„პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინის დასანახავად წამოწყებული თამაშია“ - კვირის პალიტრა

„პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინის დასანახავად წამოწყებული თამაშია“

ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე მოისყიდა მათი კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები, რათა მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ. კულუარული ვერსიით, ამ საქმისთვის უკვე 103 დეპუტატია მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა. მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი­ პრეზიდენტის ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ლ სექტემბერს პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების" უმრავლესობას არ გააჩნია, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კულუარული ინფორმაციით, საჭირო ხმები უკვე მობილიზებულია. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, როგორ გააგრძელებს პოზიციონირებას სალომე ზურაბიშვილი, თუ ის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს, ან რა მოხდება იმპიჩმენტის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა პოლარიზაციის გამ­წვავება, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი­ დავით­ ზურაბიშვილი გვესაუბრება:

- ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ხელისუფლების მოთხოვნას, გასცემს დასკვნას, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია. ამასთან, შეეცდებიან დასკვნას პოლიტიკისგან გამიჯნული ფორმულირება მისცენ. არა მგონია, "ქართულ ოცნებას" 103 დეპუტატი ჰყავდეს მობილიზებული, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იმპიჩმენტი ჩავარდება. "ოცნების" დეპუტატებს ზილფიმიანი და ინჯიაც რომ მივათვალოთ, ოპოზიციიდან 10 ხმა მაინც სჭირდება. 10 ხმის ოპოზიციიდან გადმობირება, მოსყიდვა შეუძლებელი მგონია, მით უფრო, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას გამოცხადებული აქვს, რომ სხდომაზე არ შევა.ამიტომ მგონია, რომ კულუარებში თავად მმართველი გუნდი ავრცელებს ინფორმაციას დემორალიზების მიზნით.

- როგორც პარტია "საქართველოსთვის"­ წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, მიუხედავად­ "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

- "აღდგომა და ხვალეო", ყველაფერს მალე გავიგებთ. არ მჯერა, რომ "ნაციონალებსა" და "ოცნებას" შორის გარიგებებია. უბრალოდ, ამ ორი პოლიტიკური გუნდის ინტერესები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ორივეს აწყობს პოლარიზებული დღის წესრიგი და პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ ორი მოთამაშე.

- როგორ წარმოგიდგენიათ, თუ "ქართულ­ ოცნებას" წინასწარ მომზადებული, გათვლილი და შესაბამის პირებთან დალაგებულ-შეთანხმებული არ ჰქონდა ყველაფერი, რა იმედით წამოიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა?­

- ამასთან დაკავშირებით უკვე მაქვს ჩამოყალიბებული აზრი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იმპიჩმენტის პროცედურა ახალი დაწყებული იყო, ბატონმა კობახიძემ განაცხადა, ჩვენ ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე­ ამას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ პრეზიდენტის და ოპოზიციის რეალური სახე უნდა გაჩვენოთო. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ბატონმა მდინარაძემ თქვა, ვიცით, იმპიჩმენტისთვის ხმები მაინც არ გვყოფნის და ამიტომ ამ პროცედურის წამოწყებას არ ვაპირებთო. ე.ი. "ქართულმა ოცნებამ" ერთ დღეში შეცვალა გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ საქმეში ივანიშვილი ჩაერია. მდინარაძე გუნდთან შეთანხმების გარეშე ვერ გააკეთებდა განცხადებას, როგორც ჩანს, ის რაც თქვა, მმართველი გუნდის პოზიცია იყო, რომლის შეცვლაც მერე ვიღაცამ მოითხოვა. მმართველი გუნდისთვის ასეთი თამაში წამგებიანია წმინდა პოლიტიკურად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ 10 ხმის მოსყიდვას მოახერხებს და საბოლოოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდება. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ძალიან მარტივად გაფორმდება ოპოზიციის ლიდერად, თანაც იმ ოპოზიციის, რომელშიც "ნაციონალები" არ შედიან. ხელისუფლებას კი ყველაზე მეტად ისეთი პოლიტიკური მესამე ძალის ჩამოყალიბების ეშინია, სადაც "ნაცები" არ იქნებიან. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი არაფერს კარგავს არც იმპიჩმენტის და არც პოსტზე დარჩენის შემთხვევაში. შესაბამისად, იბადება ლოგიკური კითხვა, რა ძალა ედგა ხელისუფლებას, თუ ორივე შემთხვევაში წაგებული დარჩება?! ჩემი აზრით, ივანიშვილი კრემლში გზავნის შეტყობინებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის იმ განცხადებებთან, რასაც ზურაბიშვილი აკეთებს.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი პუტინთან ანგარიშვალდებულია?

- ივანიშვილსა და პუტინს შორის სუბორდინაციული კავშირი არ არის, პუტინი ნამდვილად არ გასცემს ინსტრუქციებს­ ივანიშვილისთვის. სხვაგვარ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე - "ქართულ ოცნებას" რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად ანტიდასავლური და რუსეთისთვის საამებელი პოზიცია აქვს, შემთხვევითი არ არის, ეს ყველაფერი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კეთდება.­ ლოგიკას თუ მივყვებით, ივანიშვილი აუცილებლად შეეცდებოდა რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის გამონახვას. ბოლო დროს გაირკვა კიდეც, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დამაკავშირებელი ფიგურა ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყოფილა. ჩემი აზრით, იმპიჩმენტი პუტინის დასანახავად წამოწყებული­ თამაშია. შეძლო ივანიშვილმა პუტინის დარწმუნება? პუტინი მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე ვერაფრით ვერ დაიჯერებს,­ რომ ივანიშვილს მისი დანიშნული პრეზიდენტი არ ემორჩილება. დარწმუნებული ვარ, პუტინი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა - ცდილობს ერთგულად მოაჩვენოს თავი, მაგრამ ზურაბიშვილის საშუალებით დასავლეთსაც ეთამაშება. პუტინს რომ ივანიშვილის არ სჯერა, ამაზე ოჩამჩირეში რუსული ბაზების განთავსების გადაწყვეტილებაც მეტყველებს. რუსები თან ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნას აანონსებენ და თან საქართველოს ხელისუფლებას აქებენ.

- ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველო, სახელდობრ აფხაზეთი, უკრაინული არმიის სამიზნე გახადა. რისი თქმა შეიძლება, გამოიღო თუ არა ნაყოფი რუსეთთან დათმობის პოლიტიკამ? საინტერესოა ისიც, აფხაზებს რატომ უხარიათ ოჩამჩირეში რუსული ბაზების განთავსება, საფრთხეს ვერ ხედავენ?

- ივანიშვილს ყოველთვის ძალიან ეშინოდა პუტინის. თავად ვიყავი მის გუნდში და კარგად მახსოვს, როგორი წარმოდგენები ჰქონდა მასზე:­ ავი, ბოროტი და საშიში - ასეთი იყო პუტინი მის წარმოსახვაში. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში არც მკვლელობებს მოერიდებოდა. რაც შეეხებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ყოველთვის ამბობდა, რომ დასავლეთისკენ ისე უნდა წავსულიყავით, რუსეთი არ გაგვეღიზიანებინა. კულუარულად ხშირად გვქონდა ამაზე საუბარი. მე სულ მქონდა იმედი, რომ ბატონ ივანიშვილს პრაქტიკა დაანახებდა, რომ დასავლეთისკენ სვლა რუსეთის გაღიზიანების გარეშე არ გამოვიდოდა და ერთდროულად საქართველოს განვითარებაც და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებაც შეუძლებელი იქნებოდა. საქარ­თველოს ისტორიის ელემენტარული ცოდნაც საკმარისია ამის მისახვედრად. იმის გაანალიზება მაინც ხომ შეიძლებოდა,­ რაც შევარდნაძისა­ და სააკაშვილის მმართ­ველობის პერიოდში მოხდა? ორივე პრეზიდენტი შეეცადა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დატკბობით პოლიტიკური დივიდენდები მიეღო, მაგრამ არც ერთს არ გამოუვიდა. როგორც ჩანს, ბატონმა ივანიშვილმა­ მიიჩნია, რომ ის, რაც შევარდნაძეს და სააკაშვილს არ გამოუვიდათ, მას გამოუვიდოდა.­ მართალია, ივანიშვილი პრაქტიკული გონების ადამიანია, კარგად იცის, როგორ უნდა ქონების დაგროვება და ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში საერთოდ ვერ ერკვევა. ამას თავიდან არც მალავდა, გვეუბნებოდა, მე ამ საკითხში ვერ ვერკვევი და თქვენ მითხარითო. როგორც ჩანს, ახლა მის გვერდით არავინ არის ისეთი, ვისაც ერთდროულად აზრიც მოეკითხება და გულწრფელიც არის.

"ქართული ოცნებისთვის" უკრაინა "ნაციონალებთან" არის გაიგივებული და რუსეთთან ომში ზელენსკის გამარჯვებას "ნაციონალების" გამარჯვებად მიიჩნევენ. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ შუალედური პოზიციის დაჭერა არ გამოდიოდა - ან რუსეთის მხარეს უნდა ყოფილიყავი, ან უკრაინის. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის იმთავითვე დაძაბული ურთიერთობა იყო და შემდეგ ამერიკულ-ევროპულ პარტნიორულ ურთიერთობებშიც ბზარი გაჩნდა, ივანიშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა. ჩემი აზრით, ამ შიშმა აიძულა, რომ რუსეთთან რაღაც ტიპის ვალდებულებები აეღო. არ არის გამორიცხული, ივანიშვილი რუსეთს იმას დაჰპირდა, რის შესრულებასაც ვერ ახერხებს. შესაბამისად, შესაძლებელია რუსეთი აფხაზეთში ბაზების განთავსებით არ შემოიფარგლოს და კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდეთ. რუსეთი ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, აფხაზეთის ანექსიის გაფორმებას შეეცადა. წესით, ახლა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი არა, პრემიერი უნდა აკეთებდეს ძალიან კრიტიკულ განცხადებას. კობახიძისგან იმის თქმა, ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ და თქვენ მშვიდად იყავითო, სრული სისულელე იყო. თუ მართლა იცი, რას აკეთებ და თუ მეუბნები, რუსეთთან დათმობის პოლიტიკა კარგიაო, მაშინ განმიმარტე კიდეც, რუსეთი რატომ გიხსნის შენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზას. მტერს რომ არ აღიზიანებ, ამით რაღაც სარგებელი ხომ უნდა მიიღო?! სარგებელია ჩვენთვის აფხაზეთში რუსული ბაზა?! ან კიდევ, რომ მეუბნები, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდაო, ამიხსენი, რუსეთი რას აკეთებს ამ ნაბიჯით, ის არ გვითრევს ომში?! ვინმეს ჰგონია, ოჩამჩირეში დაბანაკებულ ბაზას უკრაინული რაკეტები და დრონები არ მისწვდება?! აფხაზებს რა უხარიათ, არ ვიცი, მათი ნაციონალიზმი მხოლოდ საქართველოსგან დამოუკიდებლობაში გამოიხატება, არც რუსეთთან ყოფნა სურთ მაინცდამაინც, მაგრამ ამას მაინც შეეგუებიან. ახლა აფხაზებს ძალიან ეშინიათ ომში რუსეთის დამარცხების. ფიქრობენ, რომ უკრაინასთან მარცხის შემდეგ მოსკოვს რეგიონიდან გასვლა მოუწევს და საქართველოსთან პირისპირ დარჩებიან. რუსეთი მათთვის საქართველოსგან დაცვის გარანტიაა. კი აცნობიერებენ, რა საფრთხის წინაშეც დადგებიან ოჩამჩირეში რუსული ბაზების განთავსების შემდეგ, მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვთ, ჩიხში არიან. ამ ხალხს სულ ცოტა გონიერება რომ ჰქონდეს, რუსეთი პატრონად არ უნდა მიაჩნდეს. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ აფხაზები კი არა, ქართველებიც ვერ ხვდებიან, რომ მოძალადეს რაც უფრო მეტად დაუხრი თავს, მით მეტად გაგლახავს. ასეთი მოცემულობის ფონზე ძალიან საშიშია საქართველოს რუსეთთან მარტო დარჩენა.

- თუ პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებას გავითვალისწინებთ, საქართველოს არც მოუწევს რუსეთთან მარტო დარჩენა. პრემიერმა განაცხადა, რომ მან თითქმის ყველა ევროპელი ლიდერისგან პირობა მიიღო, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ.

- ამის მეც მჯერა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობიდან­ გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპამ საქართველო მონიშნოს და რუსეთს გაუგზავნოს შეტყობინება, საქართველო შენი არ არისო!

ხათუნა ბახტურიძე