„ცდილობენ დაგვანახონ, თითქოს საერთოდ არ შედიან სხდომაზე, ფარულად კი „ნაციონალების“ „ოცნებასთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს“
"ნაცებსა" და "ქოცებს" ფარული მოლაპარაკება აქვთ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რათა პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას - გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს", - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. მისი აზრით, მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. უფრო ვრცლად, თუ როგორ აპირებენ "ნაციონალები" ხმის მიცემას პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, რა გამოწვევა მიიღო გახარიას გუნდმა და როგორი იქნება პასუხი, პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ დაუშვილი გვესაუბრება:
- საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც "ოცნებას" აწყობს. შეიძლება ითქვას, არგუმენტები ორივე მხარეს აქვს, მაგრამ არ ღირს ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვა.
- გავრცელდა მოსაზრება, რომ თუ ზურაბიშვილი ძველ პოზიციას დაუბრუნდება და "ოცნების" კრიტიკას შეწყვეტს, შესაძლოა იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.
- არ არის გამორიცხული, შეიძლება "ოცნებამ" მართლაც შეიცვალოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე აზრი, მაგრამ არა იმიტომ, რომ აღარ უნდა, ან იმის იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილი ძველ პოზიციას დაუბრუნდება, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება "ოცნებისა" და "ნაციონალების" გარიგება ჩაიშალოს და "ოცნებამ" ვეღარ შეძლოს "ნაციონალების" მოსყიდვა. დიახ, მე ვთქვი, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", ფარული მოლაპარაკება აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას ამ პოლიტიკურ თაღლითობაში. ცდილობენ ისე დაგვანახონ, თითქოს არაფერ შუაში არიან, რომ საერთოდ არ შედიან სხდომაზე და ა.შ., ფარულად კი მათ შორის სხვა მოლაპარაკება მიმდინარეობს. ორივე გუნდი ცდილობს პასუხისმგებლობა სხვას აჰკიდონ, ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, თითქოს ჩვენ ვაპირებთ "ოცნებას" დავეხმაროთ იმპიჩმენტში. ასეთი შანსიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ ჩვენგან ხმა მისცეს იმპიჩმენტს.
- ასეთი განცხადება კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთეთ თუ უბრალოდ "ოცნებისა" და "ნაციონალების" პოზიციონირებამ გაგიჩინათ ასეთი განცდა?
- ამ ეტაპზე არგუმენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გვაქვს იმის მაგალითი, თუ როგორ გამოუცხადეს "ნაციონალებმა" მხარდაჭერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" კანდიდატ მურუსიძეს. კიდევ ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება, როდესაც "ნაცმოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს დაეხმარნენ.
- გასაგებია, მაგრამ "ნაციონალები" ამბობენ, რომ დარბაზში არ შევლენ.
- ვინ ენდობა მაგათ სიტყვას?! ერთხელ შეუცვლიათ პოზიცია თუ ორჯერ? საკითხი საერთოდ არ დგას ასე, ვინ შევა და ვინ არა დარბაზში, მთავარია, წარმატებით დასრულდება თუ არა ფარული მოლაპარაკება "ნაციონალებსა" და "ოცნებას" შორის.
- რისი მიცემა შეუძლია მმართველ გუნდს "ნაციონალებისთვის" იმპიჩმენტის მხარდაჭერის სანაცვლოდ?
- არ მიმაჩნია ამაზე საუბარი მიზანშეწონილად. რაზე შეთანხმდნენ მაშინ, როდესაც "ნაციონალებმა" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ოცნების" კანდიდატს დაუჭირეს მხარი? ფაქტია, მაშინ რაღაცაზე შეთანხმდნენ და რატომ არის გამორიცხული ახლაც შეთანხმდნენ? ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, "ნაცმოძრაობა" მმართველი გუნდის მაშველი რგოლია, ხან დეპუტატებს ათხოვებს, ხან სხვაგვარად მოქმედებს... საკრებულოშიც არაერთხელ ყოფილა "ოცნებისა" "ნაცების" შეთანხმების ფაქტი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მოსაკრებლის ტარიფის გაზრდაზე მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება. მსგავსი შეთანხმების ფაქტები ხშირია.
- თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამბობთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" შეთანხმების ჩასაშლელად ყველაფერს გააკეთებს. ამისთვის რა რესურსი გაქვთ?
- ჩვენ "ნაციონალებსა" და "ოცნების" წარმომადგენლებს ვერც კარს ავუჭედავთ და ვერც ერთმანეთთან მოლაპარაკებას დავუშლით. პრობლემა არც მოლაპარაკების გამართვაა და არც შეთანხმება, ცუდი ის არის, რომ ისინი საკუთარ მოქალაქეებს ატყუებენ. დაუფარავად რომ ლაპარაკობდნენ, რატომაც არა, ამომრჩეველი დაინახავდა, ვის რა პოზიცია აქვს. ჩვენი ამოცანაა ყველაფერი, რაც კულუარებში ხდება, საჯარო გავხადოთ. ამის მერე ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვის დაუჭერს მხარს.
- გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სინამდვილეში თქვენ გინდათ დაუჭიროთ მხარი იმპიჩმენტს და შეთანხმების ამბავი თავის სამართლებლად გამოიგონეთ.
- ძალიან სასაცილოა.
- ერთი ვერსიით, ივანიშვილი და ზურაბიშვილი მოქმედებენ შეთანხმებით...
- ასეთ შეთანხმებას მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს?
- იმავე ვაშაძის თქმით, მათი შეთანხმების მიზანი საბოტაჟია ევროინტეგრაციის გზაზე.
- მთავარი ის კი არ არის, ვინ ვისთან შეიძლება გარიგდეს, მთავარია პრინციპი. ჩვენ იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე იმიტომ კი არ ვამბობთ უარს, რომ კონკრეტულ პირს ვიცავთ, "ოცნებამ" სახელმწიფო ინსტიტუტები პარტიულ ორგანიზაციებად გადააქცია, ჩვენი მიზანი კი მათი დაცვაა.
- კულუარული ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგება და ზურაბიშვილი გახარიას პარტიასთან დაიწყებს თანამშრომლობას.
- კონკრეტული პირები საკუთარი მიზნებისთვის სხვებზე ჭორებს ავრცელებენ.
- ვის ინტერესებში შედის ასეთი ჭორი?
- არგუმენტების გარეშე გამიჭირდება ამის თქმა. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა იმპიჩმენტი წარმატებით არ დასრულდეს, პრეზიდენტმა მისთვის განკუთვნილ ვადაში მოახერხოს უფლება-მოვალეობის შესრულება.
- მმართველი გუნდის ლიდერები, კერძოდ, გია ვოლსკი ამბობს, რომ გახარიას გუნდი უსუსურ მოსაზრებებს იზიარებს, რათა "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" ერთიანად შეუტიონ და მესამე პოლუსზე ყოფნის მტკიცებულება წარმოადგინოს.
- ყველა სათავისოდ ცდილობს ეს ფაქტი მისთვის სასურველ ამბად გაყიდოს, მაგრამ არ მესმის, რა არის იმაში ცუდი, თუ ჩვენ გვინდა ხალხს სიმართლე დავანახოთ და ამომრჩეველი ჩვენკენ მოვიმხროთ?
- ე. ი. თქვენთვის ხელსაყრელია "ნაციონალებისა" და "ოცნების" გაშავება...
- გაშავების რა მოგახსენოთ, სიმართლის თქმა ნამდვილად ხელსაყრელია.
ხათუნა ბახტურიძე