როდის არის გადაუდებელი გლანდების ოპერაცია - კვირის პალიტრა

როდის არის გადაუდებელი გლანდების ოპერაცია

რომელი პერიოდია ოპერაციის დასაგეგმავად კარგი და რომელ ასაკში ჯობს დავგეგმოთ გლანდების ამოჭრა? - ამ და გლანდების შესახებ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე ექიმი ზაზა ხუციშვილი უპასუხებს:

- გლანდები ანუ სასის ტონზილები ლიმფური სისტემის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. მისი პირველი რგოლი და ამოცანაა გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან, მათ შორის ვირუსების, ბაქტერიებისგან და ა.შ. ორგანიზმის დაცვა.

- რატომ ხდება ხოლმე მისი ამოჭრა საჭირო?

- თვითონ ტონზილები პირველი დაცვითი რგოლია იმიტომ, რომ სხვა გზებით შესულ ინფექციას პირველ რიგში სასის ტონზილები, ცხვირ-ხახის ადენოიდები და ცხვირის ღრუ ბლოკავს. როცა ორგანიზმზე ხშირია სხვადასხვა ვირუსულ-ბაქტერიული შეტევა, თანდათანობით სასის ტონზილები ამდენი ბრძოლისგან ფუნქციას კარგავს და ორგანიზმისთვის არასასურველი ხდება - ანუ თვითონ ხდებიან ტოქსინები ადამიანის ორგანიზმისთვის. შესაბამისად, იწყება უმიზეზო ანთებები, მუდმივი დისკომფორტი, სასის ტონზილებში ჩირქის გაჩენა. ამას მოჰყვება ზოგადი სისუსტე, დაღლა, გულის ფრიალი, სახსრების ტკივილი და ა.შ., რაც იძულებულს ხდის ადამიანს მიმართოს ექიმს.მედიცინა არ არის შაბლონური მეცნიერება. შეიძლება ვიღაცას, 5-ჯერ ჰქონდეს ანგინა გადატანილი, ვიღაცას კი არაფერი აწუხებდეს, თუმცა არის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ სასის ტონზილებს უჭირს ფუნქციის შესრულება, რაც შემდგომში იმუნურ სისტემას აქვეითებს და საოპერაციო ხდება. ამ დროს ხშირია დაბალი ტემპერატურა, რომელიც მერყეობს 37-დან 37,5 გრადუსამდე.

- როგორც ვაკვირდები, ბავშვობის ასაკში უფრო ხშირად იკეთებენ ამ ოპერაციას.

- ბაღისა და სკოლის პერიოდში სხვადასხვა ტიპის ინფექციებთან კონტაქტი უფრო ხშირია. ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდება სხვადასხვა ბაქტერია, სხვადასხვა ვირუსით იმუნიტეტი ქვეითდება, პირველივე გარე გამღიზიანებელზე ეწყება გაუთავებელი მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი და ა.შ., მშობელი იძულებულია მოაცილოს გლანდები.

- მართალია, რომ მოზრდილებთან შედარებით, ბავშვები უფრო ადვილად იტანენ ამ ოპერაციას?

- რასაკვირველია. სასის ტონზილები მოთავსებულია პირის ღრუში, იქ, სადაც განვითარებულია სისხლძარღვოვანი ქსელი და კისრის მუსკულატურა. შესაბამისად, რაც უფრო ნაზი და თხელია ქსოვილები და ხშირი ანთებებისგან არ არის ფიბროზული ქსოვილები ჩამოყალიბებული, ჭრილობა უფრო ელასტიკურია და იოლად ხორცდება, განსხვავებით უფროსებისგან. თუმცა, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს შეხორცების უნარს, ოპერაციის გაკეთების ტექნიკას და ა.შ.

- ყველაზე დაბალ ასაკში როდის აკეთებენ ამ ოპერაციას?

- ჩემი აზრით, ოპერაცია ჯობს გაკეთდეს იმ ასაკში, როცა ბავშვი კონტაქტურია, მეტყველებს და აზროვნებს გამართულად, ნებისმიერ პრობლემას ადეკვატურად გაწვდის, რათა ექიმმა აქედან გამომდინარე იმოქმედოს. ამ ოპერაციას ახასიათებს რთული პოსტოპერაციული პერიოდი, რომელიც დაახლოებით 3 კვირა გრძელდება. ამ პერიოდში ყურადღებაა საჭირო, პატარა პრობლემაც არ უნდა გამოგვეპაროს. ერთ-ერთი ხშირი გართულებაა სისხლდენა და შესაბამისად, ბავშვმა უნდა გადმოგცეთ, თუ იგრძნო ახალი სითხის გაჩენა პირის ღრუში. არიან ყურადღებიანი მშობლები, რომლებიც პროფილაქტიკის მიზნითაც მოდიან. თუკი გლანდები გამართულად მუშაობს, ნორმალური ექიმი მის ამოჭრას არ ურჩევს, რადგან სასის ტონზილებს დიდი დაცვითი როლი აკისრიათ.

- რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს, თუ ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდათ?

- სასის ტონზილებზე ოპერაცია ტიპური გეგმური ოპერაციაა, რომელიც შეგიძლია გაიკეთო 2 დღეში, 2 თვეში და 2 წელიწადში, გააჩნია, რამდენად დამთრგუნველად მოქმედებს ის ადამიანის ორგანიზმზე. შესაბამისად, ოპერაციის გაკეთების დროულობაც აქედან არის გამომდინარე. თუ ადამიანი ყოველ ორ თვეში ერთხელ ავადობს მაღალი სიცხით, უჩირქდება, სჭირდება ანტიბიოტიკური თერაპია, რასაკვირველია, ჯობს ოპერაცია დროულად გაიკეთოს. თუმცა ბავშვთა ასაკში ძირითადად არანაირი გამოხატული პრობლემა არ ყალიბებდა, თუ არ ჩავთვლით ადგილობრივ ანთებით ცვლილებებს.

- რას გულისხმობთ?

- არ ხდება, რომ ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბდეს გულის მანკი, მწვავე რევმატიზმი, შარდ-სასქესო სისტემის პრობლემები... ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ამას არა აქვს სისტემატური ხასიათი. შესაბამისად,როცა ადამიანს სასის ტონზილები მთელი ცხოვრება აწუხებს და არ იცილებს, შესაძლებელია ჩამოუყალიბდეს როგორც რევმატიული ართრიტი, ისე გულის სხვადასხვა დაავადება, შარდ-სასქესო სისტემის პრობლემები...

- განსაკუთრებით მომღერლები უფრთხილდებიან ხოლმე გლანდებს.

- ოპერაციის შემდეგ საკმაოდ დიდი ნაწიბურები ყალიბდება, რაც მეტ-ნაკლებად ცვლის ხმის ინტონაციას, იწვევს პირის სიმშრალეს და, რასაკვირველია, თუკი მომღერალი ხარ, მაქსიმალურად ერიდები ოპერაციას. მითი, რომ იოგები დაგიზიანდება ოპერაციისგან, არასერიოზული­ მიდგომაა, თუმცა იმის რისკი, რომ ხმის ტემბრი ან ტონალობა შეიცვალოს, ან სიმშრალე მოგვემატოს და იოგებს დამატებითი ჯაფა დაადგეს, არსებობს. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, თუ რაღაც სასწაული არ ხდება, არ გაიკეთონ.

- ყველაზე კარგი პერიოდი ოპერაციის დასაგეგმავად როდისაა?

- ნებისმიერ პერიოდში შეგიძლია დაგეგმო.

- პროცენტულად რამდენს სჭირდება გაკეთება?

- ზუსტი პასუხი არ მაქვს. ერთს ვიტყვი - ყველა ქვეყნის მედიცინას აქვს თავისი მიდგომა. უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში, პაციენტს შეუძლია წლობით სვას ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები ექიმის მეთვალყურეობით, იყოს შავ დღეში, მაგრამ არ გაიკეთოს ოპერაცია, იმიტომ, რომ ექიმი არ ეუბნება. საქართველოში ამას ვერ აუხსნი და დაუსაბუთებ, იმიტომ, რომ ის წუხდება და არც ფინანსურად აქვს საშუალება ყოველ მეორე თვეს ანტიბიოტიკების კურსი ჩაიტაროს, მერე კი ანტიბიოტიკებისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძოლოს. ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ეს ოპერაცია. ყველას ვურჩევ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. ბავშვებს ვურჩევ იშვიათად სვან გაზიანი სასმელი და არ ჭამონ თხილეული, ჩიფსები... ეს იმ დიდებსაც ეხებათ, ვისაც ყელის ზოგადი სისუსტე აქვთ.