ობიექტურად თუ ვიტყვით, ვოლოდიმირ ზელენსკის გაბედულებას ვერ დავუწუნებთ, ოღონდ მას ისეთი მრჩევლები არ ჰყავს, რომლებიც ერთმანეთისაგან განასხვავებენ მეგობრებს და პარტნიორებს. გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ის სახელმწიფოები უნდა გაკიცხო, რომლებიც პუტინთან „ფლირტაობენ“ და არა მეგობრები, რომლებიც რუსეთის თავდასხმის დღიდან გეხმარებიან და მხარში გიდგანან.
მესამე შეცდომა:
ცუდი მომენტი პოლონელი ოპოზიციონერი ჟურნალისტების დასაჯილდოებლად
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის არც ერთმა მრჩეველმა არ მიანიშნა, რომ ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მან უარი თქვა თავის პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრაზე, არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც მან ქალაქ ლიუბლიანში ყოფნის დროს გააკეთა - დააჯილდოვა პოლონური ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტები. ბევრმა პოლონელმა ეს ფაქტი აღიქვა როგორც სილის გაწვნად მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელების მიმართ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ზელენსკიმ ცუდი დრო და ხელისუფლებისათვის არასასურველი კანდიდატურები შეარჩია ჯილდოს გადასაცემად. მართალია, მმართველ პარტიას არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ეს იყო ზელენსკის მიერ კაჩინსკის ბოსტანში ნასროლი კიდევ ერთი ქვა.
დღეს უკრაინა სარისკო თამაშს თამაშობს და შეიძლება მან, დიდი ალბათობით, წააგოს. ცუდი იქნება, თუ კიევის წაგებული თამაშით პოლონეთიც დაზარალდება...
მოამზადა სიმონ კილაძემ