"განადგურებული გული კიდევ უფრო ნადგურდება, როცა გესმის: "გაიხსენე ის დღე რა იყო, როგორ იყო და იმ დროს რას განიცდიდიო..." - 2 წელი ბათუმის ტრაგედიიდან
ბათუში მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რამაზ დავლაძის ოჯახის ოთხი წევრი. მან ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა.
დავლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"8 ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!
ტკივილთა და განცდათა შორის არის ისეთი აუხსნელი სიმძიმის განცდა-ტკივილი, რომელიც შენში მუდმივად მკვიდრდება და აუტანელ გაუსაძლისობას გიქმნის ხან მეტად, ხან ნაკლებად, ერთიანდები ამ ყველაფერთან და ამ უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც გეკადრება და შეგეფერება; არც ვინმე შეაწუხო და დაღალო შენი განცდებით და ასევე, პირიქით....
ერთ ავბედით დღეს რომ მოიხედავ უკან და აღარ გყავს ყველაზე ძვირფასები, ვისი სიყვარულით და ბედნიერებით თითქოს ცასაც კი ეხებოდი, არის შეკითხვათა შორის ისეთი კითხვებიც, რომელიც მომხდარი ტრაგედიისნაირი ტრაგედიაა და ყოველთვის უადგილოა, მაგ დროს განადგურებული გული კიდევ უფრო ნადგურდება როცა გესმის: "გაიხსენე ის დღე რა იყო, როგორ იყო და იმ დროს რას განიცდიდიო...
ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! მთელი საქართველო გულშემატკივარი იყავით და ხართ; მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი დემეტრე ყოველთვის თქვენი მადლიერი და მადლობელი ვართ! თქვენმა თანადგომამ ბევრი რამ შემძინა და მასწავლა, თითოეულ მათგანს უამრავ სიკეთეს გისურვებთ; იხარეთ და ვიყოთ ყოველთვის ერთმანეთის ერთგულ საიმედოდ! თითოელ მათგანს ჩემი მოკრძალებული პატივისცემა!მშვიდობა ყველას!" - წერს რამაზ დავლაძე "ფეისბუქში".