"ერთიან, ძლიერ ფესვებად შევეზარდეთ ერთმანეთს... ამიტომ მჯერა, რომ ის არსად წასულა!" - ნათია ბანძელაძის მოგონებები "გოგიჩაზე"
"გოგიჩა" - ასე ეძახდნენ მსახიობს და ტელეწამყვანს - გიორგი გოგიჩაიშვილს, რომელიც საქართველოში უამრავ ადამიანს უყვარდა. ალბათ, ამის მიზეზი მისი განუმეორებელი უშუალობა, სიკეთე და უბრალოება იყო... ჩვენი სტუმარია მისი მეუღლე - ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, რომელსაც ადამიანურ და ოჯახურ ურთიერთობებზე ვესაუბრეთ:
ნათია ბანძელაძე:
- ჩვენ ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ნამდვილი ურთიერთობები შეცვალა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, სტრესულმა ფონმა... ერთი მხრივ, ჩვენვე ვირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმატს და, მეორე მხრივ, უკმაყოფილონი ვრჩებით. ერთი წამით დავფიქრდეთ: ადამიანში რა გვიყვარს? როცა ვინმეს ვკარგავთ, რას ვკარგავთ?! - იმ სულიერ კვანძს, აურას, შეგრძნებებს, ემოციას, რომელსაც ერთმანეთს ვუცვლით და დადებითი მუხტით ვავსებთ. ეს არის ის, რაც ჩვენში ილექება, მაგრამ სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანები ,,ციფრული ურთიერთობების’’ მძევლებად ვიქეცით. მე პირველი არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს: კაცობრიობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა, რადგან ემოციისგან გამოშიგნული ურთიერთობების ამარა ვრჩებით... ამ ეპოქაში გოგიჩას მსგავსი ადამიანების არსებობა ჰაერივით საჭირო და აუცილებელია.
- თქვენი მეუღლე საქართველოში თითქმის ყველას უყვარდა, როგორ ახერხებდა ის ამას?!
- ,,გოგიჩა“ ჩემთვის არის სახელი, რომელიც ყველაზე საუკეთესო ადამიანურ თვისებებს აერთიანებს! იმიტომ არა, რომ ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ის იყო ცოცხალი სიკეთე, რომელიც ყველა ნაცნობის თუ უცნობის გულში დარჩა... არ არსებობს დღე, როცა ეს სახელი ვინმემ, სრულიად უცნობმა მაინც არ გაიხსენოს. ,,გოგიჩა“ ყველასათვის ერთ დიდ, ლამაზ, სიყვარულით სავსე მოგონებად დარჩა. ეს ცალკე სამყარო იყო! ის უსულო საგნებშიც კი ხედავდა სიცოცხლეს, შეეძლო ყველას სიყვარული, ერთგულება, შეცოდება, დაცვა... გასაოცარი დამოკიდებულება ჰქონდა ბავშვებთან. გოგიჩა არანორმალურად კარგი შვილი, მამა, ძმა და მეგობარი იყო. შეგნებულად გამოვტოვე სიტყვა ,,ქმარი“, რადგან ეს სიტყვა ჩვენს ურთიერთობებს სრულყოფილად ვერ გამოხატავს. ჩემთვის გიო ნამდვილი სიკეთის ჯავშანი იყო, გვერდით მყავდა საოცარი ადამიანი, რომლის საუკეთესო თვისებები და ფასეულობები მაოცებდა, მაძლიერებდა და, თითქოს, მზრდიდა კიდეც. ერთიან, ძლიერ ფესვებად შევეზარდეთ ერთმანეთს... ამიტომ მჯერა, რომ ის არსად წასულა!
- როგორ გაიცანით ერთმანეთი და რა იყო მისი საუკეთესო თვისება, რომლითაც მოიხიბლეთ?
- ჩვენი შეხვედრის ადგილი სცენა იყო: გოგი თოფაძის მიერ ჩამოყალიბებულ სამოყვარულო თეატრში - "ბერიკებში", რეპეტიციაზე შემოიჭრა ბიჭი, რომელზეც გაუთავებლად მესმოდა, როგორ უყვარდათ და როგორ აკლდათ ის - გოგიჩა! და აი, ისიც გამოჩნდა - გიო. მაშინ ჯარში იყო და დროებით ჩამოსულმა, პირველად თეატრს მოაკითხა... როგორც თავად ჰყვებოდა, მთელ სცენაზე პირველად მე დამინახა. მე როდის დავინახე და როგორ? - გულწრფელად რომ ვთქვა, მასში თავიდან პატარა, ძალიან საყვარელი ბავშვი დავინახე და არა სიმპათიური, ახალგაზრდა ბიჭი. ალბათ, მასში დღესაც ეს სუფთა, სიკეთით სავსე ბიჭი მიყვარს. თითქოს, ჩვენი ოჯახიც სცენა იყო, სადაც ყველაზე ფერადი თამაში დავიწყეთ, სადაც ყველა სპექტაკლის წარმატების მთავარი ფაქტორი გულწრფელობა იყო, ასე ვიარეთ ერთად - პასუხისმგებლობით, ერთმანეთის პატივისცემით, დიდი, ნამდვილი სიყვარულით, საინტერესო ამბებით და მიზანსცენებით. ასე გავხდით ,,გოგიჩები“ - ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრი, უფროსებიც და პატარებიც, ცხოველებიც და ჩვენი ხელით "გაცოცხლებული" უსულო ნივთებიც კი. გიოს თავისი, დაუწერელი კანონები ჰქონდა, რომელიც თავისთავად მოქმედებდა. ჩვენს შორის ხმამაღალი საუბარიც კი შეუძლებელი იყო, კრიტიკა - მხოლოდ იუმორის ფარგლებში. ბუტია მე უფრო ვიყავი: ,,გავიბუზღებოდი" რამდენიმე დღით, მაგრამ მასთან დიდი ხნით გაბუტვა შეუძლებელი იყო. ბოლოს მაინც მოვტრიალდებოდი და ვეტყოდი - ,,ჰო, კარგი, შეგირიგდები-მეთქი“... ისიც, მაშინვე მიპასუხებდა: ,,რას ამბობ, გაბუტული იყავი? - არც კი ვიცოდი, მე არაფერი მიგრძნიაო... და ასე იყო სულ. გოგიჩას მართლა საოცარი უნარი ჰქონდა, ყველა სიტუაცია ემართა. ჩვენს დიდ ოჯახში დემოკრატია და საოცარი იუმორი იყო გამეფებული და ვაი მას, ვისაც რაიმე ,,შეეშლებოდა" - თვეების განმავლობაში არ ჩამოდიოდა მასზე ხუმრობა და იუმორისტული სკეტჩი ჩვენი საოჯახო სცენიდან. გულწრფელობა და სიყვარული - ეს იყო მთავარი ჩვენს ოჯახში და ეს თითოეული ჩვენგანის დამსახურება იყო - დიდი გოგიჩებიდან - პატარა გოგიჩებამდე.
- საინტერესოა, როგორ ანაწილებდით ე.წ. ქალის და კაცის საქმეებს?
- ამგვარ დაყოფას ჩვენს ოჯახში იუმორით ვუყურებდით. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღევანდელ თაობას ეს საკითხი ძალიან კარგად აქვს დალაგებული: ორივე მხარეს გააზრებული და თანაბრად გადანაწილებული აქვს ოჯახის საქმეც და პასუხისმგებლობაც, რაც ჩემში მართლა აღფრთოვანებას იწვევს! ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ჩემი შვილების ოჯახები, რაც გოგიჩას დამსახურებაც მგონია. შვილების აზრს პატარაობიდანვე პატივს ვცემდით. გიოს მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ რეალური სამყარო არ ჰგავდა გარემოს, რომელშიც ჩვენი შვილები იზრდებოდნენ და რომელიც ჩვენ შევუქმენით. ამაზე სულ დარდობდა, მაგრამ მათთვის არასდროს უთქვამს, რომ ამქვეყნად ბოროტებაც არსებობს. მისი რჩევები გოგონებისთვის ახლაც მთავარი საყრდენია, როგორც ურთიერთობებში, ასევე - ცხოვრებაში. მათდამი მადლიერების გამოხატვა დაუღალავად შემიძლია, როცა მათ პიროვნულ ღირსებებს, ფასეულობებს ვაკვირდები, ვრწმუნდები, რომ ორივე ნამდვილი ,,გოგიჩაა“. არ მიკვირს, რადგან გიორგი თავისი შვილებისთვის დედაც იყო, მამაც, დამრიგებელიც და მეგობარიც...
- ქალბატონო ნათია, რას ურჩევდით მათ - რა შეიძლება დათმოს ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად?
- მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მადლიერების შეგრძნება და მიმტევებლობის უნარი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია. თუ ეს თვისებები გაქვს, არც საკუთარ თავს დაკარგავ და არც შენთვის ძვირფას ადამიანებს. ოჯახის დანგრევა კატასტროფაა თუნდაც იმიტომ, რომ არ არსებობს, ამ ფაქტმა შვილებს სერიოზული ტრავმა არ მიაყენოს. ჩემთვის ოჯახი არის მთელი იმპერია, რომელსაც შენი გულით, ინტელექტით, სიყვარულით, გადალახული სიძნელეებით აშენებ. ეს არის შენი სამყარო, სადაც მთავარ ენერგიას - სიყვარულის ძალას იღებ. ოჯახი ყველაზე ძლიერი ჯავშანი და ციხე-სიმაგრეა, რომელსაც ყველა უნდა გაუფრთხილდეს - ჩვენს შვილებსაც ამას ვასწავლიდით.
- როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ქალს კარიერა ხომ არ უშლის ხელს, რომ ოჯახზე სათანადოდ იზრუნოს? თქვენ როგორ ახერხებდით მათ შეთავსებას?
- ჩემი პროფესია ყოველთვის უზომოდ მიყვარდა და ახლაც მიყვარს! ჟურნალისტი ჯარისკაცივითაა: სად და როდის ,,გადაგტყორცნიან", არ იცი, მოკლედ, საკუთარ თავს არ ეკუთვნი. მხოლოდ ერთი ამბით გავიხსენებ, როგორ მეხმარებოდა გიო ჩემს ყოველდღიურ რუტინაში: 2013 წელს, ჩემს ცხოვრებაში პირველად, სამსახური დავტოვე. გოგიჩამ ბავშვებს დაუძახა და უთხრა: ბოდიშს გიხდით ამხელა სტრესისთვის, მაგრამ სიმართლე უნდა იცოდეთ - მე რომ დედა გეგონეთ, ეს არის თქვენი ნამდვილი დედაო... ამაზე უკეთ როგორ ავხსნა, როგორი იყო და არის ჩვენი ოჯახი - ის დღესაც ერთი დიდი სიყვარულია! რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების აღზრდა ბებია-ბაბუების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, რის გამოც, მათი უზომოდ მადლიერი ვარ!
- და ბოლოს, საქართველოში არა ერთი ქალი მარტო უძღვება ოჯახს და შვილებს. როგორ ფიქრობთ, ამას განსაკუთრებით ძლიერი ადამიანები ახერხებენ თუ ქალი თავისი ბუნებითაა ასეთი?
- არ მინდა, მიკერძოებული ვიყო, მაგრამ მაინც ვიტყვი: რაც ქალს შეუძლია, ამას ნურც ერთი მამაკაცი დაიჩემებს! წარმოიდგინეთ, მარტო დედობა რამხელა საოცრებაა და ბუნებამ ამისთვის ქალი აირჩია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა: იმავე ბუნების კანონებით, ქალს გვერდით ძლიერი და საყვარელი მამაკაცი სჭირდება. რაც შეეხება ოჯახს, თუ ეს სივრცე ორივესთვის ერთნაირად ძვირფასი არ არის, ერთად ყოფნის შემთხვევაშიც კი, ოჯახი აღარ ჰქვია - შეიძლება ვიღაც შემომედავოს, მაგრამ მე ასე მგონია და ასე მესმის...
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)