როცა უძრავ ქონებას ყადაღა ადევს - კვირის პალიტრა

როცა უძრავ ქონებას ყადაღა ადევს

"კვირის პალიტრის" მკითხველების შეკითხვებს უპასუხებს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა:

- როცა ფსიქიკური პრობლემები აქვს პირს, მხარდამჭერის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებლად სასამართლოს უნდა მიმართოს?

- პირი მხარდაჭერის მიმღებად შეიძლება ცნობილ იქნეს, თუ მას აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი, ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ განცხადება სასამართლოში შედის და განცხადება შეიძლება შეიტანოს თავად ამ პირმა, მისმა ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ისარგებლოს ადვოკატის უფასო მომსახურებით, დაესწროს სასამართლო პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას არ შეუძლია სასამართლო პროცესზე დასწრება, შეუძლია კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით მოითხოვოს სასამართლო პროცესში ჩართვა, ან ჰყავდეს მისთვის სასურველი მხარდამჭერი, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამოქალაქო სამართალწარმოებაში პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა ერთად­ერთი საკითხია, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას, ანუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.

- მეუღლესთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ვიყავი, თუმცა გვყავს შვილი, როგორ მოვიქცე, რომ დადგინდეს მამობა?

- დღეს ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსში კარგად არის დარეგულირებული. ბავშვის მშობლის ვინაობა რომ დადგინდეს, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მშობელთა ერთობლივი განცხადების წარდგენას მიიჩნევს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მშობელი ადასტურებს, რომ ბავშვი მათი შვილია. თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება, როდესაც მამას არ სურს დადასტურდეს ის ფაქტი, რომ შვილი მისია და ცდილობს აიცილოს ყველა ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის მიმართ აქვს, ასეთ დროს დედას საშუალება აქვს მოითხოვოს სასამართლო წესით მამობის დადგენა.

მამობის აღიარებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია ერთ-ერთ მშობელს ან ბავშვის მეურვეს, ან თავად ბავშვს, თუ ის არის სრულწლოვანი. ასევე შეიძლება იყოს საპირისპირო შემთხვევაც, როდესაც, პირიქით, ვთქვათ, დედას არ სურს კონტაქტი ჰქონდეს ბავშვის მამასთან და ამის გამო არ შეაქვს მასთან ერთად განცხადება სასამართლოში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩანაწერი ორივე მშობლის უფლებას თანაბრად იცავს და აღიარებს.

როცა წყვილი ქორწინებაში არ იმყოფება, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და დედის განცხადების საფუძველზე, მამობის დადგენა კი არის იურიდიული ფაქტი, რომელიც წარმოშობს მშობელსა და შვილს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს.

ადრე ბავშვის მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებდა ბავშვის დედისა და სავარაუდო მამის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდას, ან რჩენას. დღეს კი შესაძლებელია პირის ბავშვის მამად აღიარება ან უარყოფა გენეტიკური ანალიზის, ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. დნმ-ი ინახავს ადამიანის ბიოლოგიური წარმომავლობისა და ფიზიკური აგებულების შესახებ სრულ ინფორმაციას. თითოეულ ადამიანს მისი ინდივიდუალური დნმ-ი აქვს. ბავშვს დნმ-ის მეშვეობით მშობლისგან გადაეცემა გენეტიკური ინფორმაცია. შვილი გენეტიკურ ინფორმაციას სანახევროდ დედისაგან და სანახევროდ მამისაგან იღებს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს შვილებისა და მშობლების ურთიერთმსგავსებას. დნმ-ის ექსპერტიზისთვის შეუძლია მიმართოს როგორც დედამ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილის მამა კონკრეტული პირია, ასევე მამაკაცმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვის მამაა, ან პირიქით, უარყოფს კონკრეტული ბავშვის მამობას. დნმ-ის ტესტის ჩატარება შესაძლებელია სხვადასხვა გენეტიკური მასალით, სისხლის გარდა შეიძლება გამოიყენებულ იქნეს თმა, ფრჩხილი თუ სხვა მასალა და თითქმის 100% სიზუსტით ადგენს მამის ვინაობას. ასეთ დროს მამის ვინაობის დადგენის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს: ბიოლოგიური მშობლის პოვნა, სამემკვიდრეო უფლებების მოპოვება, ალიმენტის მოთხოვნა, თუნდაც მამის სურვილი, აღიაროს თავისი შვილის მამობა და ა.შ. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება ნიმუშის აღება მამისგან, შესაძლებელია მამის ბიოლოგიური მშობლების, ანუ ბებია-ბაბუების გამოყენებაც. დნმ-ტესტის გასაკეთებლად აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. საქართველოში დნმ-ის ანალიზი კეთდება როგორც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე კერძო სამედიცინო კლინიკებში. დნმ-ტესტის გასაკეთებლად გაწეულ ხარჯებს მოდავე მხარეები გაინაწილებენ შემდეგი წესით - თავიდან გაიღებს მოსარჩელე, ვთქვათ, დედა. დნმ-ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში და ამის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებისას დნმ-ტესტზე გაწეული ხარჯების გადახდა მოუწევს მოპასუხეს, ანუ მამას. მიუხედავად იმისა, რომ კანონმა ანთროპოლოგიური გამოკვლევაც გაითვალისწინა მამობის დადგენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად, დღეს ამ საშუალებას თითქმის არავინ იყენებს. ანთროპოლოგიური კვლევა თავისი შინაარსით ადამიანის სხეულის აგებულებას სწავლობს და მას, ძირითადად, პირის იდენტიფიკაციისათვის მიმართავენ. მეტიც, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და კერძო კლინიკების წამყვანი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ანთროპოლოგიური გამოკვლევა მამობის დასადგენად ძალზე არასარწმუნო და არასანდო მეთოდია. როცა სასამართლოში ასეთი საკითხები განიხილება, ამოსავალი წერტილი ბავშვის ინტერესია. ბავშვის შეხედულებებს მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად სათანადო ყურადღება ეთმობა ხოლმე. ეს დანაწესი უკვე ნათელს ხდის, რომ ყოველთვის წინა პლანზე დგას ის, თუ რა ზეგავლენას მოახდენს კონკრეტული გადაწყვეტილება მოზარდზე, როგორ აისახება ის მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე და ყურადღება ნაკლებად ექცევა მშობლის უფლებას შვილის ყოლაზე. სასამართლომ აუცილებლად უნდა გაიზიაროს მოზარდის აზრი და შეფასება განსახილველ დავაში. სასამართლომ შესაძლოა იხელმძღვანელოს ამ ნორმით მაშინ, როდესაც, მაგალითად, ბავშვი თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, დედის მეუღლეს მიიჩნევს ბიოლოგიურ მამად, რადგანაც ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ბავშვს არ აქვს ცნობა იმის შესახებ, რომ ის მისი ნამდვილი მამა არ არის. ამასთან, ბავშვი შეიძლება იმყოფებოდეს გარდატეხის ასაკში და ასეთმა საკითხმა შესაძლოა გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად აუცილებელია ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება ბავშვის ფსიქოემო­ციური მდგომარეობის შესწავლისა და იმის დასადგენად, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მამობის დადგენას. თუ ასეთი კვლევა დაადასტურებს, რომ მამობის დადგენამ შეიძლება ბავშვის ფსიქიკას მძიმე და წარუშლელი კვალი დაამჩნიოს, სასამართლოს შეუძლია მამობის დადგენაზე თქვას უარი.

- მოგესალმებით. საქმე არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ქონებას ადევს ყადაღა. რა ვადაში ცხადდება აუქციონი და შემიძლია თუ არა მასში მონაწილეობა?

- პირველი ინტერნეტაუქციონი ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში ცხადდება, ხოლო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. თუ ქონება არ გაიყიდა პირველ აუქციონზე, მაშინ პირველი აუქციონის დასრულებისთანავე განმეორებითი აუქციონი გამოცხადდება, რომელზეც ქონების საწყისი ფასი 0 ლარს შეადგენს. ყველა პირს, ვინც დარეგისტრირდება საიტზე, შეუძლია აუქციონში მონაწილეობა, აუქციონში გამარჯვებული პირი კი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს ქონების ღირებულება. თუკი ვერ შეძლებს ამ თანხის დაფარვას, მაშინ დაკარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით შეტანილ თანხას. ეს თანხა გადავა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. თუ გამარჯვებულმა თანხა არ დაფარა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას შედეგების გაუქმებაზე და განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარულ დღეში, ის ხელახალ აუქციონს ჩაატარებს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად. ასევე, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ მოთხოვნას, ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ აუქციონში მონაწილეობას, უნდა გაიაროთ ვებგვერდზე რეგისტრაცია და საგარანტიო თანხის გადახდას შეძლებთ პლასტიკური ბარათით.

- აქვს თუ არა კერძო აღმასრულებელს აუქციონის ჩატარების უფლება?

- ასეთ დროს ის მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, სააღსრულებო ბიუროს წარუდგენს სააღსრულებო დოკუმენტაციას, თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და ასევე სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს. თუ კერძო აღმასრულებლისთვის სააუქციონო მომსახურების გაწევისას ქონებას აქვს დადებული ყადაღა და მოხდება ამ ქონების რეალიზაცია, მაშინ კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღას თავად კერძო აღმასრულებელი მოხსნის. აქვე განგიმარტავთ, თქვენ შეგიძლიათ კერძო აღმასრულებელთან სააღსრულებო საქმის წარმოების ნებისმიერ დროს შეწყვეტა და იმავე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოტანა.