დუმილის მსხვერპლი?!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში უმძიმესი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 28 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვს ბრალად ედება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ცოლის, 14 წლის გოგონას მკვლელობა. ირკვევა, რომ გოგონა ბრალდებულმა მოიტაცა და 2 თვეზე მეტხანს სოფელ ლამბალოში სახლში გამოკეტა. გოგონა იძულებითი ქორწინების წინააღმდეგი იყო და გაქცევას ცდილობდა. ამბობენ, რომ ამის გამო ხშირად ჩხუბობდნენ, რადგან გოგონას გაქცევა ადრეც უცდია. ერთი ვერსიით, მოზარდმა ამჯერადაც სცადა გაქცევა, სწორედ ამ დროს მოძალადემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა და მოკლა.
ტრაგედია დამნაშავის ბიძის სახლში დატრიალდა, ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს - იქ იმ დროს ხალხი იყო შეკრებილი, რადგან ბიძის ოჯახი შვილის ქორწილისთვის ემზადებოდა. როგორც ამბობენ, თავად ბრალდებულსაც ჰქონდა ქორწილი დაგეგმილი 15 დღეში.
ასლანოვების მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
28 წლის ბიჭს გოგონა მოტაცებული რომ ჰყავდა, ეს იცოდა მერის წარმომადგენელმა სოფელ ლამბალოში ალიხარ აბდულაევმა, თუმცა ირწმუნება, რომ არ იცოდა გოგონას ასაკი. "იმ ბიჭს შორიდან ვიცნობ. სამი თვე იქნება, რომ გავიგეთ, დმანისელი გოგო მოიტაცაო. ბიჭმა მოტაცებამდე ერთი თვით ადრე დანიშნა. არ ვიცოდი გოგო 14 წლის რომ იყო. ეს არც პოლიციამ იცოდა. როგორც ვიცი, გოგოს ოჯახი არ იყო ამ ქორწინების წინააღმდეგი".
იცოდნენ თუ არა გოგონას მოტაცების ამბავი სკოლაში, ამის გარკვევა ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელთან ვცადეთ. ქალბატონი მაია ხმალაძე ამბობს, რომ სკოლამ გოგონას გათხოვების ამბავი მისი მკვლელობის შემდეგ გაიგო:
"ამ სასწავლო წელს გოგონა სკოლაში არ მოსულა. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, 23 სექტემბერს დამრიგებელმა მშობელთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ის არ გამოდიოდა კონტაქტზე, 5 ოქტომბერს კი სკოლაში დაიბარეს... გვითხრა, რომ გოგონა გარდაბანში სტუმრად იყო წასული და 2 დღეში სკოლაში მივიდოდა. ძალიან მოწესრიგებული და კარგი გოგონა იყო, შარშან სასწავლო წელი ჩვეულებრივად დაამთავრა და ეჭვიც კი არავის გასჩენია. ჩემი ინფორმაციით, ეს ამბავი ოჯახს გასაიდუმლოებული ჰქონდა, თორემ ჩვენამდე რამე შემაშფოთებელი ინფორმაცია რომ მოდის, მაშინვე ვუგზავნით შეტყობინებას პოლიციას, რეფერირებას, სოციალურ სამსახურს. დირექტორმა ისიც კი მითხრა, მას შემდეგ, რაც პოლიცია დამიკავშირდა და შევიტყვე მკვლელობის ამბავი, მშობელს დავურეკე და ვკითხე, სად არის ბავშვი-მეთქი, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო, მშობელმა კი მითხრა, ქორწილშია ნათესავთანო. ამის შემდეგ ვეღარაფერი ვუთხარი, ეტყობა, არ იცოდა, ან იქნებ დამალა ეს ამბავიო"...
მოგვიანებით გავრცელდა მოკლული გოგონას დედის კომენტარი, რომელიც ირწმუნება, რომ ოჯახი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო და ამიტომ გოგონა მოსტაცეს.
"ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, შენც მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. მან ჩემი შვილი მოკლა, იმიტომ, რომ წამოსვლა უნდოდა. ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა, მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი წაიყვანა სახლში და გოგომ უთხრა: მხოლოდ 14 წლის ვარ, არ მიყვარხარ, თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავ. იმან კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს", - ამბობს მოკლული გოგოს დედა.
რატომ არ მიმართა ოჯახმა პოლიციას, ამ კითხვას მოკლულის დედა არ პასუხობს. მწარე რეალობაა, როგორც ირკვევა, ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ გოგონა იქიდან წამოსვლას ცდილობდა, მაგრამ არ აღმოჩნდა არც ოჯახი, არც სკოლა, არც მეზობელი და საერთოდ ერთი ადამიანიც კი მის გარშემო, რომელიც გოგონას დაეხმარებოდა. რომ არა ეს გულგრილობა, დღეს გოგონა ცოცხალი იქნებოდა.
ბავშვის გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედება მძიმე დანაშაულია და დამნაშავე აქამდეც ციხეში უნდა ყოფილიყო გამოკეტილი. მაგრამ... ყველა დუმდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.