"10 წლის ვიყავი, როდესაც ინოლა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას!" - ია შუღლიაშვილი ინოლა გურგულიასა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"10 წლის ვიყავი, როდესაც ინოლა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას!" - ია შუღლიაშვილი ინოლა გურგულიასა და კარიერაზე

"ყველა თეატრს ვგულშემატკივრობ, ყველას წარმატება მახარებს, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის ყველაფერია", - გვითხრა მსახიობმა ია შუღლიაშვილმა,­ რომელსაც მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვესაუბრეთ:

- მსახიობობა რომ გადავწყვიტე, უკვე სკოლას ვამთავრებდი. ბევრ ინტერვიუში მითქვამს, რომ ეს დედას სურვილი იყო: სწორედ დედაჩემს - ინოლა გურგულიას სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მართალია, მაშინ ინოლა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მის სურვილს გვერდი ვერ ავუარე. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ეს პროფესია გახსნის და უფრო ხალისიანს გახდისო, ამბობდა დედა. ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და როგორც ანდერძი, ისე შევასრულე. ხშირად ამბობენ, მსახიობებს რა უჭირთო, მაგრამ რეალურად ასე არ არის: ამ პროფესიას არა აქვს დადგენილი დრო, როდის უნდა გახვიდე სცენაზე და როდის ხარ საჭირო, წინასწარ არასდროს იცი. ეს შენზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ რთულია როლზე მუშაობაც, მაგრამ საოცრად საინტერესო პროფესიაც არის, სულ ძიებასა და შემოქმედებით წვაში ხარ, რაც ენით უთქმელი ემოციებით გავსებს.

- საოცნებო როლები თუ გაქვთ?

- ასაკთან ერთად ერთი კარგი ჩვევა გამოვიმუშავე: რა როლსაც მაძლევენ, იმის მადლობელი ვარ და ვცდილობ ამ როლისთვის ბოლომდე დავიხარჯო. ამოჩემებული როლიც არა მაქვს, თუმცა ახალგაზრდობაში ძალიან მინდოდა ედიტ პიაფისა და ჟანა დ,არკის სახეები შემექმნა. ამ როლებს ახალგაზრდული ასაკი სჭირდება, ასე რომ, ჩემი ოცნება ოცნებად დარჩა.

- ფინანსური სიდუხჭირის გამო არაერთმა მსახიობმა დათმო სცენა. თქვენც ხომ არ გიფიქრიათ პროფესიის შეცვლაზე?

- არა მგონია, მსახიობობა ვინმემ თავისი სურვილით მიატოვოს. რასაკვირველია, რთულია სცენას უერთგულო, როცა მწირი ანაზღაურება და უამრავი ყოფითი პრობლემა გაქვს, როცა იცი, რომ შენს კოლეგებს საზღვარს იქით სულ სხვა ცხოვრება აქვთ. ქართველი მსახიობები, ალბათ, შევეგუეთ, რომ ენთუზიაზმზე უნდა ვიმუშაოთ, თავი დავარწმუნეთ, რომ ხელოვანს მატერიალური გათვლები არ უნდა ჰქონდეს.

- პოლიტიკაში წასულ მსახიობებზე რას ფიქრობთ?

- ეს ორი სხვადასხვა სამყაროა და თუ მსახიობი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსია და არა მსახიობი. ვფიქრობ, მსახიობი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს,­ მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ თავისი აზრი ჰქონდეს. თუ მსახიობს რამის გაკეთება სურს, ისევ სცენიდან, თავისი საქმით უნდა ეცადოს.

- დავუბრუნდეთ საქმეს, რომელიც კარგად გამოგდით: ნათქვამია, ადამიანმა სცენის მტვერი ერთხელ თუ ჩაისუნთქა, მერე ამ საქმეს ვერ მოეშვებაო.

- როლზე მუშაობა, სცენის ხიბლი და სპექტაკლის ბოლოს ფეხზე წამომდგარი მაყურებლის ტაში - სწორედ ესაა მსახიობის ჯილდო: შრომობ, შრომობ და როცა ხედავ, რომ შენი მაყურებელი გახარებულია, როცა ცდილობს თავისი მადლიერება ოვაციით გამოხატოს, როცა შენი პროფესია გავსებს და გაბედნიერებს, ამაზე კარგი­ რა უნდა იყოს? აი, სწორედ ეს არის "სცენის მტვერი", რომელიც თუ გადაყლაპე, მერე ამით შეპყრობილი ხდები და ვეღარ ღალატობ! სამწუხაროდ, არის მეორე შემთხვევაც: შეიძლება არ გაგიმართლოს და ცხოვრებისეული სიტუაციის გამო სცენის დატოვებამ მოგიწიოს - თუ მოწოდებით მსახიობი ხარ, ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა!

shugliashvili-1696767617.jpg

- ქალბატონო ია, მოგწონთ სერიალებში თამაში? ბევრი ფიქრობს, რომ ეს თეატრის მსახიობისთვის მეორეხარისხოვანია...

- ვერ ვიტყოდი, რომ მეორეხარისხო­ვანია. როლზე ყველგან ერთნაირი დატვი­რთვით ვმუშაობ: სპექტაკლშიც, მხატვრულ ფილმშიც და სერიალშიც. ზოგადად, სერიალებს არ ვუყურებ, იმიტომ კი არა, რომ ეს ჟანრი არ მომწონს, უბრალოდ, მითრევს და ამდენი სერიის ყურების დრო აღარ მაქვს. მირჩევნია, რამდენიმე მხატვრული ფილმი ვნახო, ვიდრე გაუთავებელი სერიალი. მიუხედავად ამისა, ქართული სერიალებიც მაქვს ნანახი და უცხოურიც, ბევრი მათგანი მომწონს.

- როგორი სახე უხდება ეკრანს - ბუნებრივი თუ ხელოვნური?

- ეკრანს ყველა სახე არ უყვარს: შეიძლება ცხოვრებაში ადამიანი ძალიან მომხიბლა­ვიც იყოს, ლამაზიც, მაგრამ ეკრა­ნზე დაიკარგოს, არ გამოჩნდეს... ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რეჟისორს მსახიობი მოსწონებია, სინჯებზეც მიუწვევია, მაგრამ ის არ გამოსულა, რაც უნდა ყოფილიყო. პლასტიკურ ჩარევას რაც შეეხება, მე ბუნებრიობა მომწონს. როგორც ყველა ქალს, კოსმეტიკა მეც მიყვარს, მაგრამ პლასტიკური ჩარევა ჯერ არ დამჭირვებია. იმედია, არც დამჭირდება, რადგან ეკრანს ხელოვნურად შექმნილი სახის ნაკვთები არ უხდება. დღეს კინოში ბუნებრიობა სჭირდებათ, რადგან ფილმებს ისეთ თემებზე იღებენ, სადაც ბუნებრივი გამომეტყველება და მიმიკებია საჭირო.

- როგორ გეხმარებათ ოჯახი, მეუღლე, როცა თეატრში დატვირთული რეჟიმი გაქვთ?

- როდესაც ასეთი რეჟიმი მაქვს, მაშინ ვხვდები, რატომ უხდიან "ოსკარის" თუ სხვა სერიოზული პრიზების გადაცემის დროს მადლობას დედას, მამას, ოჯახის წევრებს: იმიტომ, რომ ამ დროს ყოფითი, ყოველდღიური პრობლემები მათ ზურგზე გადადის. მეც, როცა სერიოზული სამუშაო მაქვს, ჩემი მეუღლე, თემურ მაისაშვილი, მაქსიმალურად მეხმარება. ისიც ხელოვანია, მუსიკოსი და ზუსტად ესმის, ხელშეწყობა როდის მჭირდება. სამაგიეროდ, როცა მას დიდი მუსიკალური პროექტები აქვს, მეც ყველანაირად ვცდილობ კომფორტული გარემო ჰქონდეს. ქალის და კაცის საქმე ჩვენს ოჯახში არ არსებობს: თუ საჭიროა, მეც ვითავსებ კაცის საქმეს, ჩემი მეუღლეც მშვენივრად უძღვება "ქალის საქმეებს".

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ადამიანზე, რომელიც მთელ საქართველოს უყვარდა - როგორ გახსენდებათ დედა, ინოლა გურგულია?

- 10 წლის ვიყავი, როდესაც ინოლა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას! ის ყოველთვის მოუცლელი იყო, მაგრამ როცა სახლში რჩებოდა, შეეძლო განუმეორებელი, სიყვარულით სავსე გარემო­ შეექმნა. ისეთ ემოციებს გვჩუქნიდა, რომელიც არ შეიძლება დაგავიწყდეს! ძალზე ტკბილად მახსენდება მასთან ერთად გატარებული დასვენების დღეები. შაბათ-კვირა მთელი კვირის დანაკლისს გვივსებდა. საოჯახო საქმის კეთება ძალიან უყვარდა, მაგრამ ოჯახისთვის ვერ იცლიდა. სამაგიეროდ, თავის მსმენელს ისეთ სიმღერებს­ ჩუქნიდა, რომელიც დღემდე პოპულარულია. ინოლას სიმღერები მისი შინაგანი სამყაროს, მისი გრძნობების ანარეკლია, ალბათ, ამიტომაც არის ასე თბილი, ახლობელი და სულში ჩამწვდომი!

ხათუნა ჩიგოგიძე