რა უნდა ვიცოდეთ ფილერის გამოყენებამდე და რამდენად უსაფრთხოა ის
ამერიკის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების 2018 წლის ანგარიშის თანახმად, წლის ყველაზე პოპულარულ კოსმეტიკურ პროცედურებად ბოტოქსი და ფილერის ინიექციური შემავსებლები აღიარეს. 2018 წელს ამერიკაში 7,4 მილიონი ბოტოქსი და 2,6 ფილერის ინიექცია გაკეთდა. ამერიკაში ბოტოქსის პროცედურის ღირებულება დაახლოებით 400 დოლარს შეადგენს, ფილერის შემავსებლის ერთი ინიექციის კი 500-დან 900 დოლარამდეა, თუმცა ფასი პრეპარატისა და მოცულობის მიხედვით იცვლება. ფილერის საშუალებით შესაძლებელია სახეზე ნაოჭებისა და ხაზების შევსება-გასწორება, ტუჩისა და ყვრიმალების გადიდება, ასევე ცხვირ-ტუჩის ღარის შევსება და კიდევ სხვადასხვა სახის კორექცია. ჩვენს კითხვებს კოსმეტოლოგი სოფიო თოიძე უპასუხებს.
- რა არის ფილერი?
- ფილერი არის ინიექციური შემავსებელი, გელისებური მასა, რომელიც მოიხმარება სახეზე ასაკობრივი ცვლილებების დროს სხვადასხვა კოსმეტიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად. საინტერესოა რომ XIX საუკუნეში პირველად იქნა გამოყენებული აუტოლოგიური ცხიმის მასა დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, თუმცა ეს პროცედურა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ჯერ კიდევ არ არსებობდა მეთოდი, რითიც გაახანგრძლივებდნენ ტრანსპლანტაციას ანუ შედეგს.
- პირველად როდის გამოიყენეს ფილერი?
- პირველად ფილერი ნახსენები იყო 1875 წელს, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ვაზელინი შეიყვანეს, რის შედეგადაც ქსოვილმა დეფორმაცია განიცადა. 1900 წელს ექიმებმა იმავე მიზნით პარაფინი გამოიყენეს. ეს პრეპარატები სინთეტიკური იყო, პარაფინისა და სილიკონისგან შედგებოდა. მისი გამოყენება 1940-იან წლებამდე გაგრძელდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა აზიაში. 1940-იანი წლების შემდგომ თხევადი სილიკონის გამოყენება დაიწყეს. Aშესაბამისად ფილერის, იმავე შემავსებლის, ისტორიას თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ რომ ცდებით, როცა ფიქრობთ, რომ ფილერის პოპულარობა XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. ამ პერიოდში ფილერის გამოყენებით უკვე შესამჩნევ ეფექტს იღებდნენ. ტუჩისა და ყვრიმალების გადიდება კოსმეტოლოგიაში პოპულარობის პიკი გახდა, თუმცა ამ ტენდენციას ჰქონდა უარყოფითი შედეგებიც, რასაც დღესაც ვხვდებით, როდესაც სინთეტიკურ ფილერებს, კონკრეტულად კი ბიოპოლიმერს იყენებენ.
- რა არის ბიოპოლიმერი და რატომ ურჩევენ კოსმეტოლოგები ფილერს ბიოპოლიმერის ნაცვლად?
- ბიოპოლიმერი იყო ყველაზე აქტუალური პრეპარატი, რომელსაც ცხვირ-ტუჩის შესავსებად იყენებდნენ. ადრე ბიოპოლიმერით იდიდებდნენ ტუჩებს. ის სამუდამოდ რჩება ტუჩის ქსოვილში, რადგან სინთეტიკურია. ვინც ტუჩი ბიოპოლიმერით გაიდიდა და არ გაურთულდა, ნამდვილად გაუმართლა, რადგან ბიოპოლიმერს ახასიათებს სხვადასხვა გართულება: ტუჩის მიგრაცია, გაბერვა, შეშუპება, დაკიდება. ასეთ დროს გარდაუვალია ოპერაცია, რომელიც ბიოპოლიმერის ამოღების ერთადერთი საშუალებაა. ასეთი ოპერაცია ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს. ბიოპოლიმერი ქსოვილიდან ბოლომდე არ გაიწოვება. ადამიანის ორგანიზმი ასეთ შემავსებელს იღებს როგორც უცხო სხეულს და იწყება განდევნის პროცესი, შესაბამისად, ვითარდება ანთება, მიგრაცია და ფიბროზები. ეს უარყოფითი შედეგები პაციენტებში დგება ბიოპოლიმერის გაკეთებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
- დღეს რა შემადგენლობა აქვს ფილერს?
- ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის მარეგულირებელმა ფედერალურმა სააგენტომ ფილერი 1981 წელს აღიარა და ამით დაიწყო კოსმეტოლოგიაში ახალი ეპოქა. რა თქმა უნდა, ბაზარზე გამოჩნდა სხვადასხვა მწარმოებლის ახალ-ახალი ფილერი, სუფთა ფორმით, ხარის კოლაგენით. თავიდან შეიქმნა ნაწილობრივ გამწოვი გელები. რა თქმა უნდა, მეცნიერები მუშაობდნენ ისეთი ფილერის შექმნაზე, რომელსაც ორგანიზმი აითვისებდა ან ბიოთავსებადი იქნებოდა, რომელიც მოგვცემდა გაახალგაზრდავების ეფექტს ალერგიისა და სხვადასხვა ფიბროზული წარმონაქმნის გარეშე. 2003 წელს Fამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის მარეგულირებელმა ფედერალურმა სააგენტომ აღიარა სუფთა ჰიალურონის დერმალური ფილერი, რომელიც ბევრად მსუბუქი და ეფექტური იყო, ვიდრე მისი წინამორბედი შემავსებლები. მას თითქმის არ სჭირდებოდა ტესტირება ალერგიაზე.
თანამედროვე ფილერი არის შემავსებელი, რომელიც ავსებს დეფიციტს ქსოვილის კანზე. ის მზადდება ლაბორატორიულად სინთეზირებული ჰიალურონის მჟავით, გადის შემოწმებას სხვადასხვა ენდოტოქსინზე და არის ბიოთავსებადი პროდუქცია, თითქმის არ იწვევს ალერგიას.F ფილერი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა, ის დაახლოებით 2-3 თვიდან წლამდე, 2 წლამდეც ძლებს.
- ტუჩის გადიდების მიზნით ადრე გამოიყენებოდა ბიოპოლიმერი, დღეს ფილერით იზრდიან მოცულობას. რას ურჩევთ იმ პაციენტებს, ვისაც ტუჩის მოცულობის გაზრდა სურთ?
- 19-20 წლის გოგონებს ხშირად არ მოსწონთ საკუთარი თავი, სურთ გარეგნობის ცვლილება, და მათ მინდა ვუთხრა, თქვენ გაქვთ უდიდესი რესურსი - ახალგაზრდობა და ნუ დაიწყებთ ინიექციების გაკეთებას ახალგაზრდობიდანვე. თუმცა არიან გოგონები, რომელთაც გარეგნობის კომპლექსი აქვთ, ძირითადად, გარდატეხის ასაკში. ასეთ დროს სხვა სამუშაოა საჭირო, აუცილებელია თვითშეფასების ამაღლება. არსებობენ ასევე პაციენტები, რომლებსაც ასაკის მიუხედავად, გარეგნობაში ცვლილების შეტანა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე სჭირდებათ. გოგონებს ვურჩევ, თავდაპირველად მიმართონ სპეციალისტს, არ გაიდიდონ ტუჩი E ვიტამინით, რადგან ის არ არის განკუთვნილი ტუჩისთვის და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. დღეს ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე შემოსულია მეხუთე თაობის პრეპარატები, რომელთაც გვერდითი მოვლენები თითქმის არა აქვთ, არ იწვევს ალერგიას და სხვადასხვა გართულებას. გახსოვდეთ, აირჩიეთ მაღალი ხარისხის პრეპარატი და მხოლოდ სპეციალისტს მიანდვეთ თქვენი სილამაზე.