პუტინის "კვალი" ახალ დიდ ომში?! - რა მოიგო ისრაელმა კრემლთან ფარული გარიგებებით, მათ შორის - საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე - კვირის პალიტრა

პუტინის "კვალი" ახალ დიდ ომში?! - რა მოიგო ისრაელმა კრემლთან ფარული გარიგებებით, მათ შორის - საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე

ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ ისრაელის სამხრეთ ნაწილზე თავდასხმის მესამე დღესაც კი ისრაელის არმიასა და საპოლიციო რაზმებს ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ „გაუწმენდიათ“ თავისი დასახლებული პუნქტები და კიბუცები „ჰამასის“ მებრძოლებისგან...

როგორც ირკვევა, 7 ოქტომბრის დილის 06.30 სთ-ზე (ადგილობრივი დროით), მასობრივი სარაკეტო ზალპების პარალელურად, ღაზის სექტორზე შემორტყმული სასაზღვრო ღობე 80-მდე ადგილას გაარღვიეს (ზოგან ბულდოზერებით, ზოგანაც - ააფეთქეს) და ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 800-დან 1 000-მდე მებრძოლი მოტოციკლეტებითა და პიკაპებით შეიჭრა. მათ ისრაელის 20-მდე დასახლებულ პუნქტზე და 11 სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში, რომლებზეც თითქმის ერთი დღე და ღამე ჰქონდა კონტროლი დამყარებული, სანამ უკან, ღაზის სექტორში არ დაბრუნდნენ მრავალრიცხოვანი სამხედრო ტყვეებითა და ტექნიკის ალაფით, ასევე - მძევლებით ხელში...

მოხდა ის, რასაც ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეტყობა, ვარაუდის დონეზეც კი არ უშვებდა და მთლიანად მინდობილი იყო იმ საერთაშორისო პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის - ფარული სახის, რომლებსაც ოფიციალური თელ-ავივი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დებდა...

მათ შორის გახლდათ რუსეთის ფედერაცია და პირადად მისი პრეზიდენტი პუტინი, რომელთანაც ისრაელის სხვადასხვა დროის პრემიერ-მინისტრები კულუარულ საიდუმლო გარიგებებს დებდნენ, მათ შორის - სხვა ქვეყნების ხარჯზეც...

1-bul-1696842382.png
ბულდოზერით ღაზის სექტორს შემოვლებული ღობის გარღვევა „ჰამასის“ ისრაელში შეჭრის სიმბოლოდ იქცა, მაგრამ ამ სერიოზული სამხედრო ოპერაციის მომზადებაში „ჰამასს“ ნუთუ არ ეხმარებოდნენ ირანისა და თვით... რუსეთის სპეცსამსახურებიც?

მათ შორის ჩვენი საქართველოს ხარჯზეც - თბილისის ზურგსუკან თელ-ავივსა და მოსკოვს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიღწეული ფარული შეთანხმება, რომლის შედეგადაც ისრაელმა შეწყვიტა ყოველგვარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, კრემლის გულის მოსაგებად გაკეთდა, ხოლო სამაგიეროდ, ისრაელმა მოსკოვს სთხოვა, არ მიეყიდათ ირანისთვის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები...

მართლაც, ისრაელმა ქართულ არმიას აღარ მიაწოდა უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები, ხოლო რუსეთმა დროებით „გაყინა“ „ს-300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვა თეირანისთვის, რისთვისაც მადლიერმა ისრაელმა თავისი დრონების რუსეთში ლიცენზირებული წარმოების უფლება მისცა მოსკოვს (რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა რუსეთის მიერ დრონების წარმოების ტექნოლოგიის ათვისება, რის მძიმე შედეგსაც დღეს თავის თავზე იწვნევს უკრაინის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობაც).

თუმცა, რამდენიმე წელში თელ-ავივი მოტყუებულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან 2016 წელს პრეზიდენტმა პუტინის ბრძანებით „ს-300“-ები რუსეთმა მაინც გადასცა ირანს...

დაახლოებით, იგივე სიტუაცია შეიქმნა გასულ წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს - კიევი და პირადად პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც ებრაული სისხლიც უჩქეფს, თვეების განმავლობაში კულუარულად დაჟინებით სთხოვდა ისრაელის მთავრობას თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების მიწოდება-მიყიდვას, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა და თელ-ავივმა რამდენჯერმე გააკეთა ზუსტი მინიშნება, რომ უკრაინასთვის შეიარაღების მიწოდებით ის რუსეთს გადაიკიდებდა, რაც არანაირად არ შედიოდა ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებში, რადგან შეიძლება სიტუაცია დასძაბოდა მის სამეზობლოში არსებულ პრორუსულ ძალებთან...

და მაინც ისრაელი ვერ ასცდა „ჰამასის“ ასეთ ფართომასშტაბიან თავდასხმას, რასაც მალე შეიძლება ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაც მოჰყვეს, მაგრამ ვინ იდგა და დგას „ჰამასის“ უკან?

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმა კარგად დაგეგმილი და მომზადებული გახლდათ, რაშიც ამ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებას უცილობლად ეხმარებოდნენ დიდი ქვეყნის ან ქვეყნების სპეცსამსახურები და ოპერატიული დაგეგმვის არმიის ოფიცრები, მაგრამ რომელი ქვეყნების?

დღეს ბევრი ხელს ირანისკენ იშვერს. მართალია, თელ-ავივი კატეგორიულად უარყოფს ამას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ღაზის სექტორში მოქმედი „ჰამასი“ და განსაკუთრებით კი - ლიბანში ბაზირებული „ჰესბოლა“ სწორედ ირანიდან ფინანსდებიან და იარაღდებიან და რა იქნება იმაში გასაკვირი, რომ ირანის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უმთავრესი მტრის - ისრაელის სახელმწიფოს დღევანდელ რთულ სიტუაციაში აღმოსაჩენად?

2-bul-1696842518.png
ერთი წლის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი მოსკოვში ასე თბილად მასპინძლობდა „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ხანიას - ვინ გამორიცხავს, რომ სწორედ მაშინ დაიგეგმა ისრაელზე „ჰამასის“ ახლანდელი თავდასხმა, რათა რუსეთ-უკრაინის ომიდან მსოფლიოს მთელი ყურადღება სწორედ ისრაელის პრობლემებზე გადატანილიყო?

მაგრამ, „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ გვერდით განა მარტო ირანი დგას? რომელი ქვეყნის დედაქალაქში ჩადიოდნენ, თუნდაც წელს, მარტში ამ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები, რომლებსაც მაღალი დონის ოფიციალურ შეხვედრებს უწყობდნენ?

მართლაც, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2023 წლის 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად მასპინძლობდნენ „ჰამასის“ დელეგაციას, ხოლო 2022 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარეს თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი გულთბილად ართმევდა ხელს...

რატომ უნდა გამოირიცხოს ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ირანელ კოლეგებთან ერთად თავისი დიდი წვლილი შეიტანეს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის კომბინირებული იერიშის მომზადებაში, რომელიც შემთხვევით ან შეიძლება სულაც სპეციალურად დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დაბადების დღეს?

დანაშაულის გამოძიებისას კარგი გამომძიებელი პირველ რიგში იმას არკვევს, თუ ვის აწყობდა ეს - განა კრემლის ინტერესებში არ შედის ახალი დიდი ომის ინიცირება, რომ დასავლეთის, პირველ რიგში კი - აშშ-ის მთელი ყურადღება სტრატეგიული პარტნიორის - ისრაელის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე გადავიდეს, რითაც მეტ-ნაკლებად მივიწყებული იქნება ის უკრაინა, რომლის დამარცხებასაც ამხელა რუსეთი ვერანაირად ვერ ახერხებს?

პუტინს ჰქონდა დიდი მცდელობა, „აეფეთქებინა“ ნატოს „უკანა ეზო“ და სერბეთსა და ნაწილობრივ აღიარებულ, სეპარატისტულ კოსოვოს შორის ახალი შეიარაღებული კონფლიქტი გაეჩაღებინა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ შეძლო, რადგან სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი უფრო პასუხისგებიანი აღმოჩნდა და არ მისცა საშუალება კრემლს, სერბეთი ახალი ომის ქარცეცხლში გაეხვია, მაგრამ „ჰამასის“ ლიდერებისთვის ეტყობა, სულერთია, რომ გამწარებული ისრაელი შურისძიებისთვის ღაზის სექტორის მიწასთან გასწორებას დაიწყებს...

და ბოლოს, დავსვამთ რიტორიკულ კითხვას - რა მოიგო ისრაელმა, „ჰამასის“, „ჰესბოლასა“ და ირანის მხარდამჭერ რუსეთთან წლების განმავლობაში განხორციელებული ფარული (მათ შორის - საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე) გარიგებებით?