სუს-ი, სერბები და კარვები - არის თუ არა რეალურად ე.წ. რევოლუციის საფრთხე საქართველოში?!
რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონი. ცვლილებაზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანონპროექტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პოლიტიკური ოპოზიცია მას ე.წ. რუსული კანონის გაგრძელებად და გამოხატვის თავისუფლების დასამარებად მიიჩნევს, მმართველი პარტია კი კანონში ცვლილებებს სუს-ის 18 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით ასაბუთებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში გადატრიალება იგეგმება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლების დაანონსებულ რევოლუციებზე, გადატრიალებებსა და ლამის აპოკალიფსებზე არაერთგზის გვსმენია. რატომ და რა შემთხვევაში გვაშინებს ყველა ხელისუფლება რევოლუციით, არის თუ არა საზოგადოებაში დღეს რევოლუციური მუხტი, ამ საკითხებსა და საზოგადოდ, რევოლუციების ანატომიაზე საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:
- მოსალოდნელ რევოლუციაზე განცხადების გათვალისწინებით, ხელისუფლებას მართლაც ეშინია, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდება უკმაყოფილების მუხტი, რომელიც შემდგომში შეიძლება რევოლუციურ ტალღაში გადაიზარდოს, მოიცვას მთელი საზოგადოება და ხელისუფლებისთვის კატასტროფულად დამთავრდეს. არავინაა მიამიტი და ვიცით, რომ ყველა საზოგადოებაში, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი უზის სათავეში, ყოველთვის არსებობს დიდი უკმაყოფილების მუხტი. ჩვენთანაც რომ ასეა, არც არის დაფარული, მაგრამ რამდენად მზადდება გადატრიალება, ამის ნაკლებად მჯერა. რევოლუციებს, როგორც წესი, თვითონ ავტორიტარული რეჟიმები იწვევენ ხოლმე თავიანთი არაადეკვატური საქციელით - როცა ყველგან საფრთხე და მოწინააღმდეგე ელანდებათ, აწესებენ შეზღუდვებს, ამკაცრებენ კანონებს, იჭერენ მოქალაქეებს და ა.შ., რაც უფრო ზრდის რეჟიმით უკმაყოფილებას, ზრდის მუხტსაც და ხდება ესკალაცია (რომლისგან გაქცევაც რეჟიმს სურს), ანუ პირიქით, თავს საფრთხეში იგდებს. როცა იციან, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება თავისი მოქმედების ლეგიტიმაცია. ის, რომ მან გამოიყენა ძალა ან ძალისმიერი მეთოდებით "გაწმინდა" პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სივრცე თუ "დააწყნარა", ყველა შემთხვევაში სჭირდება ერთგვარი გამართლება-ლეგიტიმაცია. ამიტომაც ხდება საინფორმაციო ბაზარზე ისეთი "პროდუქტების გამოგდება", თითქოს სადღაც შეთქმულებაა, რომელსაც შიდაპოლიტიკური ძალები "აცხობენ" გარედან ძლიერი დამხმარეებით. წესით, არც ერთი რევოლუცია არ არის შედეგიანი, თუ საზოგადოებაში ამის პოტენციალი და მზადყოფნა არ არის. რაც უნდა ამზადოთ და ატრენინგოთ რევოლუციონერები, გამოიყენოთ ასობით რევოლუციონერი, თუ ხალხი არ არის შინაგანად მზად და მასში მუხტი არ არის, ბუნებრივია, ტრენინგი თუ სამზადისი ნაყოფს ვერ გამოიღებს. ამავე დროს, შეიძლება ხელისუფლების ერთი არასწორი ნაბიჯი გახდეს ნაპერწკალი იმ დიდი ხანძრის, რასაც მერე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ამბოხი, ან რევოლუცია მოჰყვება. ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია - ხელისუფლება გრძნობს საზოგადოების უკმაყოფილებას და ის წინმსწრებად ემზადება.
- სერბების საქმეც ე.წ. გამოგდებული პროდუქტია?
- ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანს სრული უფლება აქვს ჩაატაროს ტრენინგი იმაზე, თუ როგორ შეიძლება საპროტესტო პროცესების მართვა ან საპროტესტო პოლიტიკის გატარება, პოლიტიკური კოორდინირება და სხვა. ეს საპროტესტო მასების მართვის ჩვეულებრივი საკითხია. ბუნებრივია, ასეთი ტრენინგების დროს არავინ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს, ეს ალოგიკურიც არის, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ტრენინგების დაუწერელი ამოცანაა ხელისუფლების იძულება, რომ მან ადეკვატური ნაბიჯები გადადგას, წავიდეს დათმობაზე ან მოუსმინოს ხალხს. ძალისმიერი მეთოდებით რევოლუციის მოსაწყობად, მით უმეტეს, ხელისუფლების გადასაგდებად, სულ სხვა მეთოდები არსებობს, ეს ტრენინგების გავლას არ საჭიროებს. თვალი გადაავლეთ 50-60-იან წლებიდან მოყოლებული, როგორ ხდებოდა დიქტატურული და სხვა რეჟიმების გადაგდება, მათ შორის გარე დახმარების ხელშეწყობით (მაო ძედუნით დაწყებული და ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებით დამთავრებული), ყველგან არის რევოლუციური მოქმედებების ფართო სპექტრი, როცა ხდება ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკური ხელმძღვანელობის და რეჟიმების შეცვლა. რასაც ახლა ვუყურებთ, არანაირი მსგავსება არ არის იმასთან, აბსოლუტურად სხვა გარემოში, სხვა ფორმატსა და მიზნებთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს, ისეთ ორგანიზაციულ ჩარჩოებში, როგორიც "იუსაიდია". ნამდვილად არის სატრენინგო მასალა, თუ როგორ უნდა მოახერხონ პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა პოლიტიკური პროტესტის მართვა, რომელიც მაშინაა წარმატებული, როცა მას შედეგი მოჰყვება. როცა ამბობენ, რომ ეს რევოლუციური სცენარია, მე დავინტერესდებოდი და ვიკითხავდი, ამას როგორ შიფრავენ, რა ეტაპებისგან შედგება ეს რევოლუციური სცენარი, ვინაიდან ერთია, როცა ტრენინგებს ესწრებით და მეორე, როცა რევოლუციას ძალისმიერი მეთოდებით ახდენ. უდიდესი განსხვავებაა მეთოდებშიც და მიზნებშიც.
- სუს-ს თუ აქვს იმის მტკიცებულებები, რომ დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობა იგეგმება, წესით, უნდა წარმოადგინოს. გამოძიებისგან რას ელით?
- უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში ძალოვანმა სტრუქტურებმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ქვეყნის შიდაუსაფრთხოება ევალება, კარგა ხანია დაკარგეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტატუსი. ეს უწყებები ყველა ხელისუფლების დროს (განსაკუთრებით წინა ხელისუფლების) პოლიტიკური პარტიისა და მთავრობის მარჯვენა ხელია, ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას მაშინ, როცა პოლიტიკურად აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყვნენ და მოქმედებდნენ ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის. ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში ძალიან ბევრია კვალიფიციური და პატრიოტი თანამშრომელი, მაგრამ როგორც ინსტიტუცია, არ ასრულებს იმას, რაც კონსტიტუციით ევალება, ის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად გადაიქცა და ასეთ შემთხვევაში მის კეთილსინდისიერებასა და გამოძიებაში ბევრს ექნება ეჭვის შეტანის უფლება.
- ხელისუფლებამ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის დაჩქარებული წესით მიღებაც დაანონსებული რევოლუციის თავიდან აცილებით დაასაბუთა. ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში მსგავსი კანონის მიღება იქნება თუ არა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის დამაბრკოლებელი?
- რა თქმა უნდა, ეს არის ნაწილი იმ პრევენციული ღონისძიებებისა, რასაც ხელისუფლება მიმართავს, რათა მაქსიმალურად შეზღუდოს პროტესტის ტალღა, თავიდანვე აღკვეთოს და საზოგადოებაში გააჩინოს შიში, ხომ ხედავთ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ დავუშვათ სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლაო. ამავე დროს ეს საზოგადოებისთვის მკაცრად თითის დაქნევაა, რომ არაფერი გაბედოს და თუ გაბედავს, რეაგირება იქნება. ახლა აბსოლუტურად არარელევანტურია, დაიდგმება თუ არა კარავი სავალ ნაწილზე, პატარა იქნება ის თუ დიდი და სხვა. დღეს, როცა ეს შეზღუდვები არ არის ამოქმედებული, აქციაზე ცარიელი ფურცლებით მდგომ მოქალაქეებს აკავებენ, ადმინისტრაციულ სასჯელს უწესებენ და წარმოიდგინეთ, როცა სასჯელი გამკაცრდება და ვინმე თუ კარვით დააპირებს მისვლას, ამას მთავრობის როგორი რეაგირება მოჰყვება. აშკარაა, ხელისუფლება გადადის უფრო მეტ რეპრესიულ ფორმატში და სურს ეს სამართლებრივადაც "გაიპრავოს". ამიტომაც დაჩქარებული წესით შეიტანა ეს კანონი. ჩემი აზრით, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლება უფრო ავტორიტარული ხდება, უკან არ დაიხევს, რაც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს გაერთიანებისთვის. მან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ ასეთი ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მზად იქნება ამას თავისი ერთიანობა დაუპირისპიროს. ავტორიტარულ საზოგადოებას აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება - ბუნებრივი ინერტულობის გამო გვიან რეაგირებს, მით უმეტეს, ისეთი საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურად არ არის ჩამოყალიბებული (ანუ ჩვენი). ავტორიტარული რეჟიმი მცოცავი სამართლებრივი ნორმებით თანდათან ზღუდავს საზოგადოებას და ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოება, რომელმაც თავის დროზე რეაგირება არ ან ვერ მოახდინა, იღვიძებს უკვე ტოტალიტარულ, შეზღუდულ, დახურულ საზოგადოებაში. ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს საზოგადოების ე.წ. მცოცავი ოკუპაცია, ხელისუფლება პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცის სრულ ოკუპირებას ახდენს - "აგენტების შესახებ" კანონი იქნება ეს, მანიფესტაციებისა და კარვების შეზღუდვა თუ სხვა რამ. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ მანამდე თვალსა და ხელს შუა ადმინისტრაციული კანონის გამკაცრება შემოგვაპარეს (ადრე თუ მოქალაქე 500 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა 2000-ით) ვერც გავიგეთ, ისე. ბუნებრივია, ასეთი ნაბიჯები სრულიად მიუღებელია. ეს კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირმა ეს შეიძლება შეაფასოს როგორც 12 პუნქტის პირდაპირი ტორპედირება (იქ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება).
- რატომ არის ყველა ხელისუფლება კარვებზე "აცრილი" - თითქმის ყველა ებრძოდა, ისინიც, ვინც კარვებით მოდიოდნენ სათავეში. თუმცა ისიც გვახსოვს, მსგავსი შეზღუდვები უკუეფექტს იწვევდა ხოლმე საზოგადოებაში...
- ამით "ოცნება" უპირველესად საკუთარ თავს აყენებს დარტყმას, მათ შორის მორალურსაც. ხელისუფლებას, რომელიც პროტესტის ტალღით მოვიდა და რომელსაც ჰქონდა ეს ფუფუნება, ეწინააღმდეგებოდა ძალადობას საზოგადოებაზე და შეზღუდვებს, განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო წლებში (და რომელიც საბოლოოდ მართლა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდა) და როცა სრულიად იდენტურ ნაბიჯებს დგამს, ორმაგად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე წინა ხელისუფლებას. მან თუ შეცდომა დაუშვა და შენ იმავეს სჩადიხარ, ეს ნიშნავს, რომ წინაზე ორჯერ უარესი ხარ - იცი, რომ შეცდომა დაუშვა და შენ, ამის მცოდნე, იმავეს იმეორებ. ეს უკვე შეცდომა აღარაა, მიზანმიმართული ქმედებაა, ესაა სწორედ ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი - ისინი თავის გადარჩენის რეჟიმში გადადიან. რადგან ხალხის მხარდაჭერა შესუსტდა, ერთადერთი გზა რჩება - ძალოვანი მეთოდები და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით საზოგადოებასთან ურთიერთობის გამკაცრება. ეს არის ის გზა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გამოიარა როგორც კომუნისტურმა ხელისუფლებამ, ასევე შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლებებმა. გვიხილავს ისეთი რეჟიმები, რომელთა სისასტიკეს ანალოგი არ მოეძებნება (სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის, ჩაუშესკუს), მაგრამ საბოლოოდ დამხობილან. ასეთი ხელისუფლება მორალურად კარგავს სახესა და ლეგიტიმაციას. რაც უფრო ხალხის საწინააღმდეგო არაადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, მით უფრო დაკარგავს მორალურ სახეს, რაც არის გარანტირებული საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკურ ძალაუფლებასაც დაკარგავს.