"ანგელოზი..." - ვინ არის საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონა?
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. 14 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული გოგონა აითაჯ შახმაროვა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
როგორც გოგონას დედა ჰყვება, მათი შვილი ასლანოვმა მოიტაცა და მის მიმართ ძალადობას მკვლელობამდეც ჰქონდა ადგილი. ქალი ამბობს, რომ 14 წლის გოგონას სახლში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ალიმ ასლანოვი ამის საშუალებას მას არ აძლევდა.
"ჩემი შვილი მოიტაცეს, ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა მათ ოჯახში წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ, შენც მოგკლავოო. მან ჩემი შვილი მოკლა, რადგან წამოსვლა უნდოდა მათგან. ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად. ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა. მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი წაიყავან სახლში, გოგომ უთხრა, მე მხოლოდ 14 წლის ვარ არ მიყვარხარ და თავი დამანებეო, თორემ დავრეკავო, იმან ამოიღო იარაღი და მოკლა" - ამბობს მოკლული გოგონას დედა "ფორმულასთან" ინტერვიუში.
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს მოკლულის ფოტოს და წერს: "ანგელოზი, გარდაცვლილი 14 წლის გოგო".