„...ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია“ - კვირის პალიტრა

„...ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია“

"სტრატეგია აღმაშენებლიდან" და "ნაციონალური მოძრაობიდან" შანსი ნულია, რომ იმპიჩმენტს ვინმემ ხმა მისცეს­ - გახარიას პარტიაში იმდენს ლაპარაკობენ, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა, რაც მაფიქრებინებს, რომ გახარია-ბიძინას თამაშია", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

- კენჭისყრაზე შესვლას არ ვაპირებთ და როგორ უნდა შევძლოთ იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემა? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა - ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია. "სტრატეგია­ აღმაშენებლიდან" და "ნაცმოძრაობიდან" ნულია­ შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს იმპიჩმენტს. თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვას ნუ აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაშში თქვენც ხართ. ვინმემ აუხსენით ამ ადამიანებს, რომ ამდენი ლაპარაკით თავს იწვავენ.

- თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა?

- მთელი ეს პროცესი ფარსია და ყველაფერი ფიასკოთი დამთავრდება.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ბიძინამ შოუ დადგა - ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავს, მეორე მხარეს მსახიობი ზურაბიშვილი, შუაში კი მარიონეტი ღარიბაშვილი. ყველა ერთად ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლას. "ქართულ ოცნებას" საგარეო კურსის შეცვლა რუსეთის მიმართულებით სურს და ამისთვის საფუძველი სჭირდება, ხალხს უნდა უთხრან, რომ ევროპამ კარები საბოლოოდ მოგვიხურა და რუსეთის იქით სხვა გზა აღარ გვაქვს. თავიდანვე გათვალეს ყველაფერი, შემდგომი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. მას ირჩევენ ფარცხალაძის მცველი "ქოცი" ხმოსნები - დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ა.შ. ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება. აბა, პირდაპირი არჩევანი იყოს, თუ გაბედავდნენ საერთოდ იმპიჩმენტის წამოწყებას. მე მათ გული უნდა გავუტეხო და ვუთხრა - ვერ ეღირსებიან თავიანთი ოცნების ასრულებას, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. სულ ტყუილად იწვალა ფარცხალაძის მცველმა ქალბატონმა სალომემ.

- რატომ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს იცავს?

- სხვა რა უნდა დავარქვათ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებას?

- პრეზიდენტის განმარტება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ფარცხალაძე უნდა დაისაჯოს სწორედ ისე, როგორც საქართველოს მოქალაქე, სარწმუნოდ არ მიგაჩნიათ?

- აბსურდია ასეთი განმარტება. იმ ადამიანებმაც კი ვერ მიიჩნიეს ეს განმარტება სარწმუნოდ, ვისაც პრეზიდენტის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვთ. როგორც ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთ ღამეში ფარცხალაძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ზუსტად ისე მოიქცა პრეზიდენტი ზურაბიშვილიც. უბრალოდ, მას ერთი ღამის ნაცვლად სამი დღე დასჭირდა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ზუსტად ისეთივე რუსული გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც ნათია თურნავამ და ფარცხალაძე დატოვეს პრივილეგირებულ სიტუაციაში.

- რატომ უნდა აწყობდეს სალომე ზურაბიშვილს, როგორც თქვენ ამბობთ, ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლში მონაწილეობა?

- იმიტომ, რომ ივანიშვილის მარიონეტია. რატომ ასრულებს კობახიძე ივანიშვილის მითითებებს? იმავე ითქმის ზურაბიშვილზეც. რა დავალებასაც იღებენ, იმ დავალებას ასრულებენ.

- ამ დავალების ფასი რა შეიძლება იყოს?

- ამ დავალების ფასი ივანიშვილმა­ წინასწარ გადაუხადა ზურაბიშვილს - პრეზიდენტად დასვა. ყველამ ვიცით, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტი ვერ გახდებოდა!

- ზოგიერთმა პოლიტიკურმა და აპოლიტიკურმა ფიგურამაც გაავრცელა მოსაზრება, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტისთვის ირაკლი კობახიძე­ ემზადებოდა, თუმცა კობახიძემ­ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აპოლიტიკური თანამდებობაა და მას ასეთი პოსტი არ აინტერესებს.

- რატომ გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტად თავად ივანიშვილი დაჯდეს?! სანქციების დაწესების შემთხვევაში მისთვის ეს პოსტი თავდაცვის საუკეთესო შემთხვევაა.

- ზურაბიშვილს სად მოიაზრებთ. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შეიძლება ის ოპოზიციის ლიდერი გახდეს.

- უკანონო არჩევნებით პრეზიდენტად დასმულ ზურაბიშვილთან "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" საერთო არა აქვთ. ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილისგან მიიღებს ასეთ დავალებას. ეს ხალხი მე მადანაშაულებს პოპულიზმსა და ათას უბედურებაში და ნახეთ, თავად რა დღეში არიან.

- პოპულიზმში არჩილ თალაკვაძემ დაგადანაშაულათ, მიზეზი კი ის იყო, რომ თქვენ ბიუჯეტში შესული ფულის მხოლოდ პენსიონერებზე გადანაწილება მოსთხოვეთ და წლების წინანდელი ამბავი შეგახსენათ, როდესაც­ პრემიერი სესხების განულების გამო გააკრიტიკეთ.­ მართლაც წლების წინ სესხების განულება რატომ იყო მოქალაქეების მოსყიდვა­ და ახლა რატომ არის ბიუჯეტში შესული ფულის მხოლოდ პენსიონერებზე გადანაწილება კეთილშობილური საქმე?

- თალაკვაძეს შევახსენებ, რომ ჯიბეში­ აიდი-პასპორტი უდევს, მისი თანაგუნდელები კი იუსტიციის სახლში დაჩქარებული წესით იფორმებენ სხვადასხვა ქონებას. ყველა ეგ რეფორმა ჩემი გაკეთებულია. თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მაგის გაკეთებული საქმე არავის უნახავს. რაც შეეხება საპენსიო სესხებს, პრემიერმა სესხები არჩევნების წინ მოუხსნა­ ხალხს და ეს ნამდვილად იყო მოსყიდვა. დღეს არჩევნები არ არის, ერთი წლის შემდეგ იქნება, პენსიონერები კი უმძიმეს დღეში არიან. ეს უსამართლობაა. როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ ბიუჯეტში დამატებითი თანხა გაჩნდა, რატომ არ შეიძლება ამ ერთხელ მაინც არ დახარჯონ ეს ფული თავიანთ კორუფციულ სქემებზე და პენსიონერებს 80 ლარით გაუზარდონ შემოსავალი? იმის მაგივრად ხალხზე იფიქრონ, მოქალაქეებს ეუბნებიან, ბოლომდე უნდა ამოგქოლო, რათა პროტესტის უფლება არ გქონდეთო.

- რას გულისხმობთ?

- "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ამ კანონპროექტის იურიდიული განმარტება აბსურდია. რატომ? იმიტომ, რომ პირველი - "რუსული კანონი 2"-ია; მეორე - ამის მიზანი ჩვენი აქციები კი არ არის, ამის მიზანია ჭიათურელი და ტყიბულელი მაღაროელები, რათა გაფიცვა და აქციები არ გამართონ, კახელი მევენახეები, გურიაში, სამეგრელოში თხილის მეურნეობაში ჩაბმული გლეხები. საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, უნდა ამოგქოლოთ, რათა პროტესტის უფლება არ გქონდეთო...

ხათუნა ბახტურიძე