როგორ და რატომ იქცა ქართული ნაგაზი კავკასიურ ნაგაზად - კვირის პალიტრა

როგორ და რატომ იქცა ქართული ნაგაზი კავკასიურ ნაგაზად

მიუსაფარ ცხოველთა თემა ჩვენი ყოფის პრობლემებს­ უფრო წარმოაჩენს, ვიდრე ცხოველების. თუ მათ ადრე "უბრალოდ" ხოცავდნენ და ასე იშორებდნენ თავიდან, დღეს უკვე ქუჩაში ტოვებენ. ძნელი სათქმელია, ქუჩაში მიტოვებულ ცხოველებში არის თუ არა ქართული ნაგაზი. სპეციფიკური თვისებების გამო ქართულ ნაგაზს ნებისმიერი ვერ იყოლიებს. აქედან გამომდინარე, ქუჩაშიც იშვიათად უნდა აღმოჩნდეს. ქართული ნაგაზი ქართველების მონაპოვარია, საუკუნეების განმავლობაში ის ერთგულად გვემსახურებოდა. პაატა ჩაგელიშვილი­ ერთ-ერთი იშვიათია მათგან, ვინც ქართული ნაგაზის ჯიშს ათეული წლებია პატრონობს და ამრავლებს უფრო სიყვარულის გამო, ვიდრე კომერციის: სრულფასოვნად ქართული ნაგაზის მოვლა და შენახვა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ამ საქმეში კომერციას მცირე ადგილი რჩება:

- თქვენი ლეკვების სილამაზით შესაძლოა ადამიანს სუნთქვა შეუგუბდეს, მაგრამ ასეთი ქართული ნაგაზის გამოზრდას ისეთი კვება და მოვლა სჭირდება, სიყვარული რომ არ გქონდეთ, გაგიჭირდებათ.

- მოდი, ასე დავიწყოთ: დღეს საუკუნეების განმავლობაში გამოყვანილი შეუდარებელი ქართული ნაგაზის ორი განშტო­ებაა: სუფთა, უძველესი ჯიში, ჩვენს დიდ მცველად და მოდარაჯედ გამოყვანილი. რომელიც ამავე სახით არის ჩვენში, მაგალითად, ყაზბეგში ან სხვაგან, და მეორე: კავკასიური ნაგაზი, რომელიც ასევე ქართული ჯიშის გაგრძელებაა. თუმცა საუკუნოვანი ქართული ნაგაზისაგან ვიზუალურად განსხვავდება შედარებით დიდი ზომითა და ასევე გრძელი, საოცრად ლამაზი თივთიკივით ბეწვით. კავკასიურ ნაგაზს აქვს სიფხიზლის, ძალისა და სიამაყის ის თვისებები, რაც საუკუნოვან ქართულ ნაგაზს. ორივე სახეობა იმდენად მიყვარს, რომ მთელ ოჯახს მათ გარეშე არ შეგვიძლია, ამიტომაც ვზრდით. ალბათ, მკითხავთ, როგორ განშტოვდა კავკასიური ნაგაზი ქართული ნაგაზისაგან. ეს მოხდა რუსი კინოლოგების ინიციატივით, რომლებმაც 1990-იანი წლებიდან ქართული ნაგაზი "კავკასიური ნაგაზის" სახელით გაიყვანეს მსოფლიო კინოლოგიაში.

- 1990 წლებიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ჩვენ დაგვაქციეს, რუსებმა ქართული ნაგაზით კომერცია დაიწყეს?

- დიახ, ასეა. დღეს უკვე რუსეთში, მათ შორის, დიდ ქალაქებთან ახლოს, კავკასიური ნაგაზის უამრავი საშენია, საიდანაც ის მსოფლიოში ვრცელდება. ამ ჯიშს ყიდულობენ აფრიკაში, ამერიკაში, ერაყსა და მსოფლიოს კიდევ მრავალ კუთხეში. თუ რატომ შეარჩიეს რუსებმა სუფთა ქართული ნაგაზი მსოფლიოში გასავრცელებლად, ალბათ, გასაგებია: პატრონის ასეთი ერთგული, ამაყი და შეუდრეკელი ჯიში იშვიათია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიაში სხვა ჯიშებიც არსებობს და მათ შეარჩევდნენ. სომხებსა და აზერბაიჯანელებსაც ჰყავთ ისტორიული ნაგაზის ჯიშები.

- კავკასიური ნაგაზი ვიზუალურად განსხვავდება სუფთა ქართული ნაგაზისაგან.

- დიახ, გრძელი ბეწვით, წონით. თუმცა კავკასიურ ნაგაზს შენარჩუნებული აქვს ყველა ის თვისება, რაც ქართულ ნაგაზს: სიფხიზლით, ძლიერებითა და პატრონის ერთგულებით მას ვერავინ შეედრება. კავკასიურ ნაგაზს დაყნოსვისა და რამის მოცუნცულების ბრძანებას ასე იოლად ვერ მისცემ, ვერც აკადრებ მისი სიამაყის გამო და პრინციპში არც გააკეთებს ამას. ის სულ სხვა მიზნებით არის შექმნილი. ის თავისი დნმ-ით სულ სხვა რამისთვის არის შექმნილი და არა ჯოხის ყნოსვისთვის.

კავკასიური ნაგაზი ბევრს ჰყავდა და ჰყავს, ვისაც მასში საკმაოდ დიდი ფულის გადახდა შეეძლო და შეუძლია. ეს ჯიში ძალზე ძვირი ღირს, ევროპაში 2.000 ევროდ არის შეფასებული.

- ისე, გასაკვირია, ქართული ჯიშის ამ პოპულაციას რუსებმა თუნდაც "კავკასიური ნაგაზი" რომ დაარქვეს და არა "რუსული ნაგაზი".

- გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ მათაც იციან, რა კოდია ჩადებული სიტყვა "კავკასიაში". სწორედ კავკასიაა ბრძოლისა და ღირსების სიმბოლო - ასეთ "ბრენდად" იცნობს მას მსოფლიო. რუსი მეცნიერები ვერც დღეს მალავენ, რომ კავკასიური ქართული ჯიშისაა, ამას ოფიციალურადაც აფიქსირებენ. სხვათა შორის, როდესაც კავკასიური ნაგაზი ასევე სუფთა სისხლის კავკასიურ ნაგაზს ეჯვარება, ზოგჯერ რომელიმე ლეკვი სუფთა ქართულ ნაგაზს იმდენად ემსგავსება, რომ გაოცდებით...

- ესე იგი ამ დროს ქრომოსომები საუკუნოვანი ქართული ჯიშის სასარგებლოდ მუშაობს.

- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა, მაგალითად, ყაზბეგურ ქართულ ნაგაზთან შედარებით, რომლის წონა 70 კილოგრამამდეა, კავკასიური ნაგაზის წონა 100 კილოგრამსაც აღწევს. ყაზბეგური ნაგაზი უფრო სწრაფად მოძრაობს და მუშაობს, მაგალითად, ცხვარში, მაგრამ პატრონს, მის ტერიტორიასა და ოჯახს კავკასიური ნაგაზიც თავგამეტებით იცავს. ამ საქმეში უნიკალურია, საუკეთესო ყნოსვა და სმენა აქვს, პატრონის ავტომანქანის ხმასაც ასეული მეტრიდან არჩევს და სიხარულით იწყებს ყეფას. სუნზეც გამაოგნებლად რეაგირებს: მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემგან 2 თვის ლეკვი წაუყვანიათ და ერთი წლის შემდეგ ვუცნივარ, მოვარდნილა და ალერსი დაუწყია. ის მრისხანე დამცველია, თუმცა არა დაუნდობელი: ქართული ნაგაზი ძალიან აგრესიულ, ცუდი განზრახვით მოსულ ადამიანსაც კი მაშინვე დასაკბენად არ მიეტანება, არამედ ცდილობს წინ გადაუდგეს და შეაჩეროს. მშვენივრად გრძნობს, ვინ რა განზრახვით გიახლოვდებათ და შემოდის თქვენს ტერიტორიაზე. ის ცუდ საქმეზე მოსულის ცუდ აურას რეცეპტორებით შეიგრძნობს და თუ ის ადამიანი არ დაემორჩილება, ვერც აღვწერ, რაც მოხდება. ამასთანავე, კავკასიური ნაგაზი ძალიან ლამაზია, ულამაზესი. არა მგონია, არსებობდეს ადამიანი, რომელიც მას შეხედავს და არ მოინუსხება­ მისი სილამაზით. ძაღლი სულაც რომ არ უყვარდეს, მაინც მოეფერება. ამიტომაც ველოლიავებით მე და ჩემი ოჯახი ათეული წლების განმავლობაში ქართული ნაგაზის ჯიშს. თორემ­ ამ ლეკვების შენახვა ძალიან ძვირი ჯდება, ლეკვი ძუძუს რომ მოსწყდება, თვე-ნახევრის შემდეგ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის საკვები უნდა მისცე, რომელიც კილოგრამი 20 ლარი ღირს და სულ 5-6 დღეს ჰყოფნის. ეს მაშინ, როდესაც კავკასიურს ხშირად 7 ლეკვი ჰყავს. იმიტომაც არის, რომ უცხოეთში ძალზე ძვირად იყიდება - დაახლოებით 2.000 ევროდ და კიდევ მეტად. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფასად მას ევროპელები საქართველოში კი არა, რუსეთში ყიდულობენ, სადაც სწორედ ასეთი თანხის გამოა კავკასიური ნაგაზის უამრავი ძაღლსაშენი. ჩვენი ქვეყნიდან ამ ჯიშით ევროპასთან ვაჭრობა ვერ ხერხდება. მიზეზი რეგულაციებია: ევროპა ითხოვს, რომ "კავკასიური ნაგაზის" ჯიში მხოლოდ 6 თვის ასაკში გავიყვანოთ გასაყიდად, როდესაც უკვე აცრა და სათანადო პროცედურები აქვს ჩატარებული. ამასობაში ამ ძაღლის შენახვა საქართველოში იმდენად რთულია, რომ მისი 6 თვემდე მიყვანა შეუძლებელია. ამდენად, ვინც ამ ჯიშს ამრავლებს, 500 დოლარად თუ გაყიდა ადგილობრივად, ესეც დიდი მიღწევაა.

- მითხარით, რომ "კავკასიური ნაგაზი" ხშირად 7 ლეკვს შობს. ნუთუ დედას ჰყოფნის­ რძე ამდენი ღორმუცელა ლეკვის გამოსაზრდელად?

- აბა, რატომ არის ქართული ნაგაზი­ ასეთი ბომბორა და თანაც ერთგული დედა! მოგიყვებით, რა ქნა ახალნამშობიარებმა კავკასიურმა ნაგაზმა, როდესაც ძუძუები დაუჩირქდა და ლეკვები ვეღარ წოვდნენ! მოკლედ, იმხანად უჯარმაში ვზრდიდი ერთ ძალიან ლამაზ კავკასიურ ნაგაზს, რომელმაც 7 ლეკვი გააჩინა. ერთხელაც, როდესაც­ დილით მშვენიერ ხასიათზე იყო, საღამოს მოულოდნელად დაწვა და ვეღარ ადგა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სტკიოდა. მივედი, მოვუსინჯე და ძუძუ უკვე ისე დაჩირქებული და გაქვავებული ჰქონდა, რომ ცხადია, ტემპერატურისა და ტკივილისაგან იტანჯებოდა. მაშინვე ანალგინის ამპულა გავუკეთე, რის შემდეგაც სიცხემ დაუწია და ღონე მიეცა. თბილისში ექიმს დავურეკე,­ რა ვუშველო-მეთქი და მითხრა, ეგ ისეთი ძნელი რამ არის, შესაძლოა ძაღლი ძალიან ცუდად გაგიხდეს და ვერაფერი­ უშველო, ამიტომ თბილისში ჩამოიყვანე, გაქვავებული ადგილი უნდა ამოვაჭრათო. მოკლედ, დილამდე ძლივს გავათენე, დილით კი რას ვხედავ, ლეკვები მისხდომიან და ძუძუს სწოვენ. თურმე ძაღლს გაქვავებული ადგილი თავისით ამოუჭრია კბილებით, დაახლოებით 5 სანტიმეტრზე. ასე რომ, შიგ ჩირქი აღარც ჰქონდა. არ ვიცი, ეს როგორ გააკეთა. ალბათ, მთელი ღამე ეწვალა კბილებით, რომ ლეკვებისთვის ძუძუ მიეცა. გაოცებული დავყურებდი ამ საოცრებას, აღარც მისი ექიმთან წაყვანა დამჭირვებია, მხოლოდ წყალბადის ზეჟანგი წავუსვი ჭრილობაზე, რომელიც ძალიან სწრაფად შეუხორცდა.

აქვე ერთ ამბავსაც გეტყვით: ჩემი ერთ-ერთი ნაგაზი ეზოში ლეკვებს ზრდიდა, როდესაც მეზობელი ქალი გვესტუმრა და ეზოში ჩამოჯდა სასაუბროდ. მოგეხსენებათ, არც ერთ ძაღლს, მით უფრო ქართულ ნაგაზს არ უყვარს, როდესაც ლეკვობისას ვინმე ახლოს მივა, მით უფრო ჩამოუჯდება და საუბრობს. მაგრამ ჩვენი ლეკვებიანი ნაგაზი მეზობლის შემოსვლაზე "თავის სახლში" იმდენად მიყუჩდა, რომ მისი ლეკვიანობის აღნიშვნა საჭიროდ არ ჩავთვალეთ და საუბარი გავაგრძელეთ. მხოლოდ წასვლისას ვუთხარი, ჩვენს ძაღლს ლეკვები ჰყავს-მეთქი. ამის გაგონებაზე მეზობელი შეწუხდა, ვერ მითხარით, თუ ლეკვები ჰყავდა, აქ არ გავჩერდებოდიო. ამ დროს რა მოხდა? გამოვიდა ჩვენი კავკასიური, მიადო თავი ჩვენს სტუმარს უკან და ჭიშკრისკენ სულ ბიძგებ-ბიძგებითა და მიწოლით წაიყვანა, ჩემს ლეკვებთან ახლოს რატომ მოხვედიო! ქალსაც ისღა დარჩენოდა, რომ ჭიშკარი გამოეღო და წასულიყო! წარმოიდგინეთ, ამას რა სიყვარულით და ღიმილით ვუცქერდით, მათ შორის ჩვენი სტუმარიც.

- სწორედ ამ თვისებების გამოა დარდი­ ქართული ნაგაზის ჯიშის შენარჩუნებაზე. ვხედავთ, რაც ხდება: მეცხვარეობა შემცირდა, მწყე­მსებს ქართული ნაგაზი იშვიათად სჭირდებათ, შენახვაც ძვირი ღირს. შესაძლოა ბევრმა ქუჩაშიც გაუშვას. რა ელის ქართულ ნაგაზს?

- ამ მხრივაც ნამდვილად რთული დროა. ქუჩაში გამოშვებული ქართული ნაგაზი, სულ მცირე, გადაჯიშდება და დავკარგავთ. ერთადერთი, რაც ქართულ ნაგაზს ქუჩაში გამოგდებისა და გადაჯიშებისაგან იცავს, მისი ძვირად შენახვის პროცედურაა. მთაში, მეცხვარეებთან, კვების პრობლემა არ არის, მაგრამ სხვაგან მის გამოკვებას უმრავლესობა ვერ შეძლებს. ამიტომაც არის, რომ ქართულ ნაგაზს ბევრი არც იყიდის და არც შინ მიიყვანს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქართული ჯიშის შენარჩუნებისათვის სპეციალური ღონისძიებებია მოსაფიქრებელი. თორემ ხომ ვიცით, რაც მოხდა, ქართული ჯიში მსოფლიოში კავკასიურის სახელით გაიტანეს და ახლაც არა ვართ დაცული სხვა სიურპრიზებისაგან.