"მეუღლე ახლაც მსაყვედურობს, რა გინდოდა, მშვენიერი ცხოვრება გვქონდაო" - ლევან იოსელიანის პირადი ცხოვრება და გატაცება - კვირის პალიტრა

"მეუღლე ახლაც მსაყვედურობს, რა გინდოდა, მშვენიერი ცხოვრება გვქონდაო" - ლევან იოსელიანის პირადი ცხოვრება და გატაცება

უყვარს სპორტი, დოკუმენტური პროზა, აღმერთებს ვაზსა და ღვინოს, მაგრამ არ უყვარს თამადობა. ერთგულია, პირველად ვინც შეუყვარდა, ცოლადაც ის მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული და სიმპათიურია, ცოლი არასდროს ეჭვიანობს. ენდობა და იმიტომ. თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებად ქორწილის დღეს, განსაკუთრებულ დღესასწაულად კი ქორწინების შემდგომ პირველ ახალ წელს მიიჩნევს.

ინტერვიუ ჩაწერილია 2021 წლის დეკემბერში.

ლევან იოსელიანი ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ:

- 20 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. სამი შვილი მყავს. უფროსი ქალიშვილი ანა 21 წლის არის, კოტე - 17 წლისა, ნიკუშა ნაბოლარაა - 11 წლის. მგონი, შვილებისთვის, განსაკუთრებით ანასთვის, მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა. ჩვენს ურთიერთობას რომ შეხედოთ, და-ძმა უფრო გეგონებით, ვიდრე მამა-შვილი. სხვათა შორის, ანა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად მეხმარება. წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩემ გვერდით იყო.

შუათანა, კოტე, ძირითადად, ვარჯიშით არის დაკავებული. ადრე ფეხბურთი­ მისი ინტერესის მთავარი საგანი იყო, ახლა კულტურიზმმა გაიტაცა. იმ ასაკშია, ფიზიკურ გარეგნობაზე განსაკუთრებულად რომ ზრუნავენ. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან, სხვადასხვა ინტერესი და შეხედულება აქვთ. მეც პატივს ვცემ მათ ინტერესებს, ჩემს სურვილებს თავს არ ვახვევ. რაც მთავარია, კარგად სწავლობენ.

- როგორც ვიცი, სპორტს თქვენს ცხოვრებაშიც დიდი ადგილი უჭირავს.

- კი, მაგრამ მე სპორტის სხვა სახეობით ვარ დაკავებული. საბურთალოს ქუჩაზე გავიზარდე, მთელი ბავშვობა იპოდრომზე მაქვს გატარებული. ძალიან მიყვარდა ცხენები... ეს სიყვარულიც მარადიული აღმოჩნდა. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ცხენი ვიყიდე და ცხენოსნობა ერთ-ერთ მთავარ პროფესიად გავიხადე. 15 წელია უკვე ამ სპორტით ვარ დაკავებული. შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობ. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. 7 საათზე უკვე იპოდრომზე ვარ, ვვარჯიშობ და შემდეგ მივდივარ სხვა პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად.

ioseliani-1640430542.jpg

- ერთხელ მითხარით, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებდათ. როგორ მოხდა, რომ პოლიტიკოსობა თქვენს მთავარ საქმედ აქციეთ?

- ამ ამბავში ალეკომ "ჩამითრია". როდესაც საკრებულოს დეპუტატობაზე გადაწყვიტა კენჭისყრა, აზრი მკითხა. მოვუწონე და აღვუთქვი, რომ დავეხმარებოდი. გავხდი კიდეც მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან ყოველთვის მის გვერდით ვიდექი როგორც იურისტი. როდესაც ალეკომ "სამოქალაქო მოძრაობის" დაფუძნება გადაწყვიტა, მთხოვა, მთაწმინდის ოლქში კენჭი მეყარა. ვინაიდან კარგად ვიცნობდი ალეკოსაც და მის ღირებულებებსაც, ეს გამოწვევა მივიღე.

- ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?

- მეუღლისთვის ეს უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლაც მსაყვედურობს, რა გინდოდა, მშვენიერი ცხოვრება გვქონდაო.

- მეუღლე რა პროფესიის არის?

- ისიც იურისტია, სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით და უნივერსიტეტშიც. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სტუდენტობისას დავოჯახდით. ხშირად ვხუმრობ, ერთად უფრო ბევრი დრო გვაქვს გატარებული, ვიდრე ერთმანეთის გარეშე-მეთქი.

ხათუნა ბახტურიძე

იხილეთ სრულად - რატომ იყიდა ცხენი ლევან იოსელიანმა