"თანამდებობის პირის არჩევა-გათავისუფლების ღია კენჭისყრით ჩატარების საკითხის განხილვა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება და „ვინ არ ენდობა საკუთარ გუნდს, ვხედავთ" - კვირის პალიტრა

"თანამდებობის პირის არჩევა-გათავისუფლების ღია კენჭისყრით ჩატარების საკითხის განხილვა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება და „ვინ არ ენდობა საკუთარ გუნდს, ვხედავთ"

ჩვენს არსებულ რეგლამენტში არის საკითხები, რომლებიც ფარული კენჭისყრით წყდება და რომლებიც ღია კენჭისყრით - თუ დღევანდელ რეგლამენტს ჩახედავთ, აბსოლუტურად უსისტემოა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების პოსტზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესები „გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პროცედურების დასახვეწად ხორციელდება“.

„რადიკალურ ოპოზიციას არა მხოლოდ კომპეტენციის პრობლემა, არამედ როგორც ჩანს, წერა-კითხვის პრობლემაც აქვს, მაგრამ თქვენ, განსაკუთრებით საპარლამენტო ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, [სწორად შეაფასოთ], რადგან ძალიან კარგად იცით საპარლამენტო პროცედურები. დარწმუნებული ვარ, ყველა გაეცნობოდით ამ კანონს, რომლის დაჩქარებული წესით განხილვა არ ხდება. ის კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი გადაწყდება, მაშინ მიიღება. არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. სინამდვილეში, იმ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რომლებიც პარლამენტის რეგლამენტში ეტაპობრივად ხორციელდება გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პროცედურების დასახვეწად. კერძოდ, ეს ცვლილება შეეხება შემდეგ საკითხს: ჩვენს არსებულ რეგლამენტში არის საკითხები, რომლებიც ფარული კენჭისყრით ხდება და რომლებიც ღია კენჭისყრით. მათ შორის სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევის დროს. თუ დღევანდელ რეგლამენტს ჩახედავთ, არის აბსოლუტურად უსისტემო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან მისი შეფასებით, „ოპოზიციაში უნდობლობაა და [კენჭისყრების] გამჭვირვალობა აშინებთ“.

„ვინ არ ენდობა საკუთარ გუნდის წევრს, ვხედავთ. იმდენად არ ენდობიან [ერთმანეთს], რომ დარბაზში არც კი შემოდიან, შემთხვევით თითი რომ არ დააჭირონ. ამიტომ პირიქით, გამჭვირვალობა აშინებთ. იმიტომ, რომ ის ჩამოშლა, რაც გუნდში აქვთ, გამოჩნდება ზუსტად ასეთი კენჭისყრების დროს. უნდობლობა არის ოპოზიციაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების პოსტზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

IPN