„ჩვენ აქციების მუდმივი თანაავტორები ან მხარდამჭერები ვართ და თავს არანაირ შეზღუდვას არ დავუწესებთ“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ აქციების მუდმივი თანაავტორები ან მხარდამჭერები ვართ და თავს არანაირ შეზღუდვას არ დავუწესებთ“

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოში "რევოლუციური სცენარის" გასათამაშებლად ემზადებიან. სუს-ის ინფორმაციით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებითა და "კანვას საქართველოს" ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგზე მიმდინარეობდა­ "საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლება". როგორც სუს-ი აცხადებს, ტრენინგებს ატარებდნენ სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც, უწყების განმარტებით, დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სუს-ის ინფორმაციით, ამ პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება, სახელწოდებით ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა", თუმცა როგორც სუს-ი აცხადებს, "ვიზიტის რეალური დანიშნულება იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება იყო, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ".

სერბი ტრენერები სუს-ის გამომძიებლებმა გამოჰკითხეს... გამოკითხვაზე ასევე დაიბარა "კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო გოგიბერიძე და ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მელაძე.

გიორგი მელაძე: "დაკითხვის დროს ვერ ვიტყვი, რომ ზეწოლა იყო, ჩემთვის თვითონ პროცესია მთლიანად ზეწოლა.­ გაუთქმელობის აქტზე ხელი არ მომიწერია,­ ამას აზრი არც აქვს, გაუთქმელობის ვალდებულებას მაინც გაკისრებენ. მაგრამ მაინც არ მოვაწერე, რადგან მინდა საქმე გავასაჩივრო. გაუთქმელობის ვალდებულებას ვიღებ, როგორც დროებით მოცემულობას, გასაჩივრებამდე. მანამდე კი შემიძლია ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ - იქ ისეთი თემები ირჩეოდა, რაც თავისუფალ საზოგადოებაში უნდა ირჩეოდეს. თქვენც უნდა შეშფოთდეთ, ჟურნალისტი ხართ და შეიძლება ერთ დღეს ვიღაცამ დაგიბაროთ და გკითხოთ, "დარწმუნებული ხარ, რომ კრიტიკული უნდა იყო? ამით საზოგადოებას გონებას ხომ არ ურევ?" ამ ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს წყალი შეუდგა...

- თქვენი აზრით, რას უკავშირდება სუს-ის დაანონსებული რევოლუცია?

- შეიძლება რაღაცის გადაფარვაც სურთ, მაგალითად, ფარცხალაძის საქმის. შეიძლება სტატუსზეც იყოს საუბარი. ხომ ხედავთ, პრესკონფერენციებზე რას ამბობენ, ჩვენ ვემზადებით არეულობისთვის, რომელსაც სტატუსის არმოცემის შემთხვევაში გეგმავენო, და მერე ჩვენ გვადებენ ხელს.

- რას აპირებთ?

- ფაქტობრივად, მე ანტიკონსტიტუციური ქმედება მომაკერეს. როცა გეუბნებიან, მოღალატე ხარ, ქვეყნის გადატრიალება გინდაო, რაღაც არგუმენტი, საბუთი ხომ უნდა გქონდეს? დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლოში წავიღებ საქმეს. რაც შეეხება, "კანვასს", ის გააგრძელებს თავის საქმეს. კვლევებსაც გავაგრძელებთ. ჩვენს საქმიანობაში დანაშაულებრივი არაფერია. რაც შეეხება აქციებს, ჩვენ მუდმივი თანაავტორები ვართ ან მხარდამჭერები და თავს არანაირ შეზღუდვას არ დავუწესებთ. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია არაძალადობრივი სტრატეგიული სამოქალაქო კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელება. ჩვენ ვეხმარებით აქტიურ ადამიანებს, რათა გაიაზრონ, თუ რა სურთ, როგორ აპირებენ ამის მიღწევას, რა მოხდება, თუ, მაგალითად, მათი პირველი ნაბიჯები არ იქნება წარმატებული, როგორ დაგეგმონ შემდეგი ნაბიჯები და ა.შ.

- რა მიზანს ემსახურებოდა ტრენინგზე შეკრებილ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გესაუბრათ რევოლუციაზე, ბულდოზერით პარლამენტის შენობის აღებაზე...

- დავიწყებ იმით, რომ ტექსტები კონტექსტიდან ამოჭრილია. ხანდახან შესაძლოა მარტო თეორია არ იყოს გასაგები და საჭირო იყოს მაგალითის მოყვანა. ჩვენი ლექციები ემყარება მეცნიერ ჯინ შარპის გამოკვლევებს. მას შესწავლილი აქვს სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა და გამოიტანა დასკვნები, რომელთა ამოსავალი წერტილია ოპონენტების ერთმანეთთან ურთიერთობის რეჟიმი. ის ამბობს, რომ არის შემთხვევა, როდესაც ვიღაც პირველივე თქმაზე გეთანხმება, ხოლო არის შემთხვევა, როდესაც პრინციპულად არ გეთანხმება, მაგრამ ცოტა ძალისხმევის შედეგად წამოგყვება. მესამეა იძულების რეჟიმი - არ უნდა, მაგრამ აიძულებ და გააკეთებინებ, მაგალითად, 7-9 მარტის აქციებზე ვაიძულეთ მთავრობა და მან უკან წაიღო "რუსული კანონი". არის მეოთხე რეჟიმიც, როდესაც სახელმწიფო იმდენად გასულია მოლაპარაკების საზღვრის მიღმა, რომ არ აინტერესებს ხალხთან ურთიერთობა. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი განვითარება მოჰყვეს ამ ყველაფერს და ინსტიტუტები ჩამოიშალოს. ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვცდილობთ ახსნას, რომ მთავარია შევქმნათ რეჟიმი, რომელშიც ყოველთვის იქნება დიალოგის შესაძლებლობა.

- აშშ-ის საელჩომ და USAID-მა როგორც თქვენს ორგანიზაციას, ასევე ჩატარებულ ტრენინგს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

- ყველას დიდი მადლობა და ძალიან ვწუხვართ, თუ ჩვენი სახელით მანიპულირებამ ვინმეს ზიანი მიაყენა. ჩვენ ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რაც რეპუტაციას შეგვილახავს ჩვენ ან ნებისმიერ ჩვენს პარტნიორს. ყველაფერი კანონის ფარგლებშია, რაც ახლა ხდება, ეს პოლიტიკური დევნაა.

სოფო კაჭარავა