რას ნიშნავს ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის სევასტოპოლიდან გადმოტანა - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის სევასტოპოლიდან გადმოტანა

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაკეთდება“ და ამ შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ. საუბარია სევასტოპოლის რუსული სამხედრო ფლოტიდან ნაწილის ოჩამჩირეში გადმოტანაზე. "ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია", - ამბობს ბჟანია.ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება "დღეს არ დადებულა" და გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს. მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების მაგალითი.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით "შეშფოთებას" გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. ოპოზიციაში კი ხელისუფლებას ადანაშაულებენ და იმ საფრთხეებზე ლაპარაკობენ, რაც ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის შექმნას შეიძლება მოჰყვეს. რა საფრთხეს ქმნის ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის გადმოტანა და როგორ იცვლება სამხედრო და გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს და "ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:

"რუსეთს თბილისზე დარტყმა თუ უნდა, ოჩამჩირიდან კი არა, ცხინვალიდან წამოვა"

თორნიკე შარაშენიძე: - როდის დასრულდება ამ ბაზის მოწყობა, არ ვიცით,­ ორი წელი მაინც უნდა, სრულფასოვან ბაზად­ რომ იქცეს. საქართველოში გავრცე­ლდა გიჟური ვერსია, რომ სევასტოპოლის ბაზა სრულად უნდა გადმოიტანონ, მაგრამ სრულად გადმოტანა როგორ მოხერხდება, როცა ფიზიკურად ვერ დაეტევა? ამის საშუალება რომ ყოფილიყო, აქამდეც ნახევარს სევასტოპოლში დატოვებდა და ნახევარს აქ გადმოიტანდა. რაც შეეხება იმას, თუ ჩვენთვის რას ცვლის, ცოტა კომიკურია,­ როცა თბილისიდან 40 კილომეტრში მათი ტანკები დგას, ოჩამჩირეში გემების განლაგების ვინმეს მეტად შეეშინდეს.

რუსეთს თბილისზე დარტყმა თუ უნდა, ოჩამჩირიდან კი არა, ცხინვალიდან წამოვა. ამიტომაც ჩვენთვის ბევრი არაფერი არ იცვლება.

- გეოპოლიტიკურად და თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ შავ ზღვაში ეყოლება­ რუსეთს კიდევ ერთი სამხედრო ფლოტი, რამდენად არის მნიშვნელოვანი?

- რეალობას რომ შევხედოთ, ამით რა იცვლება? სევასტოპოლში თუ ჰყავს პირ­ობითად 15 საბრძოლო ხომალდი, ამის მერე სევასტოპოლში ეყოლება, ვთქვათ, 8 და ოჩამჩირეში - 7. გასაგებია, რომ ამით უფრო მანევრირებადი ხდება, მაგრამ განსაკუთრებული ამაში არაფერია. შავ ზღვაში ნატოს ძლიერი წევრი თურქეთია, ის რუსეთთან მშვენივრად თანამშრომლობს. ასე რომ, თურქეთს დიდად არ ადარდებს, რუსეთს გემები სევასტოპოლში ეყოლება თუ ოჩამჩირეში. ამაში მთელი ამბავი ის არის, რომ აფხაზებს რაღაცას უმტკიცებენ და მეორე, ერთ პორტს ორი სჯობს - ეს არის და ეს. მეორე საკითხია, თუ უკრაინაში დამარცხდება რუსეთი, გინდ ერთი პორტი ჰქონია, გინდ ორი, გასვლა მაინც მოუწევს. ყველაფერი იდეალურად თუ წავიდა, ეს პორტი დარჩება უკრაინას, მეორე კი ჩვენ. ამაშია საქმე, ყველაფერი უკრაინაში ომამდე დადის...

- ითქვა, რომ ანაკლიის პორტს შეუშლის ხელს, რადგან საფრთხე იზრდება და ინვესტორები მოერიდებიან იქ ფულის ჩადებას. ამას არ თვლით საფრთხედ?

- აფხაზეთში აქამდე არ იყო რუსეთი?­ ანაკლიის პორტით ჩინელი ინვესტორების გარდა, არავინაა დაინტერესებული. ჩინელებს ოჩამჩირეში რუსული­ პორტის არსებობა რომ ადარდებდეთ, მეეჭვება. სიმართლე გითხრათ, ამაზე აქ ატეხილი პანიკა იმას მაგონებს, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა "მისტრალები" რომ იყიდა და აქ პანიკა ატეხეს, ჩვენ დაგვარტყამსო. რად უნდა "მისტრალით" დარტყმა, როცა 40 კილომეტრში სამხედრო ბაზა უდგას, თან "მისტრალი" შავ ზღვაში ვერ შემოვიდოდა, რადგან მონტროს კონვენცია არეგულირებს ამ საკითხს.

"ეს ჩვენთვისაა პოლიტიკური პრობლემა, თორემ სამხედრო თვალსაზრისით არაფერი იცვლება"

ვახტანგ კაპანაძე: - ეს არის მძლავრი სამხედრო სისტემების საქართველოსთან­ ახლოს მოტანა. საბრძოლო ხომალდი რთული პლატფორმაა, რომელზეც არის როგორც სარაკეტო, ასევე საარტილერიო შეიარაღება, ასევე სადაზვერვო, რადიოლოკაციური შესაძლებლობები. ასე რომ, თუ ბაზა დიდი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები მრავალჯერ გაძლიერდება აფხაზეთში. შესაბამისად, სამომავლოდ აქედან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა ძალზე გართულდება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სამხედრო-პოლიტიკურად სამხედრო ბაზის ახლოს არსებობა ანაკლიის მომავალ პორტთან, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია ინვესტორების მოზიდვისთვის.

- თეორიულად ჩავთვალოთ, რომ ინვესტორებმა გარისკეს და ჩადეს ფული ანაკლიის პორტის აშენებაში, უკვე აშენებულ პორტს რა საფრთხე შეიძლება შეექმნას?

- გააჩნია, პორტში ვინ შემოვა. თუ პორტს გამოიყენებენ ნატოს წევრი ქვეყნების შემოსვლისთვის, ეს შემაკავებელი ფაქტორიც იქნება ოჩამჩირეში რუსული ბაზის­ მოქმედებისთვის. თუ მხოლოდ სამრეწველო ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით გამოიყენებენ პორტს, სამხედრო გემების ასეთი სიახლოვე პრობლემებს შექმნის, თუნდაც ტექნიკურად, რადგან სამხედრო ბაზას დასჭირდება სამხედრო წვრთნები, შესაძლოა სრულიად დაკეტონ აკვატორია და ა.შ. ასე რომ, ფსიქოლოგიური ზეწოლა იქნება. იმედია, სავაჭრო ხომალდებს არ დაარტყამენ, მაგრამ ხელის შეშლა გადაადგილებაში შეუძლიათ.

- ნიშნავს თუ არა ეს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გაძლიერებას?

- არა. ეს არ იქნება ახალი ბაზა - არსებული ბაზის ნაწილი გადმოაქვთ მეორე წერტილში. ეს ჩვენთვისაა პოლიტიკური პრობლემა, რადგან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერდება, თორემ სამხედრო თვალსაზრისით არაფერი იცვლება. ის 700 კილომეტრი, რაც არის ოჩამჩირიდან სევასტოპოლამდე, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ აქ ახალი ბაზა შეიქმნას, რომელიც გააძლიერებს რუსულ შავი ზღვის ფლოტს. ოჩამჩირის ბაზას, ალბათ, უფრო ტექნიკურად გამოიყენებენ, შესავსებად, დასასვენებლად და ა.შ., მაგრამ იმის თქმა, რომ ამით რუსული შავი ზღვის ფლოტი ძლიერდება, მართებული არ იქნება. თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, შავ ზღვაში გაცილებით ძლიერი სამხედრო ფლოტი ჰყავს. რუსეთს ის დანაკარგი, რაც განიცადა უკრაინასთან ომში, ჯერ არც შეუვსია. ასე რომ, ამ ბაზის არსებობა არაფერს ცვლის. უხეშად ვამბობ - 5 ხომალდი ერთგან გეყოლება, თუ 700-კილომეტრიანი დაშორებით გადაანაწილებ ორ ადგილზე, რაოდენობაში არაფერი იცვლება. ამას ოპერატიულ-ტექნიკურად შესაძლოა რაღაც შედეგი ჰქონდეს რუსეთისთვის, მაგრამ სხვა მხრივ არაფერი იცვლება. - საქართველოსთვის რა საფრთხეა, თუნდაც იმ მხრივ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამხედრო ბაზა ექნება? - რუსეთს ხომალდების შემოყვანა აფხაზეთის სანაპიროზე აქამდეც შეეძლო. ახლა ის იცვლება, რომ მისთვის ინფრასტრუქტურა იქნება უფრო მოსახერხებელი, რასაც სჭირდება მომსახურება, დაცვა და ეს გაზრდის რუსულ სამხედრო კონტინგენტს აფხაზეთის ტერიტორიაზე, იმის გარდა, რომ საბრძოლო და სადაზვერვო შესაძლებლობითაც მნიშვნელოვნად იზრდება.

- ისიც ითქვა, რომ გიუმრის ბაზის აქ გადმოსატანად ემზადებიან. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, რამდენად გაზრდის საფრთხეს და რაც მთავარია, კავკასიაში რუსულ სამხედრო კონფიგურაციას როგორ შეცვლის?

- ამის შესახებ არაფერი ვიცი და ვერ გეტყვით, გიუმრის ბაზის საზღვაო ბაზაზე გადატანა რამდენად რელევანტური იქნება.­ გიუმრის ბაზის გადატანა თუ დასჭირდათ, შესაძლოა აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზა გააკეთონ, მაგრამ საკითხავია, აფხაზები ამას როგორ შეხვდებიან. ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, რუსული გავლენა შემცირდება, რადგან ეს იქნება რუსული სამხედრო ბაზების ყოფნა არა მეგობარ სახელმწიფოში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ პრობლემებს გაგვიძლიერებს, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთი ამით თავის კავკასიაში ყოფნას გააძლიერებს, უსაფუძვლოა, მით უმეტეს, თავისთავად გიუმრის ბაზის გადატანა რუსეთს მნიშვნელოვნად დაასუსტებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურად.

რუსა მაჩაიძე