„რევოლუციას კარვები კი არა, ხელისუფლების სისულელეები იწვევს“
ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე იყო, სადაც კობახიძე ოპონენტების შეურაცხყოფით ცდილობდა პრეზიდენტის დამნაშავედ წარმოჩენას. ამასობაში "ქართულმა ოცნებამ" აქციებზე კარვებისა და სხვა ატრიბუტიკის გამოყენება აკრძალა და საზოგადოებას ახარა, რადგან ავკრძალეთ, რევოლუციას გადაგარჩინეთო. არის თუ არა კარვების აკრძალვა რევოლუციის პრევენცია და საერთოდ, არის თუ არა ქვეყანაში რევოლუციის და პოლიტიკურად უმართავი პროცესების საფრთხე, რა გავლენა ექნება ამ პოლიტიკურ პროცესებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ მალე გახდება ცნობილი, ამ საკითხებზე ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ:
- რაც არ უნდა კარგი იურისტები იყვნენ, ვინც პარლამენტს წარმოადგენდნენ, კობახიძე იქნება თუ სხვები, კარგად იცოდნენ სხვა ქვეყნების პრაქტიკა, ისინი ვერ ხვდებიან მთავარს, რა საჭიროა კონსტიტუცია და რისთვის შეიქმნა. თავის დროზე, როცა დამფუძნებელმა მამებმა მიიღეს კონსტიტუცია, მიზანი იყო, დაეცვა საზოგადოება იმათგან, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა ხელში და არ ეკეთებინათ ის, რაც სურდათ. საქართველოში კი ამ ხალხს კონსტიტუცია და კანონები პირიქით აქვთ წარმოდგენილი და ჰგონიათ, კონსტიტუცია და კანონები იმისთვის არის, დაიცვას მათი ძალაუფლება საზოგადოებისგან და უპირველესად მათგან, ვისაც მათი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ბატონი კობახიძე ცდილობდა საოცრების დამტკიცებას, რომ ხელისუფლება არის ერთადერთი, ვისაც აქვს უფლება ისაუბროს საგარეო პოლიტიკაზე. ხომ არავინ დაობს იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკის წარმართვა მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და, თუკი პრეზიდენტი მართავს მოლაპარაკებას, დებს ხელშეკრულებას და ა.შ., მას სჭირდება მთავრობის ნებართვა. მაგრამ კობახიძე და საპარლამენტო გუნდი ირწმუნებოდნენ, რომ მთავრობის უნებართვოდ მას არა აქვს უფლება ვინმეს ესაუბროს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. მე და თქვენ რომ ჩავიდეთ ევროპაში და ვთხოვოთ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს, ესეც მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში ჩარევაა? ესენი სწორედ ასე განმარტავდნენ, თურმე მხოლოდ მათ ჰქონიათ ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება. მმართველი გუნდი ცდილობს ყველას ბოქლომი დაადოს პირზე და შეიძლება ძალიან სახიფათო პრეცედენტი შექმნას საკონსტიტუციო სასამართლომ, თუკი ის განმარტავს კონსტიტუციას, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირის ნებისმიერი საუბარი საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის კერძო ვიზიტების დროს, კონსტიტუციის დარღვევაა. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და, თუკი მე, რიგით მოქალაქეს, შემიძლია გავავრცელო ინფორმაცია, მაგალითად, როგორ მიმდინარეობს ამ ყბადაღებული 12 პუნქტის შესრულება, პრეზიდენტს ეს უფლება ჩამორთმეული აქვს? პრეზიდენტის უფლებები დისკრიმინირებულია? პრეზიდენტის არა აქვს სახელმწიფოს სახელით ლაპარაკის უფლება, თუ ამის უფლება მთავრობამ არ მისცა, მაგრამ კერძო ვიზიტის დროს პრეზიდენტი რას ილაპარაკებს, რა კობახიძის საქმეა? ამ პროცესში მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ლაგამი ამოსდოს ყველას და საზღვარგარეთ საგარეო პოლიტიკაზე საუბარი მხოლოდ მთავრობის ექსკლუზივად დააწესოს. ეს წარმოუდგენელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და ძალიან დიდი ნაბიჯია ტოტალიტარიზმისკენ. გვეუბნებიან, მხოლოდ მე მაქვს საუბრის უფლებაო.
როცა "ოცნება" ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა ვიზიტებზე, არავის არ დაუსვამს კითხვა, რატომ არ მისცა მთავრობამ ზურაბიშვილს ამ ვიზიტების უფლება. სადმე ვნახეთ მთავრობის დასაბუთებული უარი ზურაბიშვილის ვიზიტებზე? თუ მთავრობასა და "ოცნებას" ასე წარმოუდგენიათ ქვეყნის მართვა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები მხოლოდ მათ აძლევს უფლებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუკრძალონ პრეზიდენტს ვიზიტები? "ოცნებას" ამ საკითხზე საერთოდ არ უსაუბრია. რა, მთავრობა მომხრე იყო სტატუსის მონიჭების და ზურაბიშვილი იქ იმისთვის მიდიოდა, რომ ეს ჩაეშალა, ანუ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას? მთავრობამ ვალდებულადაც არ ჩათვალა თავი აეხსნა პრეზიდენტისთვის თავისი გადაწყვეტილება, ეთქვა მისთვის არგუმენტები, თუ რატომ უკრძალავს ვიზიტს, დაესაბუთებინა თავისი გადაწყვეტილება თუნდაც საზოგადოებისთვის. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი საღად მოაზროვნე, ცივილიზებულობის პრეტენზიის მქონე იურისტი, რომელიც ამ კონსტიტუციური ჩანაწერებით "მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას", "საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში" და "პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში" დაასაბუთებს მთავრობის ქცევის სისწორეს. რა გამოდის, მთავრობას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია პრეზიდენტს აუკრძალოს უცხოელ კოლეგებთან საუბარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე? ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ "ოცნების" ლიდერებს საკითხი ასე ესმით - მთავრობას კონსტიტუცია აძლევს უფლებას, თუკი არ მოსწონს პრეზიდენტი, აუკრძალოს ვიზიტები. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ასეთი არაცივილიზებული, ველური გაგება პირველად გავიგე.
- ახლა როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები, რას ელოდებით?
- წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტს აუკრძალავს საუბარს, როგორც ითხოვს "ოცნება". რამდენიმე მოსამართლე რომ მხარს არ დაუჭერს ამას, ვიცი, მაგრამ იქ არის რამდენიმე მოსამართლე, რომლებსაც მთელი სამი დღის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. ერთი კითხვა მაინც არ დაებადათ?
- ორივე სცენარი განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები: თუკი საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რა მოხდება? მით უმეტეს, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ "ოცნებას" 103 ხმა უკვე აქვს და იმპიჩმენტს შეძლებს.
- არ გამოვრიცხავ, რომ ხმები ჰქონდეთ. ამ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერით ისეთი რაღაცებია გასული, ეს გაგიკვირდებათ? გადააყენებენ პრეზიდენტს და გახდება მერე კობახიძე ან ვინმე პრეზიდენტი. ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, დაინახავს ამათ სახეს. მაგრამ ამ პროცესში სხვა რამ არის ძალიან საინტერესო: თუ მიაქციეთ ყურადღება, კობახიძემ თქვა, ერთმა სახელმწიფომ შემოგვთავაზა საერთო სამხედრო ნაწილების გაკეთება და ჩვენ რომ ამაზე დისკუსია დაგვეწყო, მაშინვე იტყოდნენ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი - ანუ რაღაც შეთავაზება ჰქონდათ და არა მგონია, ეს გაკეთებულიყო ან სურინამიდან, ან ინდონეზიიდან. წესით, ლაპარაკია ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე, ეს კი ნიშნავს, რომ ხმები რაღაც შეთავაზებაზე, რომელსაც უნდა გაეძლიერებინა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება და მთავრობა უარყოფდა, გამოდის, მართლაც იყო და მთავრობამ მოგვატყუა. აქ საინტერესოა კობახიძის მიდგომა, მე პასუხი არ გავეცი, საერთოდ გავატარეო - ანუ მას ასე ესმის სახელმწიფო ინტერესები. ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რა ექნა. სახელმწიფომ მიიღო ეს შეთავაზება და ნაცვლად იმისა, ინსტიტუციურად მიეღოთ გადაწყვეტილება, კობახიძემ გადაწყვიტა. მისაღები იყო თუ არა ეს საკითხი, ვერ შევაფასებთ, რადგან დეტალები არ ვიცით. მთავარი ის არის, თუ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი როგორი იყო. ასეთი ნარცისიზმი კატასტროფა და ავტორიტარიზმის ზედონეა. კიდევ ერთი საოცარი რამ თქვა კობახიძემ, არ ვიცი, ამით ღარიბაშვილს დაარტყა თუ არა, მაგრამ თქვა, სტატუსი რომ არ მოგვანიჭონ, სალომე ზურაბიშვილი გადადგებაო? არ გადადგება, რადგან სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებელი არ არისო, მაგრამ მთავრობა ხომ არის პასუხისმგებელი? რომ არ მივიღოთ, ღარიბაშვილს შეახოცავს ხელებს და ეტყვის, გადადექიო? ამას თავი დავანებოთ, კობახიძის ნარცისიზმი იმის დემონსტრირება იყო, რომ ცალკეულმა პირებმა ჩაანაცვლეს სახელმწიფო ინსტიტუტები და როდესაც დაისმება კითხვა, არის თუ არა ქვეყანაში ავტორიტარიზმი, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ეს მათი ქმედებებიდან და სიტყვებიდან გამომდინარეობს. ეს ძალიან აშკარად გამოჩნდა ამ პროცესზე. პრეზიდენტის გადაყენება სურთ ერთი რამის გამო - ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, რომელიც რაღაცაში ეცილება მათ, მაგალითად, კომპეტენციაში, საერთაშორისო ავტორიტეტში, ყველა უნდა ჩამოიშორონ და იმოქმედონ ერთი პრინციპით "ყველაფერს მე ვწყვეტ, მე ვაკეთებ". ეს გვიჩვენა ამ სასამართლო პროცესმა, რაც ძალიან საგანგაშოა.
- კობახიძემ ეს ყველაფერი თავისთვის გააკეთა, თუნდაც გარანტირებული ხუთწლიანი მომავლისთვის თუ შესაძლოა, როგორც ხუხაშვილმა ივარაუდა, ამ ადგილს ბიძინა ივანიშვილისთვის ამზადებენ?
- მარჩიელობას ვერ დავიწყებ, რადგან ინფორმაცია არა მაქვს, ჩემთვის ეს პრინციპულიც არ არის. რა ერქმევა იმ კაცს, ვინც ამ თანამდებობაზე იქნება, მნიშვნელობა არა აქვს. ოცდაათი წელია, ეს ქვეყანა გადასულია ზვიადი-ედუარდი, ედუარდი-მიშა, მერე მიშა-ბიძინას ძახილზე. ახლა მიშა-ბიძინას წრეზე ვტრიალებთ. სინამდვილეში პრობლემაა ის, რომ ქვეყანას მართავენ არა ინსტიტუტები, არამედ სხვადასხვა პირი, მათი პირადი ნება და შეხედულებაა უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი დოკუმენტი, სტრატეგია. რასაც კობახიძე ამბობს, სწორედ ამის დასტურია.
- საკონსტიტუციომ რომ თქვას, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევიაო, ასეთ შემთხვევაში რა მოხდება?
- "ქართული ოცნება" გამოაცხადებს, აი, ნახეთ, როგორი დემოკრატია გვაქვსო. შესაძლოა ისიც გვითხრან, სპეციალურად გავაკეთეთ, რომ გვეჩვენებინა, როგორი დემოკრატიაა ქვეყანაშიო...
ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. ეს იმაზეც ეტყობათ, რა ფართხაფურთხით მიიღეს აქციებზე აკრძალვების კანონი. ვინმეს თუ მართლა ჰგონია, რომ რევოლუცია კარვების გარეშე ვერ მოხდება, პირდაპირ ფსიქიატრიულშია წასაყვანი. კარვები ჰგონიათ რევოლუციის აუცილებელი ატრიბუტი და დადგმას თუ აკრძალავენ, ამით ქვეყანას გადაარჩენენ, თან ამას ისეთი ზეშთაგონებული სახეებით ლაპარაკობენ, ძალიან სასაცილოა. კარვებზე ასეთივე გართულება ჰქონდა სააკაშვილს, 7 ნოემბერს სწორედ ამიტომ დაგვარბია და მაინც წააგო. შემდეგ მთელი რუსთაველი კარვებით იყო გადავსებული და რა რევოლუცია მოხდა? რევოლუციებს სინამდვილეში სხვა რაღაცები იწვევს და მთავარი ხელისუფლების სისულელეა. იქ, სადაც ხელისუფლება სულელი არ არის, რევოლუციები არ ხდება.
- ხელისუფლების სისულელეები არის იმ ზღვრამდე მისული, რომ რევოლუცია მოხდეს?
- არა, რა თქმა უნდა. გარდა იმისა, რომ საქართველო უკვე აცრილია რევოლუციებზე, რევოლუციას ავტორიტეტიანი ლიდერი სჭირდება. ვერ ვხედავ ოპოზიციაში ისეთ პირს, ვინც შეძლებს ამ ტვირთის აღებას. არც ერთ ლიდერს არა აქვს ხალხის ისეთი ნდობა, რომ მის მოწოდებაზე ქუჩაში გავიდნენ. შესაძლოა ხალხი ძალიან გაბრაზებულია მთავრობაზე, მაგრამ არანაკლებ გაბრაზებულია ოპოზიციაზეც. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის 1/3 უჭერს მხარს, ტყუილად აქვს იმედი, რომ დანარჩენს ის გაიყვანს ქუჩაში. 1/3 უჭერს მხარს "ოცნებას", ამაზე ნაკლები ოპოზიციას და დანარჩენი ე.წ. აბსენტისტია, რომელიც ქუჩაში ოპოზიციას არ გაჰყვება. ქუჩაში გადის ძალიან მოტივირებული ხალხი, რომელსაც სჯერა ლიდერის და რაც მთავარია, სჯერა, რომ თუკი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, უკეთესს გააკეთებს. ჩვენი ოპოზიცია კი თუ მოვა, რას გააკეთებს, კაციშვილმა არ იცის, არც თვითონ იციან და ხალხსაც ვერაფერს ეუბნებიან, გარდა იმისა, ევროპაში გვინდა და "ოცნების" ლიდერები ბიძინას ზებრები არიანო. ასეთ პირობებში რევოლუციის მოწყობა ძალიან რთული იქნება და არც იმ ჯგუფებით არის შესაძლებელი, ჩვენი უშიშროების სამინისტრო რომ აანონსებს. ვიღაცას თუ ჰგონია, საქართველოში 2003 წელს რევოლუცია "კმარამ" მოახდინა, ძალიან ცდება. რევოლუციური განწყობა იყო, იყვნენ ლიდერები, "კმარა" კი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც პოლიტიკოსები იყენებდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი და არამც და არამც რევოლუციის იდეოლოგი და მამოძრავებელი ძალა. კიდევ ვიმეორებ - რევოლუციას სჭირდება მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც საქართველოში ვერ ვხედავ.
- თუკი ვერ მივიღეთ სტატუსი, ზურაბიშვილს მოუწყვეს იმპიჩმენტი, ეს არ იქნება საკმარისი ხალხის მოტივაციისთვის? გამორიცხულია ამ მოტივირებულ, სტატუსის ვერმიღებით გაბრაზებულ ხალხს სათავეში ზურაბიშვილი ჩაუდგეს და ამ პროცესმა ხელისუფლება ჩამოშალოს?
- ამის პოტენციალი ზურაბიშვილს შეიძლება ჰქონდეს. თვითონ მოინდომებს თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან რთული ადამიანია. როცა პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს, თუ გახსოვთ, მაშინ ვთქვი, "ოცნებას" მისგან ძალიან დიდი სირთულეები ელის-მეთქი. ის უფრო პოლიტიკოსი ქალების წინ წამოწევას ცდილობს და ვნახოთ, რა გამოუვა, როგორი რესურსები და მხარდაჭერა ექნება. მე არ მიყვარს ისეთ რაღაცებზე საუბარი, რაზეც ობიექტური მონაცემები არ გამაჩნია. თუმცა ნამდვილად ობიექტურობაა ის, რომ პატარა პარტიების შეკრება მას ნამდვილად შეუძლია.
- მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნა, რისი მოლოდინიც არსებობს, რას ნიშნავს "ნაცმოძრაობისთვის" და მეორე მხრივ, შეცვლის თუ არა ოპოზიციის ფლანგზე მდგომარეობას?
- რა თქმა უნდა, ეს "ნაცმოძრაობისთვის" არ იქნება სასიამოვნო მოვლენა. მელია, ალბათ, "ნაცმოძრაობის" რაღაც ხმებს წამოიღებს. თუმცა არა მგონია, ეს "ნაციონალებისთვის" ტრაგიკული შედეგი იყოს, დიდი დანაკარგი არ ექნებათ. "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი სააკაშვილის ამომრჩეველია და სააკაშვილი, როგორც მისი განცხადებებიდან ჩანს, მელიას კი არა, ხაბეიშვილისა და ახალი მენეჯმენტის მხარეზეა. თუმცა მელიას შეუძლია გააძლიეროს ოპოზიციური ფლანგი. გამოჩნდება, მელიას რა მხარდაჭერა ექნება. მელიას ჰყავს მომხრეები "ნაცმოძრაობაში". ამ ხალხს მელია ურჩევნია ხაბეიშვილსა და იმ გუნდს, რომელიც მის უკან დგას, მაგრამ თუკი მელია გავა "ნაცმოძრაობიდან", რაც უკვე მიშას პარტიასთან რეალურ დაპირისპირებას ნიშნავს, გაჰყვება თუ არა მას არა ხაბეიშვილის, არამედ ენმ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა გუნდი, ძნელი სათქმელია. იქნება თუ არა მათთვის მელიას ლიდერობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ციხეში მყოფი სააკაშვილის ერთგულება? ამას მომავალი აჩვენებს. მელია, ალბათ, შეეცდება, თავის განცხადებებში არ დაარტყას სააკაშვილს, პირიქით პარტიის ახალ მენეჯმენტს დასდოს ბრალი უმოქმედობაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის დაკარგავს იმის პოტენციალს, რომ იმათი ხმები მოიზიდოს, ვისაც ქვეყნის მმართველობაში მიშას მობრუნება არ სურს. ამიტომ ვფიქრობ, მელიას მაინც მოუწევს პარტნიორების მოძებნა ბარიერის გადასალახად. მასაც მოუწევს ფიქრი, რომ რაღაც კოალიციაში შევიდეს, თუ სურს გარანტირებული ჰქონდეს პარლამენტში შესვლა. 5% დაახლოებით ასი ათასი ხმაა და გამოდის, მან "ნაცმოძრაობის" ხმების 20% მაინც უნდა წამოიღოს, რაც ძალიან ძნელი იქნება. დანარჩენი ამომრჩეველი კი, ვინც ანტინაცია, არა მგონია, მელიასკენ მიბრუნდეს, მას ბევრი სხვა არჩევანი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მელიაც იფიქრებს რაღაც ფლანგის გაძლიერებაზე, არ ვიცი, ეს ვინ იქნება, "ლელო" თუ კიდევ სხვა. კოალიციების შექმნის დროს ქართული პოლიტიკა უცნაურობებით არის ხოლმე სავსე.
რუსა მაჩაიძე