"კარაბინერები დაკავებას მიპირებდნენ" - როგორ მოატყუეს ნაპოლში ლევან სუხიტაშვილი - კვირის პალიტრა

"კარაბინერები დაკავებას მიპირებდნენ" - როგორ მოატყუეს ნაპოლში ლევან სუხიტაშვილი

მსახიობი ლევან სუხიტაშვილი ამჟამად კაპროვანში ცხოვრობს, სადაც პატარა საოჯახო სასტუმრო აქვს. ლევანს ინტერვიუსთვის შევეხმიანეთ და მისგან საინტერესო ამბები შევიტყვეთ...

- ძირითადად, ზაფხულს კაპროვანში ვატარებ. წინათ დასვენება თითქმის სულ სამუშაო რეჟიმთან შეთავსებული მქონდა, რაც ფაქტობრივად, დასვენება არც ყოფილა: მთელი ღამე ვმუშაობდი, "ივენთები" მიმყავდა... სიმართლე გითხრა, ცხოვრების ასეთი სტილი უფრო მიყვარდა, სხვანაირად ვერასოდეს ვისვენებდი...

- ახლა კაპროვანში თავს კომფორტულად გრძნობ?

- შარშანდელი ზამთარი პირველი იყო, რომელიც თითქმის სულ კაპროვანში გავატარე. თვეში 3-4-ჯერ თბილისში წასვლა მაინც მიწევდა. საერთოდ, გარკვეული პერიოდის მერე, თუ არ გავერთე, ცუდი ტიპი ვხდები. აღმოჩნდა, რომ თბილისთან შედარებით, ბათუმში ზამთარში არანაკლებ კარგად გართობა შეიძლება. ამიტომ პრობლემა არ მაქვს, რომ სოფელში ვარ. აქ ყუმივით არ ვცხოვრობ, პირიქით - კაპროვანში უფრო მეტი თავისუფლება მაქვს: როცა მინდა, რასაც მინდა ვაკეთებ და გასართობადაც მივდივარ...

- წლევანდელმა ზაფხულმა როგორ ჩაიარა?

- პერიოდულად, ყველაფრისგან მოწყვეტა მიყვარს. რადგან მთელ წელს კაპროვანში ვატარებ, გადავწყვიტე - ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ან სეზონის მერე, სადმე წავიდე. წელს, სეზონის დაწყებამდე, მე და ჩემი მეუღლე - მაკა იტალიაში ვიყავით... ჩემს ძმას იქ გასტროლი ჰქონდა და 2 კონცერტს დავესწარი. პარალელურად, ძმას რაღაცებში დავეხმარე, სანამ კონცერტები "აეწყობოდა"... ჯერ რომში გავემგზავრეთ - პირველი კონცერტი იქ გაიმართა. ასევე, ფლორენციაში, მეგობრებთან ვიყავი - მათი ნახვა ძალიან გამიხარდა... ჩემი ერთადერთი გამოკვეთილი, პრიორიტეტული მიზანი კვარას (ხვიჩა კვარაცხელიას) თამაშზე მოხვედრა იყო. მართალია, თაღლითებმა მომატყუეს და "ფეიკი" ბილეთი მომყიდეს, რის გამოც თამაშს ვერ დავესწარით, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი მოგზაურობა იყო... ყველა რომ ამბობდა, ნაპოლი დანარჩენი იტალიისგან აბსოლუტურად განსხვავებულიაო, ზუსტად ასეა: აბსოლუტურად სხვა "სასტავია". წარმოიდგინე, იტალიაში ერთი ქალაქი რომ იყოს, სადაც აბსოლუტურად სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდეს, მაგრამ "იტალიელები" ერქვათ - უფრო ტემპერამენტიანები, მეტად თაღლითები, ჩვენს გენომთან უფრო ახლოს მყოფები, გაქნილები... იქ ვინ რას მოგვაპარვინებს ან მოგატყუებინებს? ჩვენ რომ ვფიქრობთ, მათ უკვე გაკეთებული აქვთ.

- კვარას თამაშის ყალბი ბილეთები იტალიელებმა მოგყიდეს?

- არა, რა თქმა უნდა, ქართველმა ქალბატონმა. ეგ კი არა, ლამის თაღლითობისთვის ჩვენ გვიჭერდნენ.

- შეგიძლია, ამ ამბის შესახებ უფრო მეტი გვიამბო?

- საერთოდ, სანამ საქართველოდან გაემგზავრები, ბილეთების საკითხს ხომ აქედანვე აგვარებ, რადგან გინდა, ყველაფერი გარკვეული გქონდეს. საქართველოში ყველამ, მათ შორის - მეგობრებმაც ვიღაც ქალი მირჩიეს, ვინც ბილეთებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში დამეხმარებოდა. მგონი, კატერინა ერქვა. ხომ იცი, გაქნილი აფერისტები როგორები არიან? - უი, ჩემი სუხიტაშვილები, ვგიჟდები თქვენზეო!.. - გვეუბნებოდა... მოკლედ, სტადიონზე თამაშამდე 3-4 საათით ადრე დაგვიბარა. ვუთხარი, - ასე ადრე ვერ მოვალ-მეთქი, თან ბილეთის ელექტრონული ვერსია არ მაღირსა. მეც აღარ ჩავაცივდი, რადგან "მეშინაურებოდა". - ბილეთებს ადგილზე მოგცემთ. მე თუ არა, ჩემი შვილი ან მეგობარი დაგხვდებათო, - დაგვამშვიდა. თავად დავურეკე: შეიძლება, გვიან მოსვლა მომიწიოს. ბილეთები გამომიგზავნეთ-მეთქი. - არა, არა, იყოს, თუ დააგვიანებ, ჯანდაბას, დაგელოდებითო!.. ჯერ რაღაც კონკრეტულ ნომერ "გეითთან" გამიშვა, მერე - არა, მანდ - არა, აქეთ გადმოდითო. ეტყობა, მის მიერ თავდაპირველად მითითებულ შესასვლელში პოლიციელები გადავიდნენ და აღარ აწყობდა... ბოლოს, ბილეთები თამაშზე შესვლის წინ გამომიგზავნა. ზედ ჩემი და მაკას ფოტოები დავინახე, მაგრამ არც დავკვირვებივარ... უკვე თამაში იწყებოდა, როცა დავურეკე, - სადაც დამიბარეთ, აქ არავინ დგას-მეთქი. მიპასუხა, - კარგი, პირდაპირ "შეაჭერი", ოღონდ - ვითომ შენ და მაკა ერთმანეთს არ იცნობთო! - რას ჰქვია, მე და მაკა ერთმანეთს არ ვიცნობთ? რა შუაშია-მეთქი?! - ვერაფერს მივხვდი... შევედი, ტელეფონით ბილეთი ვაჩვენე შესაბამის პირს, როგორც ხდება და უცებ - მაკას ტელეფონი წაართვეს! მეც მართმევდნენ. - რას აკეთებთ-მეთქი?! ვცდილობდი სიტუაციაში გავრკვეულიყავი და ვესაუბრებოდი, ინგლისურად, იტალიურად, ქართულად, რაც ვიცოდი... "მტენიდნენ" - თაღლითი ხარო! ბილეთებს დავხედე და მაკას ეწერა "ფედერიკა ბელუჩი" (თუ სწორად მახსოვს,) ჩემსას კი - ჯენარო ექსპოზიტო თუ რაღაც (იცინის)... კარაბინერები დაკავებას მიპირებდნენ. თან, ჩემი მეგობრები იქ არ იყვნენ - სხვა მხრიდან შედიოდნენ. დავრეკე, - მოდით, მიჭერენ-მეთქი! მეგობრის იტალიელი მეგობარი - სერჯიო რომ არ ყოფილიყო, მართლა დამიჭერდნენ - უკვე განყოფილებაში წაყვანას მიპირებდნენ. - ჩემგან რა გინდათ? აი, ტელეფონის ნომერი, საიდანაც ბილეთები გამომიგზავნეს. მიდით და დაიჭირეთ-მეთქი...

იტალიაში მოგზაურობის მერე, ზაფხულის სეზონიც დაიწყო... რაც კაპროვანში ვარ, სექტემბერი ძალიან მომწონს, რადგან სიწყნარეა, ნაკლები ხალხია. თან, სექტემბერში აქ სასწაული ზღვაა - დგას, არ ინძრევა. ცას და ზღვას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ... წელს - არა, მაგრამ გადავწყვიტე, დასასვენებლად ოქტომბერში წავიდე საზღვარგარეთ ან თუნდაც, საქართველოში...

- შავი ზღვის დაბინძურების შესახებ გავრცელებულმა ჭორმა ტურისტების რაოდენობაზე იმოქმედა?

- ძირითადად, ამ დეზინფორმაციამ ქართველებზე იმოქმედა, ვინც მედიასაშუალებებმა მოატყუეს. ჩემთვის პრობლემა არ იყო - ადგილი გათავისუფლდებოდა თუ არა, მაშინვე იჯავშნებოდა. უბრალოდ, მაინტერესებდა: რატომ, რის საფუძველზე აუქმებდნენ ჯავშანს? სად ნახეთ, რომ ზღვას გვამები მოაქვს-მეთქი? - ვეკითხებოდი. - არა, მაგრამ ხომ ამბობენო? დეზინფორმაციამ ბევრზე მოახდინა ზეგავლენა. ეს ტყუილი გათვლილი იყო, რომ ხალხს, ტურიზმს დედა უტირონ! ვინც ყოველ წელს ასეთ რამეს აკეთებს, ის ჩვენი ქვეყნის ბოროტი ნაწილია. სამწუხაროდ, ტყუილებს ხალხიც იჯერებს. იმედია, ცოტათი ჭკუა ისწავლეს, რომ ინფორმაცია სანდო და ადეკვატურ წყაროებთან გადაამოწმონ. ხალხს არ განვიკითხავ და არ შეურაცხვყოფ. უბრალოდ, დროა, ადამიანებმა სანდო წყაროს მოძიება ისწავლონ. თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი მავნებლობით ჩვენივე ქვეყნის მოსახლეობას "ვურტყამთ". პირადად მე, სულ 4 საოჯახო აპარტამენტი მაქვს. ტურისტების პრობლემა არც ზაფხულში მაქვს, არც - ზამთარში, მაგრამ მან რა ქნას, ვინც მთელი წელი ზაფხულის დადგომას ელოდება? მაგალითად, ქობულეთში ამ ზაფხულს ბევრს ისეთი აქტიური მუშაობა არ ჰქონდა, როგორსაც ელოდა. ამის მიზეზი ეს დეზინფორმაცია იყო...

- ლევან, ახლახან მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დაგაზარალა?

- ფინანსურად რომ დავზარალებულიყავი კიდეც, ხმა როგორ უნდა ამოვიღო, როცა ხალხი დაიხოცა? ყველაზე მძიმე ეს იყო... უბრალოდ, ჩემთვის შოკი გახლდათ, რომ წვიმა არ დასრულდა და წყლის დონე მატულობდა. ასეთი სიმაღლის დამდგარი წყალი (ტყეში, ზღვამდე არმისული) არ მინახავს. მამუკა ღლონტს წყალი 2 კოტეჯში შეუვიდა - დონე 30 სმ-ის სიმაღლეზე ავიდა... ეს იმის ნიშანი იყო, თუ რა დონის ნალექი მოვიდა, მაგრამ მოსული ნალექის დაგროვება, გაუსვლელობა იმის ბრალია, რომ აქ ახლა მშენებლობები მიმდინარეობს. 1 პატარა არხია, რომელიც მთელ კაპროვანს ემსახურება, მაგრამ ეს პატარა არხი დიდ საქმეს აკეთებს იმ მხრივ, რომ ბევრი წყალი გააქვს, თუმცა მშენებლებს უნდა მიუთითონ, არხში წვრილი მილების ჩაყრა არ შეიძლება, თორემ მერე, წვიმის დროს, ძლიერი გამტარიანობის უნარი აღარ აქვს. ეს მილები ამოსაყრელია, გასაწმენდია და მსხვილი მილებია ჩასაყრელი... ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჩემს ვიდეოშიც ვისაუბრე. პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. ეს გამგეობამ და მერიამ უნდა გააკეთოს. სხვათა შორის, დამიკავშირდნენ და შემპირდნენ - მივხედავთო...

- საბოლოო ჯამში, როგორი ზაფხული იყო?

- ჩემთვის დიდი განტვირთვაა, რომ თბილისის საშინელ ხმაურსა და ეკოლოგიური თვალსაზრისით, უსიამოვნო გარემოს გამორიდებული ვარ. ამიტომ აქ გატარებული ყოველი დღე ჩემთვის დასვენებასთან ასოცირდება. საერთოდ, მთავარია, რამე ვაკეთო. შანსი არაა, დღის განმავლობაში წამოვწვე ან დავჯდე და ასე დავისვენო.

- გარუჯვა არ გიყვარს?

- კი, როგორ არა, ოღონდ - ზღვის სანაპიროზე სკამი მიმაქვს, გასარუჯად კი არ ვწვები, ვჯდები (იცინის).

- გახსოვს, პირველად უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე როდის და სად დაისვენე?

- დაახლოებით 19 წლის ვიყავი, მე და ჩემი ძმაკაცი ქობულეთში რომ წავედით. მე 80 ლარი მქონდა, მას - 100. პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ძალიან ცუდ სახლში, 3 დღით "კოიკები" ვიქირავეთ, რათა თავშესაფარი გვქონოდა და ბათუმში, ჩემს ძმაკაცთან წავედით. ძმაკაცმა გვითხრა, - აბა, აქედან როგორ გაგიშვებთო?! მოკლედ, "კოიკებში" ფული ტყუილად გადავყარეთ (იცინის)... 2 კვირა 60 ლარით ვიყავით. "დვარნიაშკულად", მაგრამ ძალიან მაგრად ვერთობოდით...

- შვილებთან ერთად დასვენება თქვენთვის კომფორტულია თუ პირიქით - მათი მეთვალყურეობის გამო, დასვენებას ვეღარ ახერხებთ?

- როცა კაპროვანში არ არიან, მენატრებიან. როცა ჩამოდიან, ვისვენებ: რაც უნდათ, იმას ვაკეთებთ, სადაც უნდათ, მივდივართ, მოვდივართ... წელს მთელი ზაფხული აქ იყვნენ. შემდეგ, სკოლაში სასწავლო წლის დაწყების გამო, თბილისში ჩავიყვანე. ხვალ მაკას ჩამოვიყვან და ოქტომბრამდე აქ იქნება. შემდეგ მასაც სამსახური დაეწყება (ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში მუშაობს).

- დაოჯახებამდე საკურორტო რომანები გექნებოდა...

- თითქმის ყოველთვის! აბა, ახალგაზრდა, უცოლო ბიჭმა რა უნდა გააკეთო?! მართლა სიყვარულისთვის მოწადინებული ტიპი ვიყავი, გიტარით დავდიოდი და ძმაკაცები ხან რომელ სახლთან მიმყავდა, ხან - რომელთან...

- სამსახიობო სფეროში რა სიახლეები გაქვს?

- სამუშაო სეზონი იწყება. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, რაც ჯერჯერობით, სამომავლო პერსპექტივად განიხილება...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"