მოდაშია „ოლდ მანი“
რა ფერები ავირჩიოთ, როგორი ფეხსაცმელი ან აქსესუარებია მოდური 2023 წელს, ამის შესახებ ქართველი დიზაინერი ავთანდილი გვესაუბრება:
- მოდის ინდუსტრიაში გლობალური ცვლილებებია, ვფიქრობ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. აბსოლუტურად შეიცვალა სტილისტიკა. გაქრა ლოგომანია, წინა პლანზე წამოვიდა ე.წ. ოლდ მანი. ამაზე დიდხანს საუბრობდნენ და ეტყობოდა კიდეც მოდის ტენდენციებს, რომ აქეთ წავიდოდა ყველაფერი.
- "ოლდ მანი" - ანუ წელს მოდურია სტილი, რომელიც ელეგანტურობისა და კლასიკის გამომხატველია. ის პრიორიტეტს ანიჭებს ხარისხსა და დახვეწილობას და არა მდიდრულ, თვალისმომჭრელ ელემენტებს....
- დიახ, ასეა. ერთადერთი ფერი, რაც აქცენტირებულად შემოვა, ეს არის მაჯენტა, ბორდოსფერსა და წითელს შორის. დანარჩენი აქტუალურია მხოლოდ მინიმალისტური მოდელები, ბუნებასთან მიახლოებული, ნატურალური ფერები...
ყოველი 6 თვის ბოლოს რეიტინგული მოდელების შესყიდვების სია კეთდება და მასში უმრავლსეობა სადა მოდელია. უკვე დაიწყო და შემოდგომიდან დავაკვირდებით წამყვანი დიზაინერების ჩვენებებს, სარეკლამო კამპანიებს, რომლებშიც მინიმალისტურად გადაწყვეტილი სილუეტები იქნება. ასე რომ, შემოდგომიდან უახლოესი 5 წლის განმავლობაში უნდა გამოიყურებოდე სადად და ძვირფასად.
ე.წ. ოლდ მანი შეეხო აბსოლუტურად ყველაფერს - ჩანთებს, რომლებიც მინიმალისტურადაა გაწყობილი, ლოგოს გარეშე, მყვირალა, ე.წ. თამაშის ფერები გაქრება უახლოესი 3-4 სეზონის განმავლობაში მაინც. გააქტიურებულია ტრიკოტაჟის გამოყვანილი სამოსი, რომელიც სხეულს სილუეტს არ უკარგავს. დაფიქსირდა წელი, თეძო, ქალური სილუეტი უფრო წინ წამოვიდა.
მამაკაციც უკვე სოლიდურია, ჯინსიც ნატურალურია ანუ ხარშვის გარეშე, სწორი სილუეტით შეკერილი. გამოკვეთილ სილუეტზე გრძელი ლაბადა, რომელიც ფრიალებს სიარულისას და ჰაერს ატარებს, ძალიან ტრენდულია.
- როგორც ჩანს, ოვერსაიზების მზე დიდი ხნით ჩაესვენა...
- წინა სეზონის სილუეტები მთლად არ გაქრება, მაგრამ გრძელი, ფართო ლაბადა კი მოდურია, შიგ უკვე გამოყვანილი კაბით - ანუ სამოსი უფორმო და უსქესო აღარ არის. სილუეტი გამოკვეთილია. ან თუ დიდი პიჯაკი გაცვია, წელი 2 ქამრითაა დაფიქსირებული.
ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია 2-2 ქამარი, წვრილი და ოდნავ მსხვილი, რა თქმა უნდა, ორივე ძალიან ნაზი, ყოველგვარი ლოგოს გარეშე. ამ სეზონზე დიდი პიჯაკის ქვეშ ჰუდი, განიერი შარვალი, ძალიან უხეში ფეხსაცმელი და დიდი ზომის ჩანთა შეგიძლიათ დაივიწყოთ. წელს დიდ პიჯაკს მოვირგებთ როლინგზე, სწორ შარვალსა და დაბალ ფეხსაცმელზე.
- ძალიან მოდური იყო შარვლის ოდნავ დამოკლებული ტოტები, კოჭი რომ ჩანდა. ახლა როგორი სიგრძე იქნება მოდური?
- არავითარი კოჭების გამოჩენა. შარვალს წელიც წელის ადგილას უნდა ჰქონდეს, მაღალწელიანი და დაბალწელიანი არ არის ტრენდული. აქსესუარებშიც აქტუალურობას არ კარგავს ორნამენტებიანი და ნახატებიანი შარფები, ოღონდ ლოგოების გარეშე.
- რაც შეეხება ვარცხნილობას, მგონი, აღარ ივლიან მწვანე და წითელი თმით...
- ეგ უფრო პროტესტანტი ბავშვები არიან, ან გამორჩეული ადამიანები, მათთვის არაფერს ნიშნავს მოდის ტენდენციები. მათ თავისი სტილი და მოდის თავისებური ხედვა აქვთ. ეს ნებისმიერი ადამიანის არჩევანია. რაც შეეხება ტრენდს, ეს არის ნატურალური ტუჩი, ნატურალური წარბი, მოწესრიგებული ვარცხნილობა ყოველგვარი მოგონილი ვარცხნილობების გარეშე. თუმცა აქაც აქვს ყველას პერსონალური არჩევანი. ვის რა უხდება და ვის რა უნდა.
ტყავის ლაბადები ან ტყავის შემცვლელი აქტუალურობას კარგავს და მინიმალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ მთლიან ლუქში. აქსესუარები უმჯობესია უფრო ოქროსფრისა და ვერცხლისფრის შეხამებით, სადა, მაგრამ მასიური.
- ფეხსაცმელი როგორი ჯობს?
- მაქსიმალურად კლასიკური, ზედმეტი დეტალების გარეშე. ნორმალური სიმაღლისა და ცხვირიანი. დიდი კვადრატები და ძალიან მომრგვალებული ცხვირები, ძალიან მაღალი პლატფორმები აღარ არის აქტუალური. ამ სეზონზე მაღალი ქუსლი მოდურია. ასევე აქტუალურია 60-იანი წლების კედები და ბოტასები. საერთოდ, ადამიანმა უნდა ატაროს ის, რაშიც თავის მეს არ კარგავს. თუ პლატფორმები არ არის მოდური და ადამიანს უხდება, რატომ არ უნდა ჩაიცვას? მთავარია, ჩაცმულობით ჩანდეს თქვენი პიროვნება.
- ანუ შენ კი არ უნდა მოერგო მოდას, მოდა უნდა მოირგო შენ!
- სწორედაც.