„ჰამასი“ ისრაელს თავს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან დაესხა... - კვირის პალიტრა

„ჰამასი“ ისრაელს თავს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან დაესხა...

2023 წლის 7 ოქტომბრის დილა ისრაელის სამხრეთ ნაწილის მოსახლეობისთვის ტრაგიკულად დაიწყო - ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქებისა და სოფლებისკენ გაშვებულმა რამდენიმე ათასმა რაკეტამ ცა თეთრი ინვერსიული ხაზებით დაფარა. თვით მაღალეფექტიანი ისრაელის ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათიც" კი უმწეო აღმოჩნდა მოეგერიებინა ისეთი მასირებული სარაკეტო შეტევა, რომლის მაგვარი რუსეთ-უკრაინის ბოლო პერიოდის ყველაზე ფართომასშტაბიან ომშიც კი არავის უნახავს...

ისრაელის ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს შორის პალესტინელების ათეულობით რაკეტის აფეთქების პარალელურად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" შეიარაღებული მობილური ჯგუფები ღაზის სექტორის მომიჯნავე ისრაელის დასახლებულ პუნქტებში შეიჭრნენ, ხოლო ისრაელის არმიის "ცახალის" ერთ-ერთი სამხედრო ბაზა დროებით დაიპყრეს კიდეც, საიდანაც გატაცებული დაჭრილი ისრაელის სამხედროები ღაზაში გადაიყვანეს, ქუჩაში დაყარეს და მათზე აღტკინებული ბრბო "მიუშვეს".

"ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაურმა მუჰამად დაფმა შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "მოვიდა დრო ყველა არაბული და ისლამური ძალების გაერთიანებისა, რათა ჩვენი მიწებიდან გავყაროთ ისრაელელი ოკუპანტები. დაიწყეთ შეტევა პალესტინაზე, რათა გავათავისუფლოთ ალ-აქსას მეჩეთი! დაელოდეთ დიდ რევოლუციას, რომელიც ბოლოს მოუღებს ოკუპაციას. ვისაც გაქვთ შაშხანა ლიბანში, ერაყში, სირიაში, იემენში, მიუხედავად საზღვრებისა, აიღეთ ხელში იარაღი, რადგან დრო მოვიდა".

"ჰამასმა" განაცხადა, რომ მან 7 ოქტომბრის დილას 5 ათასამდე რაკეტა გაუშვა ისრაელის ქალაქებისკენ და ეს ციფრი ცოტათი გაბერილიც რომ იყოს, მაინც ფაქტია, რომ ისრაელის მრავალრიცხოვან მზვერავებს ღაზაში მაინც გამოეპარათ პალესტინელების ამ, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევის დაწყება... მაგრამ ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურებისთვის ყველაზე მტკივნეული ის უნდა იყოს, რომ "ჰამასმა" სასაზღვრო ღობის ბულდოზერებით გარღვევის შემდეგ­, საზღვრისპირა შვიდი ებრაული დასახლებული პუნქტი დროებით დაიკავა (მათ შორის ქალაქები აშკელონი და სდეროტი­) და იქაურობის განადგურება დაიწყო, ხოლო ისრაელის მოქალაქეები მინდვრებში გარბოდნენ თავის გადასარჩენად. ისრაელმა რეზერვისტების მობილიზაცია­ გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ თუკი "ჰამასი" ამ მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევების შემდეგ ისევ ღაზის სექტორში დაბრუნდება, ისრაელის არმია უმოქმედოდ მაინც არ დარჩება და სასტიკ შურისმაძიებელ მოქმედებებს დაიწყებს ღაზის სექტორის ტერიტორიაზე როგორც სარაკეტო, ისე საარტილერიო მასირებული დარტყმებით, ხოლო თუკი ისრაელის ხელისუფლებამ სახმელეთო-სადამსჯელო ოპერაციის დაწყებაც გადაწყვიტა და ჯავშანტექნიკა შეიყვანა ღაზის სექტორში, ეს უკვე დიდი და სისხლისმღვრელი ახალი ისრაელ-პალესტინის ომის დაწყების მომასწავებელი იქნება...

samx3-1696753232.jpg

რა არის ღაზის სექტორი

ღაზის სექტორის სტატუსი საბოლო­ოდ განსაზღვრული არ არის. ის დე იურე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან ერთად­ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის არაბული სახელმწიფოს ნაწილია. ღაზის სექტორის სიგრძე 40 კმ-ია,­ სიგანე - 6-12 კმ, საერთო ფართობი კი - 360 კვკმ. 2005 წელს ისრაელმა მთლიანად დატოვა ღაზის სექტორი, გამოასახლა თავისი მოქალაქეები და გამოიყვანა საარმიო დანაყოფები, რის შემდეგაც ღაზის სექტორს ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გამყოფი კედელი შემოარტყა. ამან შედეგი მოიტანა - ფაქტობრივად, შეწყდა ტერორისტული თავდასხმები ამ სექტორში მცხოვრებ ებრაელებსა და ისრაელის საარმიო პატრულზე, თუმცა ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები კვლავ მეორდებოდა. ღაზის სექტორი სამხრეთით ესაზღვრება ეგვიპტეს, სადაც ასევე აგებულია სასაზღვრო გამყოფი კედელი, ხოლო ღაზის სანაპირო ზოლს ისრაელის სანაპირო დაცვა აკონტროლებს.

რა რაკეტებს ესვრის "ჰამასი" ისრაელის ქალაქებს

ღაზის სექტორში მოქმედი საერთაშო­რისო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული "ჰამასის" სარაკეტო არსენალი, ძირითადად, ორი გზით ივსება: ფარულად იმპორტირებული (როგორც წესი, ირანიდან გემებით შეტანილი) და ადგილზე დამზადებული რაკეტების ხარჯზე. თუკი წლების წინ ღაზის სექტორში კერძო საამქროები "ჰამასის" შეკვეთით კუსტარულად ამზადებდნენ "ქასამის" ტიპის უმართავ­ რაკეტებს (თავიდან მათი კორპუსისთვის იყენებდნენ საგზაო ნიშნების მილებსაც კი), ახლა იმპორტირებული მასალისგან ამზადებენ უფრო ხარისხიან რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი, გაბარიტების მიხედვით, რამდენიმე ათეული კმ-დან 100 კმ-მდე მერყეობს. "ჰამასის" შეიარაღებაში არის 160 კმ-ზე მფრენი უმართავი რაკეტებიც, რომლებითაც პალესტინელებს ღაზის სექტორიდან ხაიფის პორტის დაბომბვაც შეუძლიათ, რომ არაფერი ვთქვათ თელ-ავივზე, სადამდეც პირდაპირ­ი ხაზით მხოლოდ 60 კმ-ია. ამასთან, "ჰამასი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის შეიარაღებაში არის 250 კმ რადიუსის რაკეტებიც, რომლებიც ისრაელის ყველა წერტილს მისწვდება.

ისრაელის აგენტურული და საჰაერო დაზვერვა მუდმივად ნადირობს ღაზის სექტორში მოქმედი რაკეტების დამამზადებელი კუსტარული საამქროების გამოვლენაზე და როგორც კი სიტუაცია იძაბება (როგორც ამჟამად), წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს მათ. ამ საამქროებისგან განსხვავებით, "ჰამასის" რაკეტების გამშვები დანადგარები, ძირითადად, მობილური, სატვირთო ავტომობილების ძარებზე დამონტაჟებულია და სარაკეტო ზალპის შემდეგ ამ მანქანებს სახლებისა და კორპუსების ეზოებსა და ფარეხებში მალავენ, რითაც მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნიან, რადგან ისრაელის საჰაერო დაზვერვა მყისიერად პოულობს რაკეტების ზალპის ადგილს და საპასუხო ზუსტ დარტყმას ერთი-ორი წუთის შემდეგ აყენებს.