"თუ არასრულწლოვანი გოგონა მოგყავს ცოლად, გამოდის, რომ უბრალოდ, ჯარიმა უნდა გადაიხადო" - აზერბაიჯანელი გოგონები მძიმე ბედქვეშ: რა ზეწოლას განიცდიან თემისგან, ოჯახისგან?
6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ ქვეყანა შეძრა. სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული გოგონა აითაჯ შახმაროვა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ საგარეჯოში ძებნილი მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანული თემი, მათ შორის დამნაშავის მამა კამერებთან ამბობდა, რომ ისინი პირადად იყვნენ ჩართულები ძიებაში, მაგრამ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული კაცი მომხდარიდან მეოთხე დღეს დააკავეს.
თოზუ გულმამედლი ფემინისტი აქტივისტია კახეთის სოფელ იორმუღანლოდან. თოზუ თბილისში ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის იბრძვის, აზერბაიჯანულ თემში კი ქალთა უფლებების დასაცავად. Ambebi.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში დაწვრილებით საუბრობს თუ რა გამოწვევის წინაშე დგანან აზერბაიჯანელი გოგონები საქართველოში, რა ზეწოლას განიცდიან საზოგადოებისგან, ოჯახისგან და როგორ არ იცავს მათ სისტემა, სკოლა, სამართალდამცავი უწყება და სახელწიფო.
საუბარი გასულ კვირას მომხდარი სასტიკი დანაშაულით დავიწყეთ...
- თოზუ, საუბარი გასულ კვირას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი ტრაგედიით დავიწყოთ. 14 წლის აითაჯი იმ კაცმა მოკლა, რომელმაც ორი თვის წინ მოიტაცა და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობდა.
- ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა. მარტო მკვლელობაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის მთლიანად, სისტემის გულგრილობა, თუ როგორ ვერ იცავს ბავშვს სახელმწიფო. სკოლიდან დავიწყებ - სად იყო სკოლა, როდესაც სწავლა დაიწყო და ბავშვი არ დადიოდა?! მე ამ თემის წარმომადგენელი ვარ და ვიცი, რომ ყველამ კარგად იცის, როდესაც ნიშნობა ხდება. გუშინ ვიყავით აითაჯის ოჯახში, გოგონა 7-8 თვის წინ დანიშნეს. ასეთ ამბებს სოფელში ყველა იგებს, მათ შორის სკოლაც, იგივე შემიძლია ვთქვა, მოტაცების ფაქტზეც, აუცილებლად მივიდოდა ეს ამბავი სკოლამდე.
- თქვენი ინფორმაციით, პოლიციაში დარეკა ვინმემ?
- არა, არავის არ უთქვამს, რომ პოლიციაში დარეკა. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დარეკეს და სისტემამ არ იმუშავა, მაგრამ რაც შეეხება სკოლას, ერთი თვეა სწავლა დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი რომ არ დადიოდა, ეს უკვე მთლიანად სისტემის გულგრილობაზე მეტყველებს.
- აღნიშნეთ, რომ გარდაცვლილის ოჯახთან იყავით, რას ამბობენ მშობლები?
- ზოგადად, თემში დანიშვნის ფაქტს ის გამართლება აქვს, რომ ამ დროს ბავშვი რეალურად სახლშია. რაც შეეხება გოგონას მოტაცებას, მამა საზღვარგარეთ იყო წასული, მომხდარის შემდეგ დაბრუნდა. ხოლო დედის პოზიცია ჩვენ ყველამ გავიგეთ ტელევიზიით. გააგრძელეთ კითხვა