იმ დროს, როცა იაპონიასა და ჩინეთში ძაღლის მზეს იფიცებდნენ, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მას საკვებად იყენებდნენ. თბილისში კი... ძაღლისგან დასვრილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავედი და საშინელი სუნი იდგა. ცოტა ხანს გავუძელი და შუა კარისკენ გადანაცვლებას შევეცადე, იქნებ ნაკლებად შევწუხებულიყავი... გადავედი და რას ვხედავ? ყველა წინ იმიტომ დგას, რომ შუა კარის ამოსასვლელთან ძაღლის მოსაქმებულის გამო სიცარიელეა. შეშფოთება გამოვხატე და ისევ წინა კარისკენ დავიწყე სვლა. არ ვიცი, ქუჩის ძაღლი მგზავრობდა ამ ავტობუსით (რასაც ასე სიყვარულით და აღფრთოვანებით ხვდებიან ხოლმე მოქალაქეები), თუ უპასუხისმგებლოპატრონიანი ძაღლი, მაგრამ ფაქტია, რომ ავტობუსი ასე დასვრილი იყო. მძღოლიც არ ნაღვლობდა თითქოს.
მეორე გაჩერებაზევე ჩამოვედი, ისე, რომ ვერც ამბავი გავიგე, რა მოხდა და ვერც პასუხი მძღოლისგან - როდის გაწმენდდა ავტობუსს, დღის პირველი ნახევარია და მთელი დღე ძალიან გაუჭირდებოდათ მგზავრებს ასეთ პირობებში.
გზას ფეხით ვაგრძელებ და ვფიქრობ. აშკარად ხასიათი გამიფუჭდა. თითქოს არც არაფერი, მაგრამ, ნეტავ, იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, როდესაც უპასუხისმგებლოდ არ მოიქცევიან ძაღლიანი პატრონები, როდესაც მძღოლი მობრუნდება - ბოდიშს მოიხდის და მგზავრებს საქმის კურსში ჩააყენებს, რამდენ ხანში გაწმენდს ავტობუსს, რომ ამ გაუთვალისწინებელი ფაქტის გამო მათ ასეთ პირობებში მოუხდათ მგზავრობა. რომ მე, როგორც მოქალაქეს მეცოდინება, მსგავს სიტუაციაში ვის მივმართო ან როგორ მოვიქცე და ასე შემდეგ. თორემ, შემთხვევითობა ყველგან ხდება...
ჰოდა, ძალიან რომ არ გავბრაზდე, საკითხს ცოტა შემოვაბრუნებ და იმ საინტერესო ცნობებს მოგაწვდით, ჩემმა უცხოელმა მეგობარმა რომ გამომიგზავნა ძაღლების შესახებ.
როდის გაჩნდა ოთხფეხა ყეფია, მეცნიერებმა, თურმე, ვარაუდის დონეზე თუ იციან. მათი აზრით, ძაღლის (და, შესაბამისად, მგლის) წინაპარი ძალიან ადრე, 300 მილიონი წლის წინათ წარმოიშვა. მკვლევართა ნაწილი იმ აზრს ემხრობა, რომ ძაღლი მგლის შთამომავალია.
ადამიანმა ძაღლის მოშინაურება მეზოლითის ხანაში დაიწყო. ამ დასკვნამდე მეცნიერები 1862 წელს შვეიცარიაში ჩატარებული გათხრების შედეგად მივიდნენ. აღმოჩენილი ოთხფეხა, რომელსაც „ტორფის ძაღლი“ შეარქვეს, მოგვიანებით ევროპის ზოგიერთ ქალაქსა და ეგვიპტეშიც აღმოაჩინეს.
ბრინჯაოს ხანის მიწურულიდან ადამიანს უკვე ხუთი ჯიშის ძაღლი ემსახურებოდა: მასტიფი, მგლისგვარი, მწევარი, მონადირე და მეცხვარე. ძველეგვიპტური სამარხების კედლებზე, ფარაონთა გვერდით, დიდი სასოებით არის გამოსახული ძაღლიც. ამ გონიერ არსებას, ისევე, როგორც სხვა ცხოველს, კემეს მიწაზე თაყვანს სცემდნენ.
თავად განსაჯეთ, ძაღლის გარდაცვალების გამო ოჯახში გლოვა ცხადდებოდა, გულდათუთქული პატრონი კი მწუხარების ნიშნად თმას იპარსავდა. მოგვიანებით ძველ საბერძნეთსა და რომში ძაღლებს მებრძოლებად წრთვნიდნენ. ალექსანდრე მაკედონელის ჯარში მათ საპატიო ადგილი ეკავათ - ბრძოლის ჟინით ანთებული ოთხფეხა მეომრები მედგრად იბრძოდნენ ნახევარი მსოფლიოს დასაპყრობად.
რომაელებმა ძაღლები გლადიატორებად აქციეს. ეს კეთილშობილი არსებები შიშველი თათებით (თუ, რასაკვირველია, ბასრ კბილებს არ მივიღებთ მხედველობაში) ერკინებოდნენ ლომებს, დათვებს და ხარებს.
ენციკლოპედიის ფურცლებზე ძაღლმა პირველად ჩვ. წ. აღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ამოჰყო თავი. აქ აღწერილი გახლდათ ძაღლის ჯიშები, ასწავლიდნენ ლეკვისა და მისთვის შესაფერისი საკვების შერჩევას და ასე შემდეგ.
ძაღლს ეთაყვანებოდნენ აზიაშიც; ჩინეთსა და იაპონიაში მათ მითებში, ლეგენდებში, ზღაპრებსა და რელიგიურ წიგნებშიც კი შეხვდებით. ჩვენამდე მოაღწია 4000 წლის წინანდელმა ჩანაწერებმა ძაღლის მოთვინიერება-გაწრთვნის შესახებ.
უძველესი ჩინური ჯიში - პეკინესი ყოფილა, ხოლო იაპონური - ხინი. იმ დროს, როცა იაპონიასა და ჩინეთში ძაღლის მზეს ფიცულობდნენ, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მათ საკვებად იყენებდნენ.
გადიოდა საუკუნეები, მაგრამ ძაღლისადმი პატივისცემა არათუ შემცირდა, არამედ - იმატა კიდეც. გაიზარდა მოთხოვნები ამ ოთხფეხა არსების მიმართ: მათ წრთვნიდნენ გუშაგებად, მაშველებად, მდევრებად, მონადირეებად...
დღეს ბევრი ძაღლს საკუთარი უსაფრთხოების მიზნით იძენს. ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა კი 1824 წელს საკუთარ სამფლობელოში ცხოველთა დაცვის საზოგადოება ჩამოაყალიბა და ცუგებს იქით დაუწყო დაცვა. დღეს უკვე სახლში ძაღლი სიამოვნების გამო ჰყავთ.
ვის უფრო სჭირდება მოვლა-პატრონობა, კაცმა არ იცის, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ძაღლისაგან მაინც ერთ რამეს ელის: ადამიანებს, პირველ რიგში, ერთგული მეგობარი სჭირდებათ...
დღეს უკვე სხვა ვითარებაა. გადახედეთ მსოფლიო სტატისტიკას. უკვე უდიდესი პრობლემაა უპატრონო ძაღლების:
ჩინეთი (27,4 მილიონი)...
რუსეთი (15.0 მილიონი) ...
იაპონია (12.0 მილიონი) ...
ფილიპინები (11,6 მილიონი) ...
ინდოეთი (10,2 მილიონი) ...
არგენტინა (9,2 მილიონი) ...
საფრანგეთი (7,4 მილიონი) ...
რუმინეთი (4.1 მილიონი) - უზარმაზარი დაპირისპირებაა უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით რუმინეთში, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, იმდენივეა - 4.1 მილიონი...
ჰოლანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც უპატრონო ძაღლები არ არსებობენ. მიტოვებული ცხოველების ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მრავლადაა.
ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ - აქ მაწანწალას გულისხმობენ, როდესაც ძაღლი ოჯახში არ იზრდება და ოფიციალური პატრონი არ ჰყავს! ჩვენი ტელევიზიები არასწორად აშუქებენ და ადარებენ ხოლმე ჩვენს მდგომარეობას. არადა, ამ ათასობით ძაღლიდან არც ერთი არ დარბის ქუჩაში, როგორც ჩვენთან!