"ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს
7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. "ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
რა არის "ჰამასი"?
ჰამასის ჩამოყალიბების საწყის ეტაპად 1960-იანი წლები მიიჩნევა - როდესაც ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში პალესტინელი სტუდენტების ჯგუფმა დააარსა ორგანიზაცია, სახელწოდებით "ისლამური სტუდენტების ასოციაცია.“ ეს ორგანიზაცია მოგვიანებით ისლამურ საძმოდ ჩამოყალიბდა და 1970-იან წლებში პალესტინაში მთავარ პოლიტიკურ ძალად იქცა.
1980-იანი წლების დასაწყისში ისრაელის მთავრობამ "ისლამური საძმოს“ დარბევა დაიწყო. საპასუხოდ, ლიდერების ჯგუფმა, მათ შორის შეიხ აჰმედ იასინმა 1987 წელს შედარებით უფრო მებრძოლი და ძალადობრივი ორგანიზაცია “ჰამასი“ - "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ ჩამოაყალიბა, რომლის მიზანია "პალესტინის გათავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან“. მისი დაარსების თარიღად სწორედ ეს წელი მიიჩნევა.
ორგანიზაციული სტრუქტურა
"ჰამასის" ხელმძღვანელობა დაყოფილია მის საგარეო პოლიტიკურ ბიუროსა და ღაზაში არსებულ მთავრობას შორის.
საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც პალესტინელების დიდი ნაწილისთვის, ლეგიტიმური ლიდერი, პალესტინის ოფიციალური პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასია. ხშირად, ჰამასის ხელმძღვანელობის სახელები, ისევე როგორც სხვა მნიშნელოვანი ინფორმაცია ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ, კლასიფიცირებულია და რთული დასადგენია - რეალურად ვინ აკონტროლებს ფინანსურ რესურსებს და ვის ხელშია რეალური ძალაუფლება. თუმცა, ცნობილია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში თანაბრად მონაწილეობენ სამხედრო, პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. საერთო ჯამში, "ჰამასი" მოქნილი ორგანიზაციაა, რომლის მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ აფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას, საბოლოოდ მის დაშლას არ/ვერ იწვევს.
პოლიტიკური ბიურო
ჰამასის პოლიტიკური ბიურო, უფლებამოსილების მხრივ, წამყვანი ინსტიტუტია. ბიუროს მთავარი ოფისი მდებარეობდა დამასკოში, სირიაში, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს, ოპოზიციური ძალებისკენ მიმხრობის გამო, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოსთხოვა ბიუროს წევრებს ტერიტორიის დატოვება და დღეს, ჰამასის პოლიტიკური ბიურო საქმიანობას ყატარში განაგრძობს.
შურას საბჭო
გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო შურას საბჭოა (საკონსულტაციო საბჭო), რომლის წევრები ცხოვრობენ როგორც ღაზას შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შურას დაქვემდებარებაშია მთელი რიგი კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ მიმართულებაზე - სამხედრო ოპერაციებიდან დაწყებული, მედიასთან ურთიერთობით დამთავრებული. (გააგრძელეთ კითხვა)