ეკა ტყეშელაშვილი უკრაინაში ავტოავარიაში მოყვა - როგორია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, ლვოვის ოლქში ავტოავარიაში მოჰყვა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ავარია გუშინ, 8 ოქტომბერს მოხდა. ეკა ტყეშელაშვილი AUDI A8-ში იჯდა, რომელიც საპირისპირო მხრიდან მომავალ Hyundai-ის მარკის ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, "ჰიუნდაის" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს მარცხენა წინამხრის მოტეხილობით, ტვინის შერყევითა, კანტუზიის დიაგნოზით“, - წერს უკრაინული მედია.
სამართალდამცველთა ცნობით, "აუდის" მარკის ავტომობილს ეკა ტყეშელაშვილი არ მართავდა. საჭესთან მამაკაცი იჯდა.მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
მედიაში შემთხვევის ადგილიდან ფოტოებიც გამოქვეყნდა.
რაც შეეხება "ჰიუნდაის" მძღოლს, მედიის ინფორმაციით, მას ქალი მართავდა და ის შემთხვევის ადგილზე მძიმე დაზიანებებისგან გარდაიცვალა. "აუდის“ მძღოლმა და მგზავრმა დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.