ფერმაში "დამალული" დიქტატორი ანუ როგორ იპოვეს გერმანელმა ჟურნალისტებმა სტალინის ძეგლი გორში - Mitteldeutsche Zeitung - კვირის პალიტრა

ფერმაში "დამალული" დიქტატორი ანუ როგორ იპოვეს გერმანელმა ჟურნალისტებმა სტალინის ძეგლი გორში - Mitteldeutsche Zeitung

„იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში მისი ექვსმეტრიანი ძეგლის პოვნა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იდგა, საკმაოდ ძნელი საქმეა. ძეგლი ჯერ კიდევ ბელადის მმართველობის პერიოდში დაიდგა, მაგრამ 2010 წელს აიღეს. სად არის ამჟამად გორის საქალაქო კომიტეტის ყოფილი შენობის წინ ოდესღაც გრანიტის დიდებულ პოსტამენტზე აღმართული ბრინჯაოს სტატუა? ამ კითხვაზე პასუხი თვით იოსებ სტალინის მონუმენტური მუზეუმის თანამშრომლებსაც არ აქვთ“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „მიტელდოიჩე ცაიტუნგში“ («Mitteldeutsche Zeitung») გამოქვეყნებული სტატია სათაურით „დიქტატურის ტურიზმის სიმბოლო: სტალინის მუზეუმი გორში“ // რომელი ქვეყნიდან რამდენი ტურისტი სტუმრობს მასობრივი მკვლელის მშობლიურ ქალაქს“ (ავტორი - ულფ მაუდერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ამბობენ, ძეგლი, რომელიც ქალაქის მსოფლიოში ცნობილ შვილს, მსოფლიო კომუნიზმის ბელადს იოსებ სტალინს განასახიერებს, კარგად არის დამალული [უკეთესი დროისათვის]. მისი ადგილსამყოფელის გაჟღერება გორელებს ჯერ არ სურთ. ამასობაში კი მუზეუმის ფონდის თავმჯდომარე ქეთევან ახობაძე სტალინის მცირე სკულპტურას გვაჩვენებს, რომელიც საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე დგას, ბელადის მწვანე სარკინიგზო ვაგონთან ერთად. „ნებართვა რომ გვქონდეს, ჩვენ სიამოვნებით დავდგამთ იმ ქანდაკებას მუზეუმთან, ექსპონატის სახით“, - ამბობს იგი.

მაგრამ გორი ბელადის ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ძეგლის გარეშეც საყოველთაოდ არის ცნობილი - ამ ქალაქში მდებარე მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში ითვლება მთავარ ღირსშესანიშნაობად, რომელიც ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან ათობით ათას უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. გორი საქართველოს დედაქალაქიდან - თბილისიდან - დაახლოებით ერთი საათის სავალზეა, მისი სტუმრები არიან ძირითადად გერმანელები, ფრანგები და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულები, აგრეთვე ირანელები და ჩინელები. მაგრამ პირველ ადგილს გორში არსებული მუზეუმის მნახველთა შორის... რუსები იკავებენ.

იოსებ სტალინის იმ პატარა სახლის უკან, სადაც იგი 1879 წელს დაბადებულა, დიდი ქვის მონუმენტური სვეტებიანი პავილიონი-სასახლე დგას, რომელიც „სტალინური გოთიკის“ სტილით არის აგებული, ფართო თაღებითა და ჩუქურთმებით. შენობა, რომელიც საბჭოური კლასიციზმის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს (აიგო 1950 წელს), იმ ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც „იოსებ სტალინის პროსპექტის“ სახელს ატარებს. მუზეუმში გამოფენილია სტალინის პირადი ნივთები, ავეჯი, მრავალი სურათი და საბჭოთა დიქტატორის ნიღბები.

იოსებ ჯუღაშვილის ახალი კულტი

„ჩვენ მუდმივად გვეკითხებიან: „გიყვართ თუ არა სტალინი თქვენ, მუზეუმის თანამშრომლებსო“. მაგრამ ასეთი კითხვა ნონსენსია. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ისტორიის შენახვა-შენარჩუნებას. ჩემმა ოჯახმა (და არამარტო ჩემმა) იოსებ სტალინის მმართველობის დროს, მისი პოლიტიკური კურსის შედეგად უამრავი ტანჯვა-წამება გამოიარა. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ“, - აღნიშნავს ქეთევან ახობაძე.

იოსებ ჯუღაშვილი - ასე ერქვა იოსებ სტალინს სინამდვილეში - გორში 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა, გაჭირვებულ ოჯახში, მაგრამ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ ოთხი წელი იცხოვრა. 33 წლის ასაკში იგი უკვე სტალინის გვარით არის ცნობილი: „სტალ“ - ესე იგი, ფოლადი.

დღეს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთში სტალინის კულტი აღორძინებას განიცდის. გამოკითხვებით დასტურდება, რომ იქ პოპულარობის მიხედვით, იგი მესამე ადგილს იკავებს - პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის შემდეგ.

რუსეთში არ სურთ იოსებ სტალინის როგორც საბჭოთა დიქტატორის მიერ ჩადენილი დანაშაულობები გაიხსენონ - მისი მმართველობის დროს გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად მილიონობით საბჭოთა მოქალაქე დაიღუპა. რუსეთში განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იოსებ სტალინის დამსახურებებს, რომ მან პირველ კომუნისტურ იმპერიაში - დედამიწის უდიდეს სახელმწიფოში - ინდუსტრიალიზაცია განახორციელა და მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა წითელი არმია ნაცისტური გერმანიის დედაქალაქში ტრიუმფით მიიყვანა. სხვათა შორის, გორის მუზეუმის არსებობის საფუძველიც ამაში გამოიხატება.

რატომ გახდა სტალინი მკაცრი დიქტატორი

საქართველოში თითქმის არავინ არ გლოვობს ქვეყნის იმ ისტორიულ პიროვნებას, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. საქართველო დღეს ევროკავშირისაკენ ისწრაფვის და ყველასათვის ღია ქვეყანას წარმოადგენს. საქართველოს საზღვარგარეთ იცნობენ უძველესი მევენახეობით და მეღვინეობით, ქრისტიანული და სხვა რელიგიური კულტურით, კავკასიური სამზარეულოს საჭმელებით, მინერალური სამკურნალო წყლებით, შავი ზღვის კურორტებით და თვალწარმტაცი მთიანი პეიზაჟებით.

მაგრამ პატარა გორს მაინც გამორჩეული, დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ აქ ვპასუხობთ კითხვას, თუ რატომ გახდა სტალინი ესოდენ მკაცრი და ულმობელი ადამიანი“, - ამბობს ქეთევან ახობაძე, - მის ხასიათზე გავლენა ბავშვობაში გაჭირვებულმა ცხოვრებამ და სიღარიბემ მოახდინა. ამ ფაქტორებმა იმოქმედეს მის მკაცრ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე“.

სტალინის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა, მაგრამ ამ ისტორიული პიროვნების გამო საქართველოსა და ქართველებისადმი საერთაშორისო ინტერესი ძალიან დიდია. არსად მსოფლიოში არ არსებობს ასეთი მასშტაბის მუზეუმი, რომელიც დიქტატორის ხსოვნისადმია მიძღვნილი. „ჩვენი ფონდი 43 ათას ექსპონატს ითვლის, რომელთაგან მხოლოდ მესამედს ვაჩვენებთ, თუმცა ექსპონატებს ხშირად ვცვლით ხოლმე“, - ამბობს მუზეუმის გიდი ოლღა.

1930-იანი წლების დიდი ტერორის პერიოდში, იოსებ სტალინის ხელმძღვანელობითა და მითითებებით, საპყრობილეებში უამრავი ადამიანი იქნა დახვრეტილი და გადასახლებული საბჭოთა ქვეყნის სხვადასხვა მკაცრ ადგილებში (იმიერპოლარეთში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, მაგადანში...). პატიმართა შრომითი სასიკვდილო ექსპლოატაცია ე.წ. გამასწორებით ბანაკებში ხდებოდა, რომლებიც „გულაგის“ („გლავნოე უპრავლენიე ლაგერეი“) სისტემაში არსებობდნენ. სხვათა შორის, მუზეუმში არის სტალინური ციხის საკნის ამსახველი ექსპონატიც.

მაგრამ ისინი, ვინც კომუნისტური ქვეყნის ბელადის მიერ ჩადენილი დანაშაულების გახსნას ელოდებიან, იმედგაცრუებულნი დარჩებიან: „მე მომწონს, რომ მუზეუმში ამ ადამიანისა და პოლიტიკოსის ცხოვრების ბევრ ასპექტს ვეცნობი“, - ამბობს მოსკოველი ტურისტი, რომელიც ოჯახთან ერთად ისვენებს საქართველოში.

მუზეუმი და საბჭოური ცხოვრების გახსენების ხიბლი

რუსეთთან გადატანილი ომის მიუხედავად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და რომლის შედეგად საქართველომ თავის რეგიონებზე - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“ კონტროლი დაკარგა, ჩრდილოელი ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს სამხრეთკავკასიური სახელმწიფო მაინც მიესალმება.

იყო დრო, როცა მუზეუმი რუსეთის აგრესიის ამსახველ ექსპოზიციად უნდა გადაექციათ, მაგრამ ასეთი გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა - ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოში ტურისტების დიდი რაოდენობა უცხოეთიდან სწორედ სტალინის მუზეუმის სანახავად ჩამოდის: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველო 1,9 მილიონმა ტურისტმა მოინახულა [და მათგან ბევრმა გორის დათვალიერებაც მოისურვა].

ზოგიერთი მნახველის აზრით, სახელმწიფო მუზეუმს, ალბათ, მოდერნიზაცია მართლაც ჭირდება, მაგრამ ამ მხრივ მისი 50 თანამშრომელი თავშეკავებულია: „ბოლოსდაბოლოს, აქ ხალხი იმიტომ მოდის, რომ საბჭოური ეპოქის ავ-კარგი დაათვალიეროს და განიცადოს. ამიტომ მისი გადაკეთება თანამედროვე სტანდარტებით არასასურველი იქნებოდა“, - ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ახობაძე, - მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ადამიანები სწორედ სტალინისადმი ინტერესის გამო ჩამოდიან. მთელი ხიბლი იმაშია, რომ ჩვენთან ტურისტი თავს საბჭოთა კავშირში ამოყოფს“.

სატელეფონო ზარი სტალინის კოლოსთან

ამიტომაც მუზეუმის თანამშრომლებს სურთ, რომ იოსებ სტალინის დიდი ძეგლი, რომელიც მავანმა ადამიანებმა 13 წლის წინ დაამხეს, ისევ დამატებით მიმზიდველ მაგნიტად იქცეს მნახველებისათვის. „ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - ამბობს ქეთევან ახობაძე, თუმცა ეს იოლი საქმე არ იქნება - „არიან ადამიანები, რომლებსაც მტკივნეული გახსენება აქვთ სტალინის ეპოქის მიმართ, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამაში საქართველოს ისტორიის ნაწილს ხედავენ“.

ქეთევან ახობაძეს ვემშვიდობებით. იგი მუზეუმის შესასვლელთან დგას. ჩვენ კი ვრეკავთ ქალაქის ადმინისტრაციაში საკონტაქტო პირთან, რომელმაც სტალინის დამალული ძეგლის ადგილსამყოფელი იცის: გორიდან რამდენიმე წუთის სავალზე, სოფელ ბერბუკში, ფერმაში, მიწაზე პირქვე დევს იოსებ სტალინის - „ფოლადის“ ადამიანის [ბრინჯაოს] ქანდაკება. დარაჯი, რომელიც კარებს გვიღებს, ფრთხილად საუბრობს ძეგლის მომავალ ბედზე: „სტალინის ფერმაში დამალვა გამოსავალი არ არის“, - ამბობს იგი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: