ერთი ნაბიჯი რეგიონულ კატასტროფამდე ანუ დაიწყება თუ არა ისრაელ-ირანის ომი?! - კვირის პალიტრა

ერთი ნაბიჯი რეგიონულ კატასტროფამდე ანუ დაიწყება თუ არა ისრაელ-ირანის ომი?!

7 ოქტომბერს მსოფლიომ, ფაქტობრივად, ახალი ომის რეალობაში გაიღვიძა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, ისრაელზე ღაზის სექტორიდან საჰაერო და სახმელეთო შეტევა დაიწო, რაზეც პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა", ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია "ალ-აქსას ქარიშხლის" დაწყება გამოაცხადა და თქვა, რომ ესაა შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის გამო. მისი ლიდერის მტკიცებით, ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა ისროლეს. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ აშკელონსა და სდეროთში, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ პირველ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია. "ისრაელის მოქალაქეებო, ეს არ არის სამხედრო ოპერაცია ან კონფლიქტის ესკალაცია, ჩვენ ომში ვართ... და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც სმენიათ", - განაცხადა მან. პრემიერმა გასცა ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ და მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. ქვეყანაში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხოდ მათ ოპერაცია "რკინის ხმლები" დაიწყეს. სწორედ ამ ვითარების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან:

- ის, რაც ხდება, ვერ ვიტყვით, რომ მთლად მოულოდნელი იყო. საქმე ის არის, როდესაც იწყება გლობალური უსაფრთხოების სისტემების რღვევა, ამას მოჰყვება შედეგები. შესაბამისად, სხვადასხვა ცხელ რეგიონში კიდევ უნდა ველოდოთ, რომ თავგაცხელებული ადამიანები არა მარტო პროვოკაციებს დაგეგმავენ, არამედ ასეთ მძიმე, აგრესიულ ნაბიჯებსაც გადადგამენ. ცალსახაა, რომ ეს თავდასხმა ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა, რომ არა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა, ის პოლიტიკა, რასაც ირანი წლებია ატარებს ახლო აღმოსავლეთში. სამწუხაროდ, ევროპის გარდა, ცხელი წერტილი მივიღეთ უკვე ახლო აღმოსავლეთშიც და ამას ისრაელის პრემიერმა უკვე დაარქვა ომი. დარწმუნებული ვარ, ისრაელისგან აუცილებლად ძალიან მძიმე და მასშტაბური პასუხისა და შურისძიების მომსწრენი გავხდებით.

- გამოითქვა ვარაუდი, რომ ტერორისტულ ჯგუფ "ჰამასის" უკან, ირანთან ერთად, შეიძლება იდგეს რუსეთიც.

- ისეთ დროში ვცხოვრობთ, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ძალიან ბევრი რამ ჯერ უცნობია და რთულია იმაზე მტკიცებით ლაპარაკი, ამ ყველაფერში ვინ შეიძლება იყოს გარეული. შეიძლება რუსეთი იყო კიდეც ამ თავდასხმის მომზადებაში ჩართული, თუ რა ფორმით და როგორ, ვფიქრობ, ეს დამალული ვერ დარჩება და მალე გამოჩნდება, თუმცა დღეს ამის თქმა დანამდვილებით გამიჭირდება, რადგან ამის მტკიცებულება არ ჩანს.

რაც შეეხება ირანს, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელში ეს ოპერაცია წამოიწყეს იმ ჯგუფებმა, რომელთა ხელშემწყობად და სპონსორად რეგიონში ირანი გვევლინება, გვაქვს საფუძვლიანი არგუმენტი, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება იდგეს სწორედ ეს ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მოჰყვება ისრაელისგან პასუხი, რომელიც გასცდება ღაზის სექტორს და იმ არაბულ ჯგუფებს, ვინც სისხლის ღვრაზე წავიდნენ. ეს, სავარაუდოდ, მოიცავს სირიის იმ ნაწილს, სადაც დამყარებულია ირანული არმიის კონტროლი. უკიდურეს შემთხვევაში პირდაპირ ირანის წინააღმდეგ განსაზღვრული ღონისძიებების გატარებასაც ვერ გამოვრიცხავთ.

ის პროცესი, რაც ახლა დაიწყო, მნიშვნელოვანწილად დაუსვამს კითხვის ნიშანს ირანის დასავლეთთან მოლაპარაკებების წარმატების ალბათობას, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელი არაფრით არ დაუშვებს მოლაპარაკებების გაგრძელებას. ირანმა დასავლეთის წინააღმდეგ ისედაც გადადგა ნაბიჯები, რაც მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითაც იყო განპირობებული, როდესაც რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა დაიწყო, დღეს კი ისე ჩანს, იმ დროს, როდესაც დასავლეთის მთელი ყურადღება მობილიზებულია ევროპაში არსებულ კრიზისზე, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ცდილობს საკუთარი პოზიციები განამტკიცოს ახლო აღმოსავლეთში. რამდენად გამოუვა, ეს საკითხავია, პირადად მე, არა მგონია, გამოუვიდეს...

- როგორ შეიძლება აისახოს ახალი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის ომზე?

- ალბათ, ერთხანს ყურადღება გადავა ისრაელზე, საინფორმაციო ველზე გადაიფარება ომი უკრაინაში, მაგრამ ვითარებას არსებითად, ვფიქრობ, ნაკლებად შეცვლის, რადგან დასავლეთს უკვე აღებული აქვს უკრაინის წინაშე ვალდებულებები, ვგულისხმობ, სამხედრო დახმარებას, უკვე კეთდება ბევრი რამ, თუნდაც იარაღის წარმოების მხრივ. ამიტომაც ძალიან საეჭვოა, ეს პროცესი შეფერხდეს.

ამასთან, ისრაელს არაფერი სჭირს საიმისო, რომ კრიზისის გასამკლავებლად სამხედრო დახმარება გარედან მიაწოდონ. მას აქეთ შეუძლია, ამ პირობებშიც კი, სხვას აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება, თუ საჭირო გახდა. მოკლედ, ჩემი აზრით, ეს უკრაინაში ბრძოლის ველზე ვერაფერს შეცვლის, თუმცა საერთაშორისო ეკონომიკაზე ახალი კონფლიქტი აუცილებლად აისახება ზუსტად ისევე, როგორც საზოგადოდ ახლო აღმოსავლეთის კრიზისები მოქმედებს ხოლმე, ვგულისხმობ, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას.

ის, რომ რიგი დასავლური ქვეყნების პოლიტიკურ ძალებშიც და საზოგადოებაშიც გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების მასშტაბის გადახედვაზე ალაპარაკდნენ, ბუნებრივი და კანონზომიერი პროცესია. ვიღაცებს, როგორც ჩანს, თავიდან ეგონათ, მარტივად გამოვიდოდა რაღაცები, თუმცა ნათლად ჩანდა, რომ ამ ომში მარტივი არაფერი იქნებოდა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით მეტად გაჩნდება სკეპტიციზმი, დაისმება კითხვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასავლელი აქტორები, რომელთაც ამ ომში ფუნდამენტური ინტერესები აქვთ, უკან დაიხევენ. ვფიქრობ, პარტნიორები უკრაინას მოსთხოვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს დონორების მიმართ, მეტად იზრუნოს იმაზე, რომ მოიხსნას კითხვები, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ის დახმარება, რომელსაც უკრაინა იღებს. ასევე მოითხოვენ, რომ რესურსების ალოკაცია უკრაინამ უფრო ეფექტიანად მოახდინოს.

განაგრძე კითხვა