„ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 5 ათასამდე რაკეტა გაუშვა - ახალი დიდი ომი იწყება?
2023 წლის 7 ოქტომბრის დილა ისრაელის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებელთათვის ტრაგიკულად დაიწყო - ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებისა და სოფლებისკენ გაშვებულმა რამდენიმე ათასმა რაკეტამ ცა თეთრი ინვერსიული ხაზებით დაფარა...
თვით მაღალეფექტიან ისრაელის ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათიც“ კი უმწეო აღმოჩნდა მოეგერიებინა ისეთი მასიური სარაკეტო შეტევა, რომლის მაგვარი რუსეთ - უკრაინის, ბოლო პერიოდის ყველაზე ფართომასშტაბიან ომშიც კი არავის უნახავს...

ისრაელის ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს შორის პალესტინელების მიერ გაშვებული ათეულობით რაკეტის აფეთქების პარალელურად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ შეიარაღებული მობილური ჯგუფები ღაზას სექტორის მომიჯნავე ისრაელის დასახლებულ პუნქტებში შეიჭრნენ, ხოლო ისრაელის არმიის „ცახალის“ ერთ-ერთი სამხედრო ბაზა დროებით დაიპყრეს კიდეც, საიდანაც გატაცებული დაჭრილი ისრაელის სამხედროები ღაზაში გადაიყვანეს,ქუჩაში დაყარეს და მათზე აღტკინებული ბრბო „მიუშვეს“...
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურმა მუჰამად დაფმა შემდეგი მოწოდება გაავრცელა - „მოვიდა დრო ყველა არაბული და ისლამური ძალების გაერთიანებისა, რათა ჩვენი მიწებიდან გავყაროთ ისრელელი ოკუპანტები.დაიწყეთ შეტევა პალესტინაზე, რომ გავანთავისისუფლოთ ალ-აქსას მეჩეთი,დაელოდეთ დიდ რევოლუციას, რომელიც ბოლოს დაუდებს ოკუპაციას. ვისაც გაქვთ შაშხანა, ლიბანში, ერაყში, სირიაში, იემენში, მიუხედავად საზღვრებისა, აიღეთ ხელში იარაღი, რადგან დრო მოვიდა...“

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მან დღეს დილით 5 ათასამდე რაკეტა გაუშვა ისრაელის ქალაქების მიმართულებით და ეს ციფრი ცოტათი გაბერილიც,რომ იყოს,მაინც ფაქტია, რომ ისრაელის მრავარიცხოვან მზვერავებს ღაზას სექტორში მაინც გამოეპარათ პალესტინელების ამ, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევის დაწყება...

ისრაელმა რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი „ჰამასი“ ამ მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევების შემდეგ ისევ ღაზას სექტორში დაბრუნდება, ისრაელის არმია უმოქმედოდ მაინც არ დარჩება და სერიოზულ შურისმაძიებელ მოქმედებებს განახორციელებს ღაზას სექტორის ტერიტორიაზე, როგორც სარაკეტო, ისე საარტილერიო მასიური დარტყმების სახით, ხოლო თუკი ისრაელის ხელისუფლებამ სახმელეთო სადამსჯელო ოპეარციის დაწყებაც გადაწყვიტა და ჯავშანტექნიკა შეიყვანა ღაზას სექტორში, ეს უკვე დიდი და სისხლისმღვრელი ახალი ისრაელ-პალესტინის ომის დაწყების მომასწავლებელი გახდება...