როგორ დავიცვათ ადგილობრივი მწარმოებელი
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ხორბლის მწარმოებლებს დაეხმარება, რადგან მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ დამატებითი პრობლემები შეექმნათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საუბარია ფქვილზე საიმპორტო საფასურის გაზრდაზე 200-დან 250 ლარამდე (1 ტონაზე), ქატოსა და ქერზე კი ახალი საფასურის დაწესებაზე, ტონაზე 100 ლარის ოდენობით. ეს რეგულაცია 2024 წლის 1-ლ მარტამდე იმოქმედებს. მთავრობა ხაზგასმით აცხადებს, რომ ღონისძიება მიმართულია მეხორბლეების დასახმარებლად და პურის ფასი არ გაიზრდება. რა სისტემური პრობლემები აქვთ მეხორბლეებს და როგორია ეკონომისტების ხედვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძესა და ეკონომიკის დოქტორ ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ.
"ჩვენთვის მთავარი პრობლემა გაუყიდავი მარცვლეულია"
ნიკოლოზ ბენიაიძე: - იმის გამო, რომ მოწეული პროდუქცია ფერმერებმა ვერ გაყიდეს, ვეღარ ახერხებენ ნიადაგის სრულფასოვნად დამუშავებას. აგროვადები ძალიან შემჭიდროებულია და თუ დამუშავებას ვერ მოასწრებენ, ხორბალი აღარ გვექნება, ამდენი ხალხიც შემოსავლის გარეშე დარჩება. რუსეთს მსოფლიო ბაზარზე ვერ გააქვს ხორბალი, დაუგროვდათ, შარშანდელიც დარჩენილი აქვთ, "სვიფტიდან" არის გათიშული მათი აგრობანკიც და გაიაფდა მათი ხორბალი. რუსეთიდან შემოდის იაფად და ჩვენი ხორბალი ვერ უწევს კონკურენციას. ჩვენთვის მთავარი პრობლემა გაუყიდავი მარცვლეულია. პრობლემაა შემოსული ხორბლის დაბალი ფასი, რომელიც ჩვენი ხორბლის თვითღირებულების ნახევარია.
- რა შეიძლება გაკეთდეს მეხორბლეების პრობლემის მოგვარებისთვის?
- მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 10 ოქტომბრიდან 1 ტონა ფქვილზე 200-დან 250 ლარამდე გაიზარდა გადასახადი, ქერსა და ქატოზე დაწესდა დამატებითი გადასახადი და როგორც თქვეს, კიდევ გაატარებენ ღონისძიებებს იმის მიხედვით, თუ როგორ წავა პროცესი. როგორც მთავრობამ გვითხრა, საუბარია იმაზე, რომ პური არ უნდა გაძვირდეს, და შესაბამისად, ეს არ უნდა აისახოს, ასე ვთქვათ, პურის მომხმარებლის ფასზე. დაწესდა 1 კილოგრამზე 70 თეთრი, რათა ფერმერებმა ნიადაგის დამუშავება გააგრძელონ. 70 თეთრიც არ არის საკმარისი, თვითღირებულება 80 თეთრამდე დაჯდა, მაგრამ ამაზეც თანახმა ვართ, მთავარია, სწრაფად გაიყიდოს და ნიადაგის დამუშავება შეძლონ ფერმერებმა.
ერთი გადაწყვეტილებით ვერაფერი იმუშავებს, მუდმივი მონიტორინგია საჭირო, რადგან ისე სწრაფად იცვლება მოვლენები და ისეთი გაუთვალისწინებელი რაღაცები ხდება ბაზარზე, სიტუაციების მიხედვით არის საჭირო სწრაფი რეაგირება.
- სახელმწიფოს მიერ მარაგების გაკეთება იქნებოდა თუ არა თქვენთვის არაერთჯერადი გამოსავალი?
- შენახვა პრობლემა არ არის, წლობით შეიძლება. სხვა სახელმწიფოებს აქვთ სახელმწიფო მარაგები, ჩვენც გვაქვს, მაგრამ ძალიან მცირეა. ვფიქრობ, ეს წისქვილებმა უნდა გააკეთონ და შესაძლებელია სახელმწიფო ამაში დაეხმაროს. მცირე რეზერვები აქვთ, მაგრამ, გაზრდა შესაძლებელია, მე თუ მკითხავთ, აუცილებელიც.
"სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ფასთა სხვაობა, რომელიც შეიძლება იმპორტირებულსა და ადგილობრივს შორის იყოს, დაბალანსდეს"
ვახტანგ ჭარაია: - ჩვენ ხორბლის გარკვეული რაოდენობით მწარმოებლები ვართ. მართალია, როდესაც მსოფლიო მასშტაბით მცირე მწარმოებელი ხარ, არა გაქვს ე.წ. მასშტაბის ეკონომიის შესაძლებლობა, რათა შენს ხორბალზე დაბალი ფასი დასვა, მაშინ შესაძლოა დაბალი ფასით იმპორტირებული ხორბალი გჯობნიდეს. თავისუფალი ბაზრის პირობებში ასეთი რამ ხშირად ხდება, მაგრამ ასეთი რაღაც დასაშვები და ნაკლებად მტკივნეულია არა პირველადი მოხმარებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაიცავს ადგილობრივ მწარმოებლებს და არა მარტო დაიცავს, არამედ განავითარებს მათ, რათა ქვეყანა ადგილობრივი წარმოებით მინიმალურად მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ეს შეიძლება იყოს მოხმარებული პროდუქციის თუნდაც 1/3. ეს არ არის გადამწყვეტი წილი მთლიანი მოხმარების კონტექსტში, მაგრამ თუნდაც 30% რომ გვქონდეს ეროვნული წარმოება, დიდი შეღავათი იქნებოდა ქვეყნისთვის პრობლემის შექმნის შემთხვევაში. ახლო წარსულში ვნახეთ, რომ პანდემია შეიძლება იყოს ასეთი რისკ-ფაქტორი; სამეზობლოში ომი შეიძლება იყოს ასეთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს სასურსათო უსაფრთხოებას; შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც, რომელმაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს და ვერ მივიღოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროდუქტები დროულად. ფაქტია ისიც, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს პრობლემები დგებოდა, ხორბლისა და ხორბლის პროდუქციის დეფიციტი არ გვქონია, თუმცა ფასი ძალიან სენსიტიურია, სისტემატურად იზრდება და მათ შორის, პურზეც. შესაბამისად, თუ ფასს მაინც ვზრდით, მაშინ მნიშვნელოვანია და სწორიც იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებასაც შევუწყოთ ხელი.
ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ ფასს და თუ საქართველოში წარმოებული ხორბალი ღირს, სიტყვაზე, 100 დოლარი და იმპორტირებული ღირს 90, ხშირად გვგონია, რომ 90-დოლარიანი უფრო კონკურენტუნარიანია. როდესაც ბიზნესმენი ხარ, კი ბატონო, ნედლეულის 90 დოლარად შეძენა უკეთესია, მაგრამ ქვეყნისა და ეკონომიკის ჭრილში რომ შევხედოთ, ის 100-დოლარიანი შესაძლოა 10 დოლარით კი არის ძვირი, მაგრამ ის 10 დოლარი საბოლოოდ იმაშია გადახდილი, რომ ჩვენს ქვეყანაში იქმნება ეროვნული პროდუქცია, საქმდება საქართველოს მოქალაქე, გადასახადები მიდის ბიუჯეტში, უამრავი სხვა დარგი ხეირობს ხორბლის მოყვანით და საერთო ჯამში, გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე მაშინ, როდესაც 10 დოლარით იაფად შემოვიტანთ სხვა ქვეყნიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ფასთა სხვაობა, რომელიც შეიძლება იმპორტირებულსა და ადგილობრივს შორის იყოს, დაბალანსდეს და ეროვნული წარმოება არ გაქრეს. თუ ეროვნული წარმოება გაქრება, ჩვენ მივიღებთ ერთი წლის ჭრილში უფრო იაფ ნედლეულს საზღვარგარეთიდან, მაგრამ მრავალი წლის ჭრილში თუ გადავხედავთ, ვკარგავთ სამუშაო ადგილებს გრძელვადიანად; ვკარგავთ საბიუჯეტო შემოსავლებს გრძელვადიანად, რაც ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში ბევრად მეტია, ვიდრე იმპორტის შემთხვევაში; ვკარგავთ თუნდაც ამ პროდუქციის მოყვანის კომპეტენციებს; ვკარგავთ სტრატეგიულ მნიშვნელობას, მეტად დამოკიდებული ვხდებით უცხოურ ბაზარზე. შესაბამისად, ბევრი რამ დგას სასწორზე და ამიტომ მარტო ფასი არ უნდა იყოს გადამწყვეტი.
ბევრ ქვეყანაში არის ისეთი სისტემები შემოღებული, რომ თუ ადგილობრივი მწარმოებელი ნედლეულს მეორე ადგილობრივი მწარმოებლისგან ყიდულობს, მას აქვს შეღავათები. ჩვენს შემთხვევაში ასეთი შეღავათები არ მუშაობს და ბიზნესმენი იძულებულია - და მიაჩნია, რომ ასეა სწორი - იყიდოს იაფი იმპორტირებული და არა უფრო ძვირი ადგილობრივი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ძვირი ადგილობრივი ჩვენს ეკონომიკას შესაძლოა უფრო მეტს აძლევდეს, ვიდრე ის შედარებით იაფი იმპორტირებული. ამიტომაც სათანადო უწყებებმა უნდა დაითვალონ, შესაბამისი პოლიტიკა შეიმუშაონ და წარმართონ. სადაც შეღავათია საჭირო, შეღავათი მისცენ, სადაც წახალისებაა საჭირო, წაახალისონ.
მთავარია, სასურსათო, სოციალური, ეკონომიკური და საერთოდ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გვქონდეს ჩვენი ეროვნული წარმოება და განსაკუთრებით ხორბლის. გასაგებია, რომ 100%-იან უზრუნველყოფას ვერ მოვახდენთ, მაგრამ სადღაც 30%-ც რომ იყოს და უკეთეს შემთხვევაში, თუ 50% იქნება, ეს სტაბილურობის გარანტიას მოგვცემს.
- სათანადო პოლიტიკაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? მხოლოდ სუბსიდირება საკმარისია?
- სუბსიდია არ არის გამოსავალი. უფრო უპრიანი იქნება, იყოს საგადასახადო შეღავათები. ასეთი რამის გაკეთებაც შეიძლება - სახელმწიფომ, მაგალითად, ჯარისთვის იყიდოს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, თუ ფასებს შორის თუნდაც 10%-იანი სხვაობაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი 10%-ით ძვირი იქნება, უპირატესობა ადგილობრივი წარმოების პროდუქციას მიანიჭოს, რადგან საბოლოოდ ეს ჩვენს ეკონომიკას მეტს შემატებს, ვიდრე უფრო იაფი იმპორტირებული.
- საგადასახადო შეღავათების დაწესება რამდენად იქნება შესაძლებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, რომელიც იმპორტზე ხელოვნური ბარიერების დაწესებას, ფაქტობრივად, კრძალავს?
- ზეპირად ამაზე მსჯელობა ძალიან რთულია, მაგრამ ეს შესაძლებელია. ევროკავშირი ძალიან აქტიურად იყენებს დამცავ მექანიზმებს თავისი სოფლის მეურნეობისთვის და თუ ეს ევროკავშირისთვის დაშვებულია, შესაბამისად, ჩვენთვისაც. ხშირ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ფასი კი არ არის, არამედ ხარისხი ხდება გადამწყვეტი. ხორბლის შემთხვევაში შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება, თუ რა ხარისხის ხორბალი და რამდენად ადეკვატური ფორმით შემოდის, რამდენად არის უზრუნველყოფილი თუნდაც გადაზიდვის სტანდარტები და ა.შ. როცა არ კითხულობენ, შესაძლოა შემოვიდეს უფრო დაბალი ხარისხის ფქვილი ან ხორბალი, რომელიც კონკურენციაში შედის უფრო მაღალი ხარისხის ხორბალთან, რომელსაც მწარმოებელი ფიზიკურად ვერ დაადებს დაბალ ფასს და ფასის გამო არჩევანი კეთდება დაბალხარისხიან იმპორტირებულზე. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. რეგულარული შემოწმებებია საჭირო, რაც უფრო სამართლიანს გახდის ჩვენს ბაზარს.
- რამდენი წელია ევროკავშირთან ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების საფუძველზე მიმდინარეობს კანონმდებლობების დაახლოება. ამ მხრივ რის გაკეთება შეიძლება, რომ კანონით იყოს გარანტირებული ჩვენი ბაზრის დაცვის მექანიზმები?
- თუ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს ექმნება პრობლემა, ჩვენ გვაქვს უფლება ეს მიმართულება დავიცვათ. მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ ჩვენს მეღვინეობას ექმნება პრობლემა, გვაქვს ყველანაირი უფლება და შესაძლებლობა დავიცვათ მეღვინეობის დარგი. მხოლოდ იმის თქმა, რომ თავისუფალი ბაზარია და ჩვენი მეღვინეები თუ ვერ გაქაჩავენ, უნდა შეწყვიტონ საქმიანობა არ არის სწორი მიდგომა. რადგან ეს ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა, შესაბამისად, უფლება გვაქვს ჩვენი ეროვნული წარმოება დავიცვათ, იქნება ეს, ვთქვათ, სატარიფო ბარიერებით თუ სხვა სახის შეზღუდვების დაწესებით, სუბსიდირებით ან საგადასახადო შეღავათებით. ვიცით, რომ მეღვინეობის დარგში ეს კეთდება კიდეც. ასევე შეიძლება ხორბალზეც და სხვა რამეზეც.
- ღვინის დაცვა გასაგებია, მაგრამ ხორბალსა და მსგავს დარგებზე, სადაც ჩვენი წარმოება არ არის თვითკმარი, ეს მიდგომა გამოდგება?
- სადაც არა გვაქვს 100%-ის წარმოების შესაძლებლობა, უნდა ვაწარმოოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია, ოღონდ ეს წარმოებაც არსებითი უნდა იყოს - ანუ თუ მხოლოდ 1%-ის წარმოება შეგვიძლია, ამის გამო თავის გაგიჟება არ ღირს, მაგრამ როდესაც ხორბალზეა საუბარი, რომელიც მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს და შეგვიძლია ეს მინიმუმ გავაორმაგოთ, ასეთ სფეროს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ ხორბალი არა მარტო ფულად განზომილებაში უნდა განვიხილოთ, არამედ გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობითაც. სავსებით მისაღებია უფრო ძვირი გადაიხადო, რათა უსაფრთხოდ იყო.
რუსა მაჩაიძე