„კონსტიტუცია ფორმალურად დაირღვა, მაგრამ ეს იყო ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი“ - კვირის პალიტრა

„კონსტიტუცია ფორმალურად დაირღვა, მაგრამ ეს იყო ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი“

3 დღის განმავლობაში მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ადევნებდა­ თვალს უპრეცედენტო ხმაურიან სასამართლო პროცესს. საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია მაშინ, როცა ის მთავრობის თანხმობის გარეშე გერმანიის, ევროსაბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა. მმართველი პარტიის ოთხი დეპუტატი 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვდა. ირწმუნებოდნენ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, რომელიც მას არ აძლევს­ უფლებას მთავრობასთან შეუთანხმებლად ქვეყნის გარეთ შეხვდეს სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს. დიდხანს ისაუბრა პროცესზე მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილს კი მოქმედი კონსტიტუციის თანაავტორი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და იურისტი მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდნენ. "52-ე მუხლი არ უნდა იქნეს განხილული იმგვარად, თითქოს პრეზიდენტი სრულიად შეზღუდულია მთავრობის ნების გამოვლენით და მის გარეშე ვერ იმოქმედებს­ საგარეო ურთიერთობებში", - ამბობს კოპალეიშვილი და იმოწმებს 49-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში". დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, რამდენად დასაბუთებული იყო მხარეების არგუმენტები, დააზიანებს თუ არა ეს პროცესი ჩვენს ქვეყანას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გვესაუბრება:

- საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა, აქამდე არც პრეზიდენტისა და არც სხვა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი არ წამოწყებულა.­ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ეს არის მმართველი გუნდის წამოწყებული პროცესი­ და არა ოპოზიციის. ამიტომ ამ პროცესების სიმძიმე მთავრობის კისერზე უნდა გადავიტანოთ, რადგან მან არაფრისგან შექმნა პრობლემა, მით უმეტეს მაშინ, როცა ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ველოდებით. ობიექტური დამკვირვებლის გადმოსახედიდან გეტყვით, რომ პრეზიდენტი მხოლოდ კარგს აკეთებდა ქვეყნისთვის და არაფრის გაფუჭება მას არ შეეძლო. ამას დავამატოთ იმპიჩმენტის წამოწყების პერიოდი­ - ის დაიწყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში, არადა, ამ საქმეს არა აქვს ხანდაზმულობა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამის გაკეთება...

პრეზიდენტი ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად იყენებს თავის შესაძლებლობებს და მთავრობა ამის საშუალებას არათუ­ არ აძლევს, მისი გადაყენების პროც­ედურას იწყებს - ამას პოზიტიურად არავინ აღიქვამს. ეს იყო ძალიან ცუდად მართული სასამართლო პროცესი. სასამართლომ ისე უნდა წარმართოს პროცესი, ამდენი შესაძლებლობა მხარეს არ უნდა მისცეს. ვფიქრობ, არც სასამართლოს იმიჯზე იმოქმედებს ეს დადებითად. როცა პროცესი მიგყავს, უნდა უზრუნველყო, რომ მხარეები ეთიკის ნორმებს არ გასცდნენ. სასამართლო მეტისმეტად ფამილიარული იყო.

- თქვენ მოისმინეთ ორივე მხარის არგუმენტები. დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია?

- იმპიჩმენტს აქვს პოლიტიკური და სამართლებრივი განზომილება. სამართლებრივ განზომილებას პასუხი უნდა გასცეს­ სასამართლომ, აქ კი სამართლებრივი არგუმენტების, კონსტიტუციის შინაარსის გარ­კვევა მიდის. პოლიტიკური კი პარლამენტში გადადის და პარლამენტმა უნდა განსაზღვროს, მიუხედავად იმისა, რომ დაირღვა­ კონსტიტუცია, პრეზიდენტი­ იმსახურებს თუ არა იმპიჩმენტს. ძალიან მკაფიოა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და აქ საკონსტიტუციო სასამარ­თლოს, როგორც გადაწყვეტილების­ მიმღებს, დიდი არჩევანი­ არა აქვს. თუმცა, მე რომ ვიყო პარლამენტის წევრი, არ დავუჭერდი მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რადგან მას მნიშვნელოვანი არაფერი დაუზიანებია, პირიქით. კონსტიტუცია ფორმალურად დაირღვა, მაგრამ ეს იყო ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი. პარლამენტმა სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს და მხარი არ უნდა დაუჭიროს იმპიჩმენტს. ცხადია, ეს პროცესი უარყოფით გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის საქმეზე, მაგრამ იმედია, ამას პარლამენტი გამოასწორებს. სასამართლოს შემდეგ პარლამენტს აქვს 2-კვირიანი ვადა ამ საკითხის განსახილველად. თუ ჩააგდო პარლამენტმა საკითხი, პრეზიდენტი შეინარჩუნებს თანამდებობას და თავიდან ამ საკითხის შემოტრიალება არ შეიძლება.

- იმპიჩმენტის შემთხვევაში რა ხდება, ახალ პრეზიდენტს ახალი წესით აირჩევენ?

- თუ ასეთი რამ მოხდა და პარლამენტი პრეზიდენტს გადააყენებს, მაშინ 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მათ შორის იქნებიან 150 პარლამენტარი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს ყველა დეპუტატი, საკრებულოს, თვითმმართველობების წარმომადგენლები და, შემდეგ სპეციფიკური ფორმულით გამოანგარიშდება არჩევნების შედეგები. ეს ცვლილება კანონში უკვე ამოქმედებულია და ამისთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტიდან 45 დღეა განსაზღვრული. იმედია, ეს არ მოხდება და პარლამენტი შეაჩერებს­ ამ პროცესს. თუ ოპოზიციაც მყარად დადგება, ამას შეძლებს, რადგან მმართველ გუნდს არა აქვს 100 ხმა. რაც მთავარია, პრეზიდენტის პოზიცია არ ეწინააღმდეგება მთავრობის საერთო ინტერესს ევროინტეგრაციის შესახებ.