"კისტის" ტყვია ბავშვს თვალის არეში მოხვდა და პირდაპირ ტვინთან მივიდა... დედისერთა ბიჭია" - კვირის პალიტრა

"კისტის" ტყვია ბავშვს თვალის არეში მოხვდა და პირდაპირ ტვინთან მივიდა... დედისერთა ბიჭია"

როგორც ცნობილია, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატიკური იარაღიდან შემთხვევით თანატოლის მიერ გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა. მძიმე დაზიანებით მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ბავშვი გურჯაანიდან თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ახლა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მოზარდის გადასარჩენად.

ფაქტი გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში, იაშვილების სახლში მოხდა. ბიჭები ერთმანეთის მეზობლები, მეგობრები და თანაკლასელები არიან. იმ საბედისწერო დღესაც ერთად თამაშობდნენ. ადგილობრივების თქმით, ბავშვს პნევმატიკური იარაღი შემთხვევით გაუვარდა და იქვე მყოფ მეგობარს თვალის არეში მოხვდა.

"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ძალიან განვიცდით და იმედი გვაქვს 9 წლის ბიჭუნა გადარჩება. ახლა ვესაუბრე ბავშვის ბებიას და მითხრა, რომ ამ დროისთვის მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბავშვი რეანიმაციაში რჩება, ინგოროყვას კლინიკაში წევს.

ეს ტრაგედია მეზობლის სახლში მოხდა. თანატოლი, თანაკლასელები და მეზობლები არიან ეს ბიჭები. ერთად გაზრდილები. ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ბავშვები ხშირად თამაშობდნენ ერთად. ბავშვები იქ ერთად მარტოები იყვნენ და რა მოხდა, არ ვიცით. 9 წლის არის ორივე.

ტირის თოფიდან გაისროლა... "კისტის" ტყვია ბავშვს თვალის არეში მოხვდა, ამბობენ, სირბილეში წავიდა და პირდაპირ ტვინთან მივიდა, თორემ სხვაგან რომ მოხვედროდა, ასეთი მძიმე სურათი არ იქნებოდაო.

დაზარალებული გვარად მარტიაშვილია.

კვირა დღე იყო და ბავშვებს ერთმანეთთან მისვლას ვინ დაუშლიდა? ეს დაშავებული ბავშვი იყო გადასული მათ სახლში, სადაც მხოლოდ ბებია იყო და ეს როგორ მოხდა, არ ვიცით...

ძალიან განვიცდით, ეს არის ტრაგედია. ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს, დედისერთაა, დედას მხოლოდ ეს ერთი ბიჭი ჰყავს. ამბობენ, ვის სახლშიც მოხდა, მას ჩამოუღია ტირის თოფი და გასროლილი ტყვია, როგორც გითხარით, მეგობარს თვალში მოხვდა... ის ბავშვი პოლიციამ უკვე დაკითხა.

რას ჰყვება ის გამოძიებასთან, ჯერჯერობით არ ვიცი", - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ ვაზისუბნის მერის წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ სოლომნიშვილი.

(სპეციალურად საიტისთვის)