დემნა გვასალია: „უხეში სილუეტები ჩემს კოლექციაში გამოხატავს იმას, რაც ცხოვრებაში გამოვიარე“
პარიზში მოდის სახლ Balenciaga-ს 2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. კოლექცია წარადგინა Balenciaga -ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ, რომლის ჩვენებებიც გამოიჩევა ექსტრავაგანტური სტილით და ხშირად შთაგონებულია 90-იანი წლების საქართველოს ცხოვრებით... წლევანდელი კოლექცია საინტერესო იყო იმითაც, რომ ის დემნას ოჯახის წევრებმაც წარადგინეს - შოუ დემნას დედამ, ელამ გახსნა და დემნას ქმარმა, ლოიკ გომესმა საპატარძლო კაბით დახურა...
სოხუმიდან "ბალენსიაგამდე"
ეროვნებით ქართველი გერმანიის მოქალაქე დემნა გვასალია დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლის დიზაინით, მაგრამ დემნას ნიჭს განვითარება არ დასცალდა - 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო და მისი ოჯახი დევნილად იქცა... დემნამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. სტუდენტობისას ოპერატორად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში. 2000 წელს კი მისი ოჯახი გერმანიაში წავიდა და დიუსელდორფში დასახლდა. "ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა მე გადავწყვიტე მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ ხელოვნების აკადემიაში, Royal Academ Of Fine Arts-ში, ბელგიაში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა" - იხსენებს ის.
ხელოვნების სამეფო აკადემიაში 800 მსურველიდან 70 მიიღეს, მათ შოOრის იყო დემნაც. პირველი კურსის ბოლოს კი 16 რჩეულ სტუდენტში მოხვდა. სწავლის დასრულების შემდეგ დემნას პროფესორმა ვალტერ ვან ბეირენდონკმა თავის ბრენდში მამაკაცის ხაზის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა... პირველი კოლექცია დემნა გვასალიამ 2007 წელს ტოკიოს მოდის კვირეულზე წარადგინა. შემდეგ Margiela-ს ქალისა და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. 2012 წელს ხელმძღვანელობდა ,,H&M & Margiela-ს გახმაურებულ კოლაბორაციას. 2013 წელს დემნა "ლუი ვიტონის" ქალის ხაზის უფროს დიზაინერად დაინიშნა, სადაც მაღალი ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები ჰქონდა. 2014 წელს ძმასთან, გურამთან ერთად შექმნა საკუთარი ბრენდი "Vetements“. ეს იყო პოპულარული ქუჩის სტილი, რაც თავად დიზაინერს მოსწონდა. მისი ძმა გურამი კომპანიის ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2015 წლის ოქტომბერში გვასალია დანიშნეს Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად, თუმცა Vetements-შიც აგრძელებდა დიზაინერად მუშაობას (მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა)...
ბალადა სიყვარულზე...
2017 წელს დემნა გვასალია ფრანგ მუსიკოს ლოიკ გომესზე დაქორწინდა და შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. ლოიკი წარმოშობით ფრანგია, მაგრამ, როგორც დემნამ აღნიშნა, ისინი თავს ყველაზე კარგად შვეიცარიაში გრძნობენ და საფრანგეთში არ იცხოვრებენ, რადგან მთავრობისთვის კოლოსალური კომუნალური გადასახადების გადახდა არ სურთ...
ლოიკ გომესი დემნაზე 12 წლით უმცროსია. დემნა გახდა ვეგეტარიანელი, დაიწყო ვარჯიში და ცხოვრების სტილი შეიცვალა. ,,შვეიცარიელები ნაკლებად განგსჯიან. აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, უსაფრთხოება კი ჩემს ცხოვრებაში მთავარია". ამბობს Vogue-თან ინტერვიუში დიზაინერი.
ქორწინების შესახებ ინფორმაცია წლების წინ დემნამ თავად გაავრცელა, როდესაც ინსტაგრამზე დადო ნიშნობის ბეჭდების ფოტო წარწერით: "და მე ვთქვი კი".
NYT Styles Magazine-მა დემნა გვასალიას გულახდილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში დიზაინერი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შიში აქვს, რომელიც მისი ორიენტაციით არის გამოწვეული, ერთ-ერთი მიზეზი ბიძამისის მუქარაა, რომელიც დემნას მოკვლით ემუქრება. ,,ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან მოკვლით მემუქრებიან. ერთ-ერთი მათგანი ბიძაჩემია... ისეთ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, ისეთ მკაცრ ბიჭს დავმსგავსებოდი, რომელიც გადარჩებოდა იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ შინაგანად ასეთად არასდროს ვგრძნობდი თავს"...”
დემნამ თავის ქმარს სიყვარული საჯაროდ აუხსნა, როდესაც პარიზში "ოტ კუტიურ" კოლექციის ჩვენებაზე პოდიუმიდან ფრანგულ ენაზე სასიყვარულო ბალადა მიუძღვნა. მისი გულშემატკივრების აზრით, ეს ლექსი აფხაზეთსა და საქართველოს ეძღვნებოდა, თუმცა მოგვიანებით დემნამ განმარტა, რომ ლექსი არა სამშობლოს, არამედ ხელოვნებასა და ქმარს მიუძღვნა...
ლოიკი ბოლო დროს დემნას ჩვენებებისთვისაც ქმნის მუსიკას. რაც შეეხება საკუთარ კარიერას, ლოიკი BFRND-ის სასცენო სახელით მოღვაწეობს და ძალიან წარმატებული კარიერა აქვს.
დიზაინერი "წესების გარეშე"
,,იშვიათი დიზაინერი, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრიაში არსებული წესები დაარღვიოს" - წერს ჟურნალი Vogue. დემნას სტილს ათასობით იმიტატორი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
2016 წლის Fashion Award -ის დაჯილდოებაზე დემნამ წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მიიღო, Vetements-ი კი გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს-კლასის ბრენდი.
Met Gala 2021-ზე, რომელიც ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ვარსკვლავური მოვლენაა, ცნობილი ადამიანების უმრავლესობა დემნას სამოსით იყო წარმოდგენილი. მათ შორის: კიმ კარდაშიანი, მომღერალი რიანა, ტრეისი ელის როსი, იზაბელ იუპერი, ელიოთ პეიჯი და სხვ.
ჟურნალ თიმე-ს ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, გასულ წელს დემნა გვასალია 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა.
2022 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა მესამე ხარისხის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დიზაინერი უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩი გახდა.
ცნობისთვის: უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 დღეში დემნას ჩვენება ჰქონდა პარიზში, რომლის კონცეფციაც კლიმატური ცვლილებები უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეიცვალა უკრაინის მხარდამჭერი კონცეფციით. როგორც დემნა განმარტავს, უკრაინაში არსებული მდგომარეობა კარგად ესმის და ამ ფაქტმა მას სოხუმთან დაკავშირებული წარსულის ტრავმები გაახსენა.
"უკრაინის ომმა წარსულის ტრავმები გამახსენა, რომელიც 1993 წლიდან მომყვება და რომელმაც სამუდამოდ ლტოლვილად მაქცია. სამუდამოდ, რადგან ეს არის ის, რაც შენში რჩება - შიში, სასოწარკვეთილება, იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები" - ამბობს დიზაინერი NYT Styles Magazine-თან ინტერვიუში.
2022 წელს დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის სტატუსიც მიენიჭა.
სკანდალი...
რა თქმა უნდა, დემნას ცხოვრებაში იყო სკანდალებიც. Bალენციაგა კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვია, რაც ბრენდის სადღესასწაულო კამპანიის ფოტოები გავრცელდა. ბრენდის საჩუქრების მაღაზიის სარეკლამო კამპანიაში ბავშვები მონაწილეობდნენ, მათ ხელში ეჭირათ პლუშის დათვები გამჭვირვალე სამოსითა და ტყავის აღჭურვილობით, რაც საზოგადოებაში გარყვნილებასთან ასოცირდება. ამის გამო დემნამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა...
დემნასეული 90-იანები
დემნას კოლექციის ნახვის შემდეგ ბევრს უჩნდება კითხვა, საიდან მოდის ეს გიჟური იდეები?! ქართველმა დიზაინერმა თამამად მონიშნა საქართველოს ადგილი მოდის ინდუსტრიაში მაისურებზე დაპრინტული ქართული ლექსებითა თუ ციტატებით - ,,საქართველო", ,,უფალო შეგვიწყალე", ,,სოხუმი", ,,კმარა". მის კოლექციებში ხშირად გადმოცემულია 90-იანების ჩაცმის სტილი, ერთმანეთში არეული კრიმინალური და რელიგიური შინაარსის ტატუებით.
2019 წლის Vetements-ის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექცია დიზაინერმა სამშობლოს მიუძღვნა. დემნამ საზოგადოებას თავისი ბავშვობის ისტორია გააცნო. კოლექციის შთაგონების წყარო იყო 90-იანების საქართველოს მძიმე დრო, რომელშიც გაიზარდა. ,,ეს პერანგი უბრალოდ მოხატული არ არის, საქართველოში ასეთი ტრადიციაა - სკოლადამთავრებული ახალგაზრდები ბოლო ზარის დღეს, საზეიმო თეთრ პერანგებზე ერთმანეთს სურვილებს აწერენ და შემდეგ ამ სამოსს, როგორც სუვენირს, მთელი ცხოვრების განმავლობაში სათუთად ინახავენ".
2020 წელს Balenciaga-მ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება პარიზის მოდის კვირულზე გაიმართა და მასში ნეოგოთიკური ესთეტიკა ჭარბობდა. ,,დემნა გვასალიამ პოდიუმი დატბორა" - წერდა გარდიანი. როგორც ჩვენების შემდეგ დიზაინერმა განაცხადა, ეს ყველაზე დემნასეული ჩვენება იყო, რაც აქამდე გაუმართავს და აღნიშნა, რომ კოლექცია ყველაფერ იმას განასახიერებდა, რაც საქართველოში ცხოვრებისას უყვარდა...
2023 წლის ზაფხულის ჩვენებას ,,ტალახის შოუ" ეწოდა. მოდელები, რომლებიც კოლექციას წარადგენდნენ, ტალახში დააბიჯებდნენ. ,,ადამიანს გამბედაობა და შეუპოვრობა სჭირდება, რათა მიიღოს საკუთარი იდენტობა და იყოს ის, ვინც არის. ყოველი დღე ბრძოლის ველს ჰგავს, საკუთარი უნიკალური იდენტობის დასაცავად. და რაც უფრო მეტად ვცდილობ ვიყო ის, ვინც ვარ, მით უფრო მეტად მხვდება სახეში მუშტი. თუმცა დიდებულია, ვიყოთ განსხვავებულები... გადავწყვიტე, სიტყვიერად აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები, არამედ, გამოვხატო გონების მდგომარეობა. მოდა ვიზუალური ხელოვნებაა და მისი მხოლოდ სხვისი თვალით დანახვაა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, მოდას არ სჭირდება ისტორია, რომელსაც ვინმეს მიჰყიდი. ამ შოუში შექმნილი გარემო ჭეშმარიტების ძიებისა და მიწიერებასთან სიახლოვის მეტაფორაა. მოდი, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან. შევქმნათ სიყვარული და არა ომი - განაცხადა დემნამ ამ კოლქციის შესახებ და დასძინა - ჩემთვის არასოდეს არ ჰქონდა მოდას დიდი მნიშვნელობა. მე მიყვარს ამის კეთება, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, სულერთია. მე ისეთი რამე მინახავს, მასთან მოდა უადგილო ჩანს... არ მომწონს, რომ ფუფუნება მიზნად ისახავს იმის თქმას, რომ მდიდარი ხარ, მირჩევნია ისეთი ჩანთა მეჭიროს, რაც არ დამამსგავსებს ბურჟუაზიულ ძუკნას, რომელსაც ყველაფრის შეძენა შეუძლია... უხეში სილუეტები ჩემს კოლექციაში გამოხატავს იმას, რაც ცხოვრებაში გამოვიარე. უფრო ადვილია ტკივილის ან სიხარულის გამოხატვა ჩემი ნამუშევრების მეშვეობით, ვიდრე ამის ხმამაღლა თქმა".“
ძმა ძმის კვალში...
სიურპრიზებით იყო სავსე Balenciaga-ს 2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულის ჩვენებაც, რომელიც თავად დემნას დედამ, ელამ გახსნა. ჩვენებაში მონაწილეობდა დემნას მეგობარი, ამერიკელი მოდელი და ბიზნესლედი კიმ კარდაშიანიც. შოუ დემნას მეუღლემ დახურა, რომელმაც ბრენდის წინასაკოლექციო 7 საქორწინო კაბის ერთად შეკრული ვერსია მოირგო. შოუს ესწრებოდა დემნას მამაც. წარმოდგენას ნამდვილად ექნებოდა "ოჯახური სახე", რომ არა ერთი ფაქტი - ჩვენებაზე არ მიიწვიეს დემნას ძმა. ,,ვამაყობ, რომ შოუ დედაჩემმა გახსნა. ძალიან სამწუხაროა, რომ მე არ მიმიწვიეს. ვლოცულობ ჩემი ძმისთვის, ღმერთმა დალოცოს" - წერს გურამ გვასალია სოცქსელში.
ძმებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც New York Time - სთან გურამმა ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ამბობს, რომ დემნაზე უფრო წინ არის, დემნას ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და ახლა მისი დროა.
ცოტა ხნის წინ გურამ გვასალია ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში - მან სოცქსელში ბრიტანელ სუპერმოდელ კეიტ მოსთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: ,,მიყვარხარ, კეიტ"... ნიშნავს თუ არა დემნას ძმის პოსტი ახალი რომანის დაწყებას, თუ ამ ნაბიჯით დიზაინერს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურს, ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა ისიც, მოახერხებს თუ არა გურამი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას...
„დემნა რევოლუციონერია და ამას მსოფლიო აღიარებს“
დემნა გვასალიას ბოლო კოლექციაზე მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე გვესაუბრება: - დემნამ დაარღვია მსოფლიო მოდის სტანდარტები და ახალი სიტყვა თქვა მოდის ინდუსტრიაში, მან აბსოლუტურად შეცვალა ქალის დაკანონებული ფორმები. თავის დროზე, კრისტობალ ბალენსიაგამაც მოახდინა რევოლუციური ძვრები მოდის ინდუსტრიაში, დემნაც რევოლუციონერია და მას მსოფლიო აღიარებს.
როცა პირველი ჩვენება ჰქონდა, მაშინვე ვთქვი, რომ ის თავის სიტყვას იტყოდა. მე მისი ფანი ვარ და მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ქართველია, მომწონს, როცა ხელოვანს თავისი ხელწერა აქვს. მოდის ინდუსტრიაში არსებობს შანელის, დიორის, ივ სენ ლორანის სტილი, დემნამ შექმნა თავისი სტილი. მოდაში შენი ხელწერა დატოვო, რომელიც სხვა დიზაინერებისგან მკვეთრად გამოგარჩევს, ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
- როგორ შეაფასებდით ბალენსიაგას 2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულის ჩვენებას?
- მისი ყოველი ჩვენება დატვირთულია გარკვეული პერფორმანსით, რომლითაც ამჟღავნებს შინაარსს. შოუ სხვა არის და მაღაზიის პროდუქცია - სხვა, შოუ გადმოსცემს ხელოვანის ფიქრს, აზრს, სიტყვას, განწყობას. დემნა ამას გენიალურად აკეთებს. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა, მისი ხელწერა იმდენად უნიკალურია, რომ ზოგს არ მოსწონს და ასეც უნდა იყოს. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, სადაც მოდელს ორი კოსტიუმი აცვია, ჩემი აზრით, გადმოსცემს ადამიანის სხვადასხვა ხასიათს... არ დამავიწყდება დემნას ჩვენება წყალში. ეს თოვლში, სიცივეში გაკეთებული შემზარავი შოუ სოხუმელების სუსხიანი გზაა, რომელიც გამოიარეს. და გამახსენდა მაშინ, როდესაც უკრაინის ომი დაიწო... მის სამოსს პოლიტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს... დემნა კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს.
გვანცა ახვერდაშვილი