პრეზიდენტი განაჩენის მოლოდინში, დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში და საქართველოსთან მოახლოებული ფრონტის ხაზი - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი განაჩენის მოლოდინში, დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში და საქართველოსთან მოახლოებული ფრონტის ხაზი

ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა აცდენილია იმ საკითხებს, რომელთა სასწრაფოდ მოგვარება ქვეყანას სჭირდება. კითხვა - რას ვშვრებით, თუ საქართველოს ახლომახლო მორიგი­ "გეოპოლიტიკური ბომბი" აფეთქდა - ჰაერშია გადმოკიდებული. იმიტომ, რომ ამაზე არ ვმსჯელობთ. არ ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემები, როგორ უნდა ამაღლდეს თავდაცვისუნარიანობა და საერთოდ, რისთვის ვართ მზად. სამწუხაროდ, რაღაც ერთგვარ ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა - რაღაც საშინელება მოხდება და შემდეგ ყველანი ვგოდებთ, თუ რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან, ერთმანეთში ვეძებთ დამნაშავეებს და... გადავერთვებით სხვა თემაზე. ასე ვცხოვრობთ მორიგ საშინელებამდე. არადა, დროზე თუ არ გამოვფხიზლდით, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. საქართველო კი არა, აგერ ხედავთ, ისრაელი, რომლის მთავარ კონცეფციას თავდაცვა და საკუთარი მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს, როგორ შეაზანზარა ტერორისტების მოულოდნელმა თავდასხმამ. ეს ისე, ლირიკისთვის... გასული კვირის მთავარი თემები იყო საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგენის განხილვა და რუსეთის გადაწყვეტილება (რომელიც მთავარმა აფხაზმა მარიონეტმა ასლან ბჟანიამ გაახმოვანა) ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ.

შეძლებს თუ არა "ოცნება" პრეზიდენტის გადაყენებას ან სურს თუ არა საერთოდ ამ მიზნის მიღწევა?!

დიახ, გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიულ პროცესს ვადევნებდით თვალს. აქამდე საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ასე ღრმად არ შესულა. პრინციპში ვერც შევიდოდა - ზვიადი დავამხვეთ, ედუარდს რევოლუცია მოვუწყვეთ, მიშას კი ვინ გაუბედავდა იმპიჩმენტს - 2012 წლამდე მთელი საპარლამენტო ოპოზიცია ჯიბეში ჰყავდა, 2012 წლის შემდეგ კი კოაბიტაცია იყო.

ყველანი ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს. იმედი გვაქვს, რომ ეს ორგანო დამოუკიდებელია ყოველ­გვარი პიროვნული თუ სახელისუფლებო გავლენებისგან. საინტერესო ის არის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს "ოცნებამ" მოახერხა ოპოზიციონერთა გარკვეული ნაწილის გადაბირება და უკვე 103 ხმა აქვს პარლამენტში. შეგახსენებთ, რომ მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდება სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად.

ქართულ პოლიტიკაში ისეთი უცნაურობები ხდება, რომ ნამდვილად არ გაგვიკვირდება, "ოცნებამ" შეძლოს 103 კი არა, მეტი ხმის მობილიზება, თან სულაც არ არის საჭირო გადაბირებულებმა“(ვიმეორებთ, ვეყრდნობით სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციას) დამალონ თავიანთი პოზიცია. აგერ მიხეილ სააკაშვილი დღეში­ რამდენიმე ფბ-პოსტს აქვეყნებს და აქედან 2 პოსტი ეძღვნება იმას, რომ იმპიჩმენტის პროცესი რეალურად ბიძინა ივანიშვილისა­ და სალომე ზურაბიშვილის თამაშია. სააკაშვილის მომხრეები კი ამას უფრო ავრცობენ - მათი ლოგიკით, თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს სააკაშვილს, ყველა სხვა ქმედება ივანიშვილთან შეთანხმებული თამაშია. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემა, დაეყრდნობა "ნაცმოძრაობის" სულიერ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს და იტყვის, რატომ არ უნდა მივცე იმპიჩმენტს ხმა, თუ პრეზიდენტი მაინც ივანიშვილის თამაშს თამაშობს და არც მიშას იწყალებსო. მათ ირიბად თავად სააკაშვილისგან აქვთ მწვანე შუქი ანთებული და თუ ოპოზიციის ნაწილი ღალატში დაადანაშაულეს, ხელს მიშასკენ გაიშვერენ.

აგერ ზოგიერთი ტელევიზია ამ ივანიშვილ-ზურაბიშვილის შეთქმულების თეორიის დასადასტურებლად იმ დონეზე მივიდა, რომ პრეზიდენტს გაეკიდა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა სკვერში, რომელიც ივან­იშვილის რეზიდენციასთან ახლოსაა. ჰოდა, გამოცხვა ვერსია, როგორ "მიიპა­რება" პრეზიდენტი ძაღლთან ერთად ივანიშვილთან შესახვედრად.

salome2-1696773971.jpg

მეორე მხრივ, შესაძლოა "ოცნებას" სულაც არ ჰქონდეს 100-ზე მეტი ხმა მობილიზებული, მაგრამ სპეციალურად "აგდებდეს" ასეთ ვერსიას საინფორმაციო სივრცეში. ამას შესაძლოა ორი მიზანი ჰქონდეს - პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ოპოზიციაში შფოთის გამოწვევა. პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუ ოპოზიციაში დიდი ეჭვიანობის გამოწვევა ჰქონდა ჩაფიქრებული "ოცნებას", მიზანს ნამდვილად მიაღწია.

გახარიას პარტიამ სკანდალური განცხადება გააკეთა - "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" ფარული მოლაპარაკებები აქვთო. საპასუხოდ, "გამარჯვების პლატფორმად"­ გადაქცეულმა "ნაცმოძრაობამ" იქით დაად­ა­ნაშაულა გახარიას პარტია "ნაცმოძრაობასთან" ალიანსში.

ყველაზე საინტერესო თავად ოპოზიცი­ური პარტიის ტაქტიკაა - იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს (თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი დამრღვე­ვად ცნო) სხდომათა დარბაზში არ შევალთ,­ რათა სპეკულაციები გამოვრიცხოთო. უცნაური პოზიციაა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაბრალებენ, თითქოს კონკრეტული მაღაზიიდან ტკბილეულის მოპარვა გინდათ ანუ პოტენციური ქურდი ხართ. თქვენ კი თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად იმას კი არ ამბობთ, მე შევალ მაღაზიაში და დაგიმტკიცებთ, რომ ქურდობას ტყუილად მაბრალებთო, არამედ ამბობთ, საერთოდ არ შევალ იმ მაღაზიაშიო. გარე მაყურებელთა ნაწილი აუცილებლად იფიქრებს, მაღაზიაში­ იმიტომ არ შედის, რომ საკუთარი თავის იმედი არა აქვს და ეშინია, ხელი არ წაუცდეს და შოკოლადები ჯიბეში არ ჩაიტენოსო. დიახ, არ ეწყინოს საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, თუ ამომრჩეველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სხდომათა დარბაზში იმიტომ არ შედიან, მაინცდამაინც არ არიან დარწმუნებული თანაგუნდელების პრინციპულ პოზიციაში.

ამ ისტორიაში მთავარი ის არის, აწყობს­ თუ არა "ქართულ ოცნებას" სალომე­ ზურა­ბიშვილის გადაყენება არსებული პოლიტ­იკური რეალობის გათვალისწინებით. შესაძლოა არც აწყობდეს შიდა და საგარეო პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. კერძოდ, არაერთხელ დაგვიწერია იმის შესახებ, რომ არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის გადაყენების შემთხვევაში პარტიების გარკვეული ნაწილი ("ნაცმოძრაობის" გარდა) შეეცდება ხალხის ქუჩაში გამოყვანას და ზურაბიშვილი საზოგადოებას მოევლინება როგორც ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი. მნიშვნელოვანი დეტალი - ამ ოპოზიციონერ ლიდერს დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება. ექსპერტების იმაზე მსჯელობა, არის თუ არა მზად მოქალაქეების ნაწილი ქუჩაში გამოსასვლელად, ჭიქა ყავაზე მკითხაობას ჰგავს. ფართომასშტაბიან აქციებს ყოველთვის სჭირდება რაღაც ბიძგი. არ არის გამორიცხული, ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი იყოს. ამას ვერც "ქართული ოცნება" გამორიცხავს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს, სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობის შემთხვევაში ის წამებულის მანტიას მოისხამს და უცხოური­ ვიზიტები მერე ნახეთ. მერე ნახეთ თქვენ ევროპარლამენტარების განცხადებები და დასავლური პრესის სათაურები, რომ "პრორუსულმა" მმართველმა გუნდმა "პროდასავლელი" პრეზიდენტი გადააყენა". მერე ნახეთ თქვენ სალომე ზურაბიშვილის მწვავე­ განცხადებები, რომლებიც დიდი დოზით იქნება გაჯერებული ხელისუფლების­ შიდაკულუარული ამბებით. აწყობს ეს ყველაფერი "ოცნებას"?! თქვენი მონა-­მორჩილი­ რომ იყოს სახელისუფლებო ძალის­ წარმომადგენელი, ნამდვილად არ მოისურვებდა­ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას­.

თუმცა ალილო და ხვალეო... ვნახოთ... ქართული პოლიტიკის არარაციონალურობიდან გამომდინარე, შესაძლოა მართლაც ძალიან სურს "ოცნებას" მაინცდამაინც ახლა სალომე ზურაბიშვილის შეცვლა და უნდა პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.

ოჩამჩირე - სევასტოპოლიდან გამოქცეული რუსული გემების თავშესაფარი

portii-1696773970.jpg

რუსები ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენებას აპირებენ, სადაც იმ სამხედრო ხომალდებს განათავსებენ, რომელთა გამოყვანაც უკრაინელთა გახშირებული თავდასხმების გამო სევასტოპოლიდან მოუხდათ. ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი­ ქვეყნისთვის.

ჩვენი პოლიტელიტაც ისე მოიქცა, როგორც ამ ბოლო პერიოდში ვართ მიჩვეული. კი ბატონო, ოფიციალურმა თბილისმა დაგმო რუსეთის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ, ალბათ, ჯობდა, განცხადებების გაკეთების პარალელურად, სასწრაფოდ დაწყებულიყო კონსულტაციები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თუნდაც მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებისთვის. ორიგინ­ალური იყო ზოგიერთი ოპოზიციონერიც - მათ მოუწოდეს მოქალაქეებს, წინ აღუდგნენ ამ საფრთხეს. არ დაუზუსტებიათ და ძალიან გვაინტერესებს, რიგითი მოქალაქეები როგორ შეიძლება აღუდგნენ წინ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ფლოტის განთავსებას?!

აფხაზეთში რამდენიმე დიდი რუსული სამხედრო ბაზაა. თუმცა გემების განთავსება ზრდის საფრთხეს, რადგან ისინი უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ბარბაროსულ ომში. შესაბამისად, რუსული სამხედრო ხომალდების ჩაძირვა ან სერიოზულად დაზიანება უკრაინელი სამხედროებისა და მათი მოკავშირე­ებისთვის პრიორიტეტულია. გემებზე შეტევა­ კი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ისინი თავიანთი ბაზირების ადგილებზე იმყოფებიან.

შესაბამისად, ოჩამჩირის ბაზა შესაძლოა გახდეს უკრაინელთა პოტენციური სამიზნე.­ აფხაზეთის ტერიტორია დე იურე საქართველოს იურისდიქციაშია. ამიტომაც­ ფორმალურად საქართველოს ტერიტორიაც­ შეიძლება იქცეს საბრძოლო მოქმედებების არეალად.

ასევე, თუ ოჩამჩირის ბაზაზე უკრაინელებმა დრონებით დაიწყეს შეტევა (რასაც ერთჯერადი ხასიათი ნამდვილად არ ექნება), საინტერესოა, რა ბედი ეწევა ანაკლიის პორტის პროექტს? ვინმე მოინდომებს მილიარდების დახარჯვას პროექტში (რა მნიშვნელობა აქვს ჩინური ინვესტიცია იქნება თუ ევროპული), რომლისგანაც სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში საბრძოლო­ მოქმედებების პოტენციური ზონაა? ასე რომ, თავსატეხი იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

P.S. ეს სტატია დღის სინათლეს 9 ოქტომბერს იხილავს და შესაბამისად, ძნელია­ პროგნოზირება, როგორი მდგომარეობა იქნება ისრაელში. ფაქტია, ამ სახელმწიფოზე თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ამაზრზენ ბარბაროსობას სჩადიან (თუმცა იმ ფონზე, რასაც­ რუსები აკეთებენ უკრაინაში, აღარაფერი გვიკვირს). მშვიდობასა და გამძლეობას ვუსურვებთ ისრაელს, ჩვენს მოძმე ებრაელ ხალხს და ამ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

გიორგი კვიტაშვილი