ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსული ხომალდები უკრაინულ რაკეტებს დაემალებიან? - კვირის პალიტრა

ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსული ხომალდები უკრაინულ რაკეტებს დაემალებიან?

ის, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვაო ომი შავ ზღვაში ნელ-ნელა აღმოსავლეთით ინაცვლებს, უკვე არაერთხელ დავწერეთ მას შემდეგ, რაც უკრაინული საჰაერო დრონები ჩრდილო კავკასიის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზას დაესხნენ თავს, ხოლო უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-კატარღებმა უშუალოდ საქართველოს 200-მილიანი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიახლოვეს იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო ხომალდებზე.

ამჯერად კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: "ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება. რუსეთთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ეს საკითხი მუდმივადაა დღის წესრიგში... ახლაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის ზეიმის დროს, ჩვენთან შემოვიდა რუსული რაკეტული ხომალდი, რომელიც ახალი აგებულია, ძალიან სერიოზული შესაძლებლობებით... ავედით მის ბორტზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, უახლოეს ხანში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ყველაფერი მიმართულია ორივე მხარის - აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ".

აფხაზი სეპარატისტების ლიდერები დიდი ხანია იწვევდნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობას ოკუპირებული აფხაზეთის პორტში სამხედრო-საზღვაო ბაზის გასახსნელად.

ჯერ კიდევ 2009 წლის 26 იანვარს, ანუ აგვისტოს ომიდან მალევე, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარმა შტაბმა განაცხადა ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდების ბაზირების პუნქტის გახსნის შესახებ, სადაც დიდი და მცირე სადესანტო ხომალდები, სარაკეტო კატარღები და საზღვაო მტრალავები შეიძლება განთავსებულიყვნენ, თუმცა დღემდე ეს არ გაკეთებულა.

სამაგიეროდ, იმავე 2009 წლის ბოლოდან ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის "სობოლისა" და "მანგუსტის" ტიპის ოთხი სწრაფმავალი კატარღა.

აღსანიშნავია, რომ ოჩამჩირეში 1933-35 წლებში წმინდა სამოქალაქო-საზღვაო პორტი აშენდა, მაგრამ 1940 წელს სამოქალაქო ფლოტი ფოთში გადაიტანეს, ხოლო ოჩამჩირე მთლიანად დაუთმეს ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული ენ-კა-ვე-დეს (საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) სასაზღვრო-სადარაჯო კატარღების მე-6 ბრიგადას.

მეორე მსოფლიო ომის დროს ოჩამჩირის სასაზღვრო კატარღების ბრიგადა შავი ზღვის ფლოტის დაქვემდებარებაში გადავიდა და ისინი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ პატრულირებდნენ, ხოლო მდინარე ჯუყმურის ზღვასთან შესართავში, ევკალიპტების ქვეშ, წყალქვეშა ნავების ნავსაყუდელი იყო შეფარებული.

1980-იანი წლების მიწურულს კა-გე-ბეს სასაზღვრო ჯარების საზღვაო ნაწილების მეთაურობას დაგეგმილი ჰქონდა ოჩამჩირის პორტში განთავსებული სასაზღვრო კატარღების რაოდენობის გაზრდა, ხოლო შავი ზღვის ფლოტის ადმირალები კი ოჩამჩირეში საზღვაო რაიონის დაცვის სადარაჯო ხომალდების ბრიგადის ჩაყენებასაც კი ფიქრობდნენ. საბედნიეროდ, ამ გეგმებს არ ეწერა შესრულება საბჭოთა იმპერიის მალევე დაშლის გამო. სამაგიეროდ, აფხაზეთის ომის დროს ოჩამჩირეში დარჩენილი უკვე რუსი მესაზღვრეების კატარღების ეკიპაჟები საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ.

შევარდნაძის ხელისუფლებამ მხოლოდ 1996 წლის აგვისტოსთვის მოახერხა მიეღწია იმისთვის, რომ რუსეთს დაეწყო სასაზღვრო კატარღების გაყვანა ოჩამჩირიდან. ისინი რუსეთმა ოჩამჩირიდან კასპიის ზღვის ფლოტილიაში საბოლოოდ 1998 გადაიყვანა, თუმცა "გრიფის" ტიპის რამდენიმე კატარღა მაინც დაუტოვა აფხაზ სეპარატისტებს.

ოჩამჩირის პორტის მთავარი ნავმისად­გომის სიგრძე 175 მ-ია, რაც მხოლოდ ათიოდე მცირე სასაზღვრო კატარღის ბაზირებას თუ ეყოფა.

ამასთან, ოჩამჩირის ხელოვნური ყურე დროთა განმავლობაში დაისილა და 2009 წლის ოქტომბერში, სანამ იქ რუსი მესაზღვრეების კატარღები დადგებოდნენ, სპეციალური მიწახაპია მცურავი საშუალებით პორტის ფარვარტერი 3,8 მ-დან 9 მ-მდე ჩაღრმავდა, რაც უკვე 10 ათას ტონამდე წყალწყვის სავაჭრო გემების და ასევე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილი ნებისმიერი საბრძოლო ხომალდის მიღებას უზრუნველყოფს - 11 ათას ტონამდე სრული წყალწყვის მქონე ფლაგმანი, სარაკეტო ხომალდი "მოსკვა" უკრაინელებმა რუსებს უკვე ჩაუძირეს, ხოლო დარჩენილი რუსული ფრეგატებისა და დიდი სადესანტო ხომალდების სრული წყალწყვა 4-4,6 ათას ტონას არ აღემატება.

უკრაინულ ფრთოსან რაკეტებს სევასტოპოლიდან გამოქცეულმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა თავისი ხომალდები კი "გადამალა" ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებში, მაგრამ ისინიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან მხოლოდ 280-325 კმ-ით თუ არიან დაშორებული და უკრაინელებს დიდი გაჭირვებით მაგრამ მაინც შეუძლიათ იქამდე 300 კმ-მდე მფრენი თავისი ფრთოსანი რაკეტების მიღწევა, მაგრამ ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტამდე უკრაინის ფრონტიდან პირდაპირი ხაზით არანაკლებ 620 კმ-ია, რაც გამორიცხავს უკრაინული ფრთოსანი და თვით ბალისტიკური (თუკი ამერიკელებმა, ბოლოს და ბოლოს, მაინც გადასცეს კიევს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების აერობალისტიკური რაკეტები) რაკეტების მიღწევას, თუმცა... თუმცა ის, რომ უკრაინელების განკარგულებაშია საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონები, რომლებსაც ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადამალულ საბრძოლო ხომალდებამდე მიღწევა მაინც შეეძლებათ ანუ რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ტერიტორიაზე, თუნდაც დღეისათვის დროებით ოკუპირებულზე, მაინც შეიძლება გადმოვიდეს.