არის თუ არა საქართველოში ე.წ. რევოლუციის საფრთხე - კვირის პალიტრა

არის თუ არა საქართველოში ე.წ. რევოლუციის საფრთხე

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონი. ცვლილებაზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანონპროექტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პოლიტიკური ოპოზიცია მას ე.წ. რუსული კანონის გაგრძელებად და გამოხატვის თავისუფლების დასამარებად მიიჩნევს, მმართველი პარტია კი კანონში ცვლილებებს სუს-ის 18 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით ასაბუთებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში გადატრიალება იგეგმება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლების დაანონსებულ რევოლუციებზე, გადატრიალებებსა და ლამის აპოკალიფსებზე არაერთგზის გვსმენია. რატომ და რა შემთხვევაში გვაშინებს ყველა ხელისუფლება­ რევოლუციით, არის თუ არა საზოგადოებაში დღეს რევოლუციური მუხტი, ამ საკითხებსა და საზოგადოდ, რევოლუციების ანატომიაზე საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:

- მოსალოდნელ რევოლუციაზე განცხადების გათვალისწინებით, ხელისუფლებას მართლაც ეშინია, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდება უკმაყოფილების მუხტი, რომელიც შემდგომში შეიძლება რევოლუციურ ტალღაში გადაიზარდოს, მოიცვას მთელი საზოგადოება და ხელისუფლებისთვის კატასტროფულად დამთავრდეს. არავინაა მიამიტი და ვიცით, რომ ყველა საზოგადოებაში, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი უზის სათავეში, ყოველთვის არსებობს დიდი უკმაყოფილების მუხტი. ჩვენთანაც რომ ასეა, არც არის დაფარული, მაგრამ რამდენად მზადდება გადატრიალება, ამის ნაკლებად მჯერა. რევოლუციებს, როგორც წესი, თვითონ ავტორიტარული რეჟიმები იწვევენ ხოლმე თავიანთი არაადეკვატური საქციელით - როცა ყველგან საფრთხე და მოწინააღმდეგე ელანდებათ, აწესებენ შეზღუდვებს, ამკაცრებენ კანონებს, იჭერენ მოქალაქეებს და ა.შ., რაც უფრო ზრდის რეჟიმით უკმაყოფილებას, ზრდის მუხტსაც და ხდება ესკალაცია (რომლისგან გაქცევაც რეჟიმს სურს), ანუ პირიქით, თავს საფრთხეში იგდებს. როცა იციან, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება თავისი მოქმედების ლეგიტიმაცია. ის, რომ მან გამოიყენა ძალა ან ძალისმიერი მეთოდებით "გაწმინდა" პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სივრცე თუ "დააწყნარა", ყველა შემთხვევაში სჭირდება ერთგვარი გამართლება-ლეგიტიმაცია. ამიტომაც ხდება საინფორმაციო ბაზარზე ისეთი "პროდუქტების გამოგდება", თითქოს სადღაც შეთქმულებაა, რომელსაც შიდაპოლიტიკური ძალები "აცხობენ" გარედან ძლიერი დამხმარეებით. წესით, არც ერთი რევოლუცია არ არის შედეგიანი, თუ საზოგადოებაში ამის პოტენციალი და მზადყოფნა არ არის. რაც უნდა ამზადოთ და ატრენინგოთ რევოლუციონერები, გამოიყენოთ ასობით რევოლუციონერი, თუ ხალხი არ არის შინაგანად მზად და მასში­ მუხტი არ არის, ბუნებრივია, ტრენინგი თუ სამზადისი ნაყოფს­ ვერ გამოიღებს. ამავე დროს, შეიძლება ხელისუფლების ერთი არასწორი ნაბიჯი გახდეს ნაპერწკალი იმ დიდი ხანძრის, რასაც მერე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი­ ამბოხი, ან რევოლუცია მოჰყვება. ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია­ - ხელისუფლება გრძნობს საზოგადოების უკმაყოფილებას და ის წინმსწრებად ემზადება.

- სერბების საქმეც ე.წ. გამოგდებული პროდუქტია?

- ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანს სრული უფლება აქვს ჩაატაროს ტრენინგი იმაზე, თუ როგორ შეიძლება საპროტესტო პროცესების მართვა ან საპროტესტო პოლიტიკის გატარება, პოლიტიკური კოორდინირება და სხვა. ეს საპროტესტო მასების მართვის ჩვეულებრივი საკითხია. ბუნებრივია, ასეთი ტრენინგების დროს არავინ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს, ეს ალოგიკურიც არის, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ტრენინგების დაუწერელი ამოცანაა ხელისუფლების იძულება, რომ მან ადეკვატური ნაბიჯები გადადგას, წავიდეს დათმობაზე ან მოუსმინოს ხალხს. ძალისმიერი მეთოდებით რევოლუციის მოსაწყობად, მით უმეტეს, ხელისუფლების გადასაგდებად, სულ სხვა მეთოდები არსებობს, ეს ტრენინგების გავლას არ საჭიროებს. თვალი გადაავლეთ 50-60-იან წლებიდან მოყოლებული, როგორ ხდებოდა დიქტატურული და სხვა რეჟიმების გადაგდება, მათ შორის გარე დახმარების ხელშეწყობით (მაო ძედუნით დაწყებული და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებით დამთავრებული), ყველგან არის რევოლუციური მოქმედებების ფართო სპექტრი, როცა ხდება ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკური ხელმძღვანელობის და რეჟიმების შეცვლა. რასაც ახლა ვუყურებთ, არანაირი მსგავსება არ არის იმასთან, აბსოლუტურად სხვა გარემოში, სხვა ფორმატსა და მიზნებთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს, ისეთ ორგანიზაციულ ჩარჩოებში, როგორიც "იუსაიდია". ნამდვილად არის სატრენინგო მასალა, თუ როგორ უნდა მოახერხონ პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა პოლიტიკური პროტესტის მართვა, რომელიც მაშინაა წარმატებული, როცა მას შედეგი მოჰყვება. როცა ამბობენ, რომ ეს რევოლუციური სცენარია, მე დავინტერესდებოდი და ვიკითხავდი, ამას როგორ შიფრავენ, რა ეტაპებისგან შედგება ეს რევოლუციური სცენარი, ვინაიდან ერთია, როცა ტრენინგებს ესწრებით და მეორე, როცა რევოლუციას ძალისმიერი მეთოდებით ახდენ. უდიდესი განსხვავებაა მეთოდებშიც და მიზნებშიც.

- სუს-ს თუ აქვს იმის მტკიცებულებები,­ რომ დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობა იგეგმება, წესით, უნდა წარმოადგინოს. გამოძიებისგან რას ელით?

- უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში ძალოვანმა სტრუქტურებმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ქვეყნის შიდაუსაფრთხოება ევალება, კარგა ხანია დაკარგეს­ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტატუსი. ეს უწყებები ყველა ხელისუფლების დროს (განსაკუთრებით წინა ხელისუფლების) პოლიტიკური პარტიისა და მთავრობის მარჯვენა ხელია, ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას მაშინ, როცა პოლიტიკურად აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყვნენ და მოქმედებდნენ ეროვნული, სახელმწიფო­ ინტერესების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის. ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში ძალიან ბევრია კვალიფიციური და პატრიოტი თანამშრომელი, მაგრამ როგორც ინსტიტუცია, არ ასრულებს იმას, რაც კონსტიტუციით ევალება, ის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად გადაიქცა და ასეთ შემთხვევაში მის კეთილსინდისიერებასა და გამოძიებაში ბევრს ექნება ეჭვის შეტანის უფლება.

- ხელისუფლებამ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის დაჩქარებული წესით მიღებაც დაანონსებული რევოლუციის თავიდან აცილებით დაასაბუთა. ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში მსგავსი კანონის მიღება იქნება თუ არა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის დამაბრკოლებელი?

- რა თქმა უნდა, ეს არის ნაწილი იმ პრევენციული ღონისძიებებისა, რასაც ხელისუფლება მიმართავს, რათა მაქსიმალურად შეზღუდოს პროტესტის ტალღა, თავიდანვე აღკვეთოს და საზოგადოებაში გააჩინოს შიში, ხომ ხედავთ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ დავუშვათ სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლაო. ამავე დროს ეს საზოგადოებისთვის მკაცრად თითის დაქნევაა, რომ არაფერი გაბედოს და თუ გაბედავს, რეაგირება იქნება. ახლა აბსოლუტურად არარელევანტურია, დაიდგმება თუ არა კარავი სავალ ნაწილზე, პატარა იქნება ის თუ დიდი და სხვა. დღეს, როცა ეს შეზღუდვები არ არის ამოქმედებული, აქციაზე ცარიელი ფურცლებით მდგომ მოქალაქეებს აკავებენ, ადმინისტრაციულ სასჯელს უწესებენ და წარმოიდგინეთ, როცა სასჯელი გამკაცრდება და ვინმე თუ კარვით დააპირებს მისვლას, ამას მთავრობის როგორი რეაგირება მოჰყვება. აშკარაა, ხელისუფლება გადადის უფრო მეტ რეპრესიულ ფორმატში და სურს ეს სამართლებრივადაც "გაიპრავოს". ამიტომაც დაჩქარებული წესით შეიტანა ეს კანონი. ჩემი აზრით, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლება უფრო ავტორიტარული ხდება, უკან არ დაიხევს, რაც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს გაერთიანებისთვის. მან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ ასეთი ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მზად იქნება ამას თავისი ერთიანობა დაუპირისპიროს. ავტორიტარულ საზოგადოებას აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება - ბუნებრივი ინერტულობის გამო გვიან რეაგირებს, მით უმეტეს, ისეთი საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურად არ არის ჩამოყალიბებული (ანუ ჩვენი). ავტორიტარული რეჟიმი მცოცავი სამართლებრივი ნორმებით თანდათან ზღუდავს საზოგადოებას და ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოება, რომელმაც თავის დროზე რეაგირება არ ან ვერ მოახდინა, იღვიძებს უკვე ტოტალიტარულ, შეზღუდულ, დახურულ საზოგადოებაში. ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს საზოგადოების ე.წ. მცოცავი ოკუპაცია, ხელისუფლება პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცის სრულ ოკუპირებას ახდენს - "აგენტების შესახებ" კანონი იქნება ეს, მანიფესტაციებისა და კარვების შეზღუდვა თუ სხვა რამ. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მანამდე თვალსა და ხელს შუა ადმინისტრაციული კანონის გამკაცრება შემოგვაპარეს (ადრე თუ მოქალაქე 500 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა 2000-ით) ვერც გავიგეთ, ისე. ბუნებრივია, ასეთი ნაბიჯები სრულიად მიუღებელია. ეს კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირმა ეს შეიძლება შეაფასოს როგორც 12 პუნქტის პირდაპირი ტორპედირება (იქ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება).

- რატომ არის ყველა ხელისუფლება კარვებზე "აცრილი" - თითქმის ყველა ებრძოდა, ისინიც, ვინც კარვებით მოდიოდნენ სათავეში. თუმცა ისიც გვახსოვს, მსგავსი შეზღუდვები უკუეფექტს იწვევდა ხოლმე საზოგადოებაში...

- ამით "ოცნება" უპირველესად საკუთარ თავს აყენებს დარტყმას, მათ შორის მორალურსაც. ხელისუფლებას, რომელიც პროტესტის ტალღით მოვიდა და რომელსაც ჰქონდა ეს ფუფუნება, ეწინააღმდეგებოდა ძალადობას საზოგადოებაზე და შეზღუდვებს, განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო წლებში (და რომელიც საბოლოოდ მართლა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდა) და როცა სრულიად იდენტურ ნაბიჯებს დგამს, ორმაგად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე წინა ხელისუფლებას. მან თუ შეცდომა დაუშვა და შენ იმავეს სჩადიხარ, ეს ნიშნავს, რომ წინაზე ორჯერ უარესი ხარ - იცი, რომ შეცდომა დაუშვა და შენ, ამის მცოდნე, იმავეს იმეორებ. ეს უკვე შეცდომა აღარაა, მიზანმიმართული ქმედებაა, ესაა სწორედ ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი - ისინი თავის გადარჩენის რეჟიმში გადადიან. რადგან ხალხის მხარდაჭერა შესუსტდა, ერთადერთი გზა რჩება - ძალოვანი მეთოდები და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით საზოგადოებასთან ურთიერთობის გამკაცრება. ეს არის ის გზა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გამოიარა როგორც კომუნისტურმა ხელისუფლებამ, ასევე შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლებებმა. გვიხილავს ისეთი რეჟიმები, რომელთა სისასტიკეს ანალოგი არ მოეძებნება (სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის, ჩაუშესკუს), მაგრამ საბოლოოდ დამხობილან. ასეთი ხელისუფლება მორალურად კარგავს სახესა და ლეგიტიმაციას. რაც უფრო ხალხის საწინააღმდეგო არაადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, მით უფრო დაკარგავს მორალურ სახეს, რაც არის გარანტირებული საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკურ ძალაუფლებასაც დაკარგავს.

- ყველა ხელისუფლება რევოლუციური სცენარებით გვაშინებდა და გვაშინებს, რაც ერთგვარი დაუსრულებელი დრამატურგიაა... როდის ამბობს ხელისუფლება, "რევოლუცია მოდისო", როცა თავადაა შეშინებული? რა განსხვავებაა ხელისუფლებების გამოგონილ რევოლუციებს შორის?

- ბუნებრივია, ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური ოპოზიცია, უნდა ჰქონდეს შიში იმისა, რომ ის ოდესღაც დაკარგავს ძალაუფლებას,­ ოდესმე მოუწევს პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლა - ეს აქსიომაა. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ნებისმიერი ოპოზიცია მან რევოლუციონერად მონათლოს და გამოიყენოს ძალისმიერი ნაბიჯები. თუ ხელისუფლება სახალხო და პოლიტიკურ პროტესტს ან ოპოზიციას რევოლუციონერს, რევოლუციის მოსურნეს უწოდებს, რაც რეალურად ასე არ არის, მერე არაადეკვატურ ძალას იყენებს და ანადგურებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს (ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს ასეთი ლოგიკა აქვთ). ჩვენს შემთხვევაში საინტერესოა, რომ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში არიან, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ფოკუსში უყურებენ - ანუ ხარ ხელისუფლებაში, ყველაფერი გაქვს და ხარ ყველაფერი, ან არა ხარ და კარგავ ყველაფერს და, როგორც წესი, ციხეში მიდიხარ ან ქვეყნიდან უნდა გაიქცე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური ინსტიტუტების არარსებობის შედეგია. ეს შიში ერთიორად იზრდება მაშინ, როცა ხელისუფლება მოსულია არსაიდან, რომელიც თავის დროზე არაფერს წარმოადგენდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ ძალად, რომელმაც მთლიანად შთანთქა სახელმწიფო ინსტიტუტები. როგორც ლუდოვიკო XIV-ს აქვს ნათქვ­ამი, "სახელმწიფო ვარ მე", "ქართულ ოცნებას" ახლა შეუძლია თქვას, "საქართველო და საქართველოს ინსტიტუტები ვართ ჩვენ". ხელისუფლება, რომელსაც უზურპირებული და მონოპოლიზებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, არ სარგებლობს მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერით და, ბუნებრივია, ჩაფლულია კორუფციაში - ყველა ის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც ადრე არაფერს წარმოადგენდნენ, დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს და რაც გააჩნიათ­, მხოლოდ თანამდებობის შედეგად აქვთ. ბუნებრივია, ხელისუფლებაში მათი არყოფნა ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ყველა იმ პრივილეგიას, რაც მათ ამასობაში მოიპოვეს. ერთი მხრივ, მათ სხვანაირად არ შეეძლოთ გაეკეთებინათ იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არ იყო მწყობრი პოლიტიკური ორგანიზაცია მკაფიო იდეოლოგიით, ჩამოყალიბებული პარტიული ინტერესით, სტრუქტურით, შიდაპარტიული დემოკრატიით და ა.შ. ეს იყო ერთი პირის გარშემო გაერთიანებული კონგლომერატი, რომელსაც მხოლოდ ერთი ინტერესი ჰქონდა - "ნაციონალური მოძრაობა" გაეშვა ხელისუფლებიდან, რასაც მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ "ოცნება" რადაც ჩამოყალიბდა, ამას ვხედავთ. ამ ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ რაც მეტი დრო გადის, უფრო შეერწყა სახელმწიფო ინსტიტუტებს. მათ უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნა, რადგან იციან, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმდენი ნეგატიური რამ აქვთ ნამოქმედარი, მათი უსაფრთხოდ ყოფნის ერთადერთ გარანტიას მხოლოდ ხელისუფლება წარმოადგენს.

გამოგონილ რევოლუციებს შორის განსხვავება მარტივია - ერთი, რომ დღეს სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური ვითარებაა. 90-იანი წლებიდან ჩვენი ვექტორი ყოველთვის მკაფიოდ პროდასავლური იყო და ძირითად საფრთხეს რუსეთი წარმოადგენდა, ანუ ნებისმიერი გადატრიალების მცდელობა, სამხედრო თუ სამოქალაქო დაპირისპირება ყოველთვის და ობიექტურად რუსეთის ჩართულობას უკავშირდებოდა. დღეს აბსოლუტურად შეტრიალებულია ეს ბრალდებები - ხელისუფლება რევოლუციის მოწყობასა და გადატრიალებაში ადანაშაულებს იმ დასავლეთს, ვისი ნაწილიც გვინდა გავხდეთ. საქართველოს ხელისუფლებას კარგა ხანია ახასიათებს ზედაპირული და ფორმალური მედასავლეთეობა - საქართველოს ხელისუფლება აშკარად და თამამად ვერ ამბობს უარს დასავლეთზე, რადგან იცის, რომ ყველანაირი გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს დასავლეთში ინტეგრაციას. მან იცის, რომ ამის აღიარება საბოლოოდ გამოიწვევს ნეგატიურ პროცესებს. ეს არის ის ერთადერთი საკითხი, რაზეც ის ვერ იტყვის უარს. ამავე დროს, მან აირჩია პოლიტიკა, როცა ფორმალურად, მხოლოდ ქაღალდზე აცხადებს თანხმობას ევროკავშირზე, 12 პუნქტზე... რეალურ პოლიტიკაში კეთდება ის, რაც ანტიდასავლურს უკავშირდება.

- რევოლუციას მუხტი სჭირდება. დღეს ხედავთ ამ მუხტს საზოგადოებაში და რა დროს და რა ვითარებაში აღმოცენდება ხოლმე?

- მუხტი ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს­ და ძალიან სწრაფადაც მოხდეს მისი ესკალაცია. ჩვენ არასდროს ვიცით, რა იქნება ის საკითხი, რომელიც ჩვენს ნერვს შეეხება. ადრე, პირობითად, ეს იყო გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა - მარტო ამ ინფორმაციამ 20 ათასი კაცი გამოიყვანა ქუჩაში. შემდგომ, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავდით, რომ 50-60 ათასამდე კაცი გამოდიოდა სოლიდარობისა და ევროკავშირში გაწევრების სურვილის გამოსახატად. ვნახეთ მარტის მოვლენებიც, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხი ჯიუტად მოდიოდა, აქცია ვერ დაშალეს და საბოლოოდ ხელისუფლება მიხვდა, რაც მეტად გამოიყენებდა პოლიციას, მით უფრო ორგანიზებულად დახვდებოდა ხალხი მეორე დღეს. ასე რომ, საზოგადოებაში ყოველთვის არის გარკვეული დოზით მუხტი, რომელიც რაღაც მომენტში რაღაც ფაქტორიდან გამომდინარე შეიძლება დიდი უკმაყოფილების ტალღად იქცეს. რევოლუციების პირველი ავტორები თავად ის რეჟიმები არიან, რომელთაც რევოლუცია სპობს. ისინი თვითონ არიან დიდწილად დამნაშავეები, რომ რევოლუცია ხდება - ასე იყო ყოველთვის. ეს კი ხდება იმ შემთხვევებში, როცა ზედა ფენები ვეღარ მართავენ და ქვედა ფენებს აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება. ეს მარტივი ფორმულაა. ამ დროს ორი ფაქტორი უნდა დაემთხვეს: მმართველი რეჟიმის მიერ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების აღქმის არაადეკვატურობა და 2. საზოგადოებაში პროტესტის მუხტი, რომელიც შეიძლება იმ მომენტში რევოლუციის გამოსაწვევად არ იყოს საკმარისი, მაგრამ ხელისუფლების არაადეკვატურობაა ხოლმე ის მთავარი "ინგრედიენტი", რომელსაც ეს მუხტი რევოლუციურ ტალღამდე მიჰყავს.