"ზიზღის სექტორი" - საშინელი შურისძიების მოლოდინი ღაზაში, რომელიც ებრაელებისა და არაბების თაობებს არ დაავიწყდებათ - კვირის პალიტრა

"ზიზღის სექტორი" - საშინელი შურისძიების მოლოდინი ღაზაში, რომელიც ებრაელებისა და არაბების თაობებს არ დაავიწყდებათ

"ჰამასის“ თავდასხმიდან მხოლოდ მესამე დღისთვის შეძლო ისრაელმა სრული კონტროლის აღდგენა ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე და ღაზის სექტორის 64 კმ-იან სასაზღვრო ღობესთან „ცახალის“ დანაყოფების დაბრუნება...

სტატუს-კვო თითქოს აღდგენილია-„ჰამასი“ ისევ ღობის შიგნითაა „შერეკილი“, მაგრამ ისრაელი ისწრაფვის საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენადაც და უბრალოდ შურის საძიებლად, ამიტომაც თელ-ავივი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ,თუნდაც ღაზის სექტორის დაუნდობელი მასიური საჰაერო დაბომბვებით და აუცილებლად დაძრავს „მერკავებს“ ღაზის ქუჩებისკენ -„ჰამასის“ თავდამსხმელების მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე გამოჩენილი განსაკუთრებული სისასტიკის სანაცვლოდ, ისრაელის მოსახლეობა თავისი მთავრობისგან ასევე საშინელ შურისძიებას მოითხოვს, ღაზის სექტორის ფიზიკურად განადგურების ჩათვლით...

მაგრამ, სახმელეთო ოპერაციის დაწყება ღაზის სექტორში ნიშნავს მის ტერიტორიაზე „ცახალის“ ჯავშანსატანკო დანაყოფებისა და მოიერიშე ჯგუფების მასიურ შესვლასა და ქუჩის ბრძოლების დაწყებას, რაც ორივე დაპირისპირებული მხარისთვის ძალზე სისხლისმღვრელი გახდება...

ისრაელს უკვე აქვს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გამოცდილება - 2008 წლის 27 დეკემბრიდან 2009 წლის 18 იანვრამდე ღაზის სექტორში ისრაელმა განახორციელა სახმელეთო ოპერაცია სახელწოდებით „ჩამოსხმული ტყვია“, რომელსაც მაშინ საქართველოში ნაკლებად მივაქციეთ ყურადღება, რადგან აგვისტოს ომის შემდგომი ჩვენი სატკივარიც თავზე საყრელი გვქონდა...

1-g-1696927794.png
ისრაელის „მერკავების“ შეჭრა ღაზის სექტორში გარდაუვალი ხდება...

ოპერაციის „ჩამოსხმული ტყვია“ მთავარი ამოცანა გახლდათ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, რათა ამ ტერორისტულ ორგანიზაციას შეეწყვიტა ისრაელის დასახლებული პუნქტებისკენ რაკეტების გაშვება - მარტო 2008 წლის განმავლობაში „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებს 1 900-ზე მეტი რაკეტა ესროლა და ებრაელების მოთმინების ფიალაც აივსო...

ღაზის სექტორის მიმართულებით 2008 წლის 27 დეკემბრის დილას დაწყებული რამდენიმედღიანი ძლიერი საჰაერო და საარტილერიო საცეცხლე მომზადების შემდეგ, 2009 წლის 3 იანვარს ისრაელის არმიამ „ჩამოსხმული ტყვიის“ ოპერაციის მეორე ფაზა - სახმელეთო შეტევა დაიწყო არანაკლებ 10 ათასკაციანი საბრძოლო დაჯგუფებით, რომელიც ოთხი ბრიგადისგან შედგებოდა(ერთი ჯავშანსატანკო,ორი ქვეითი და ერთიც სადესანტო ბრიგადა),პლუს საინჟინრო დანაყოფები, რომლებიც შეჯავშნული ბულდოზერებით „იკვლევდნენ“ გზას ღაზას დანგრეული ქალაქების ქუჩებში...

ისრაელის არმიის გენშტაბმა მალევე შეასრულა ოპერატიული ჩანაფიქრი და ღაზას სექტორი ორ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილად გაყო, რითაც „ჰამასს“ შეიარაღებული ჯგუფების ოპერატიულად გადასროლის საშუალება ღაზის მთელ ტერიტორიაზე მოუსპო.

რომ არა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის კატეგორიული მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, ისრაელი ეტყობა გააგრძელებდა ღაზის სექტორში „ჰამასის“ განადგურების სახმელეთო ოპერაციას, მაგრამ თელ-ავივს მოუწია საერთაშორისო განწყობის გათვალისწინება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სულაც არ ამართლებდა ისრაელის მიერ დაწყებული ამ სახმელეთო ოპერაციის აუცილებლობას...

„ჩამოსხმული ტყვიის“ ოპერაციის ჩატარებით ისრაელმა მნიშვნელოვნად შეამცირა „ჰამასის“ სამხედრო პოტენციალი, თუმცა ისრაელის ქალაქების სარაკეტო თავდასხმები ღაზის სექტორიდან არ შეწყვეტილა, ხოლო 2023 წლის 7 ოქტომბრის დილას რაც მოხდა,ყველა ვხედავთ...

2-g-1696927855.png

15 წლის წინ ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული სახმელეთო ოპერაციის „ჩამოსხმული ტყვია“ ოპერატიული ჩანაფიქრი-„ცახალის“ ბრიგადების მიერ ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთი მიმართულებიდან თავად ქალაქ ღაზას ალყაში მოქცევა...

ისრაელის შურისმაძიებელი ინტენსიური საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორზე მესამე დღე-ღამეა არ წყდება, „ცახალის“ საარტილერიო დივიზიონები და ჯავშანსატანკო დანაყოფები უკვე განთავსდნენ ღაზის სექტორის 64 კმ-იან ღობესთან საწყის პოზიციებზე, 133 ათასიან ისრაელის სახმელეთო ჯარებს ემატება 300 ათასამდე სასწრაფოდ გაწვეული რეზერვისტიც ანუ ყველაფერი იმისკენ მიდის,რომ ღაზის სექტორის მიმართულებით შეიძლება დღე-დღეზე დაიწყოს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია, რომლის შეჩერებას(ისევე როგორც 2008-2009 წლის „ჩამოსხმული ტყვიის“ ოპერაციის) უკვე ვერც გაერო და ვერც რომელიმე სხვა ქვეყნები ვეღარ შესძლებენ...

თუ როგორი ტაქტიკით შეიძლება წარიმართოს ქუჩის ბრძოლები, რას წარმოადგენს „გვირაბების ომი“ ღაზის სექტორის შიგნით და დაემუქრება თუ არა თავად ისრაელს მეორე და შეიძლება მესამე ფრონტის გახსნაც კი, ეს უკვე სხვა სტატიების თემაა...

P.S. „ჰამასი“ იმუქრება, რომ თუკი ისრაელი მაინც დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას და ტანკებს შეიყვანს ღაზის სექტორში, ისინი სათითაოდ დახოცავენ იმ მძევლებს, რომლებიც მანამდე ისრაელის ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ასეთი მძევალი კი „ჰამასს“ შეიძლება ორ ასეულამდეც ჰყავდეს და ისინი, ვინც რამდენიმე დღის წინ ისრაელის ქალაქებსა და კიბუცებში შეუბრალებლად ხვრეტდნენ უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობას ,უეჭველია, არც მძევლებს დაინდობენ...

თუმცა,ალბათ ვერც მძევლების საყოველთაო დახვრეტის საფრთხე შეაჩერებს ისრაელს ღაზის სექტორზე შურისმაძიებელი და გამანადგურებელი შეტევის დაწყებისგან...