"ოპოზიცია სავაჭრო განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტის მიმართ, რომ ან შეიწყალოს სააკაშვილი, ან იმპიჩმენტს შეუერთდებიან" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია სავაჭრო განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტის მიმართ, რომ ან შეიწყალოს სააკაშვილი, ან იმპიჩმენტს შეუერთდებიან"

ოპოზიცია სავაჭრო განცხადებებს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ ან შეიწყალოს [მიხეილ სააკაშვილი] ან იმპიჩმენტს შეუერთდებიან; ხან ეუბნებიან, რომ სხდომის გარეთ დარჩებიან, ხან ეუბნებიან, რომ კენჭისყრა ფარულია - იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი ამ იაფფასიან ზეწოლასა და ულტიმატუმებს არ დაექვემდებარება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებებს, რომ ცვლილებები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს უკავშირდება.

თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნულ ორ საკითხს ერთმანეთთან საერთო არ აქვს.

„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია განცხადებებს ისე აკეთებს, წაკითხულიც არ აქვს, რეგლამენტში რა ცვლილებები შედის და ხშირად რეგლამენტის არც ის ნაწილი აქვს წაკითხული, რაზეც აპელირებს და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. ესეც ერთდღიანი სიცრუე, დეზინფორმაცია აღმოჩნდა. რეგლამენტში ეს ცვლილებები არ ეხება იმპიჩმენტში კენჭისყრას, თუ ეს მიღებულ იქნა, ძალაში, უკეთეს შემთხვევაში, შემდეგი წლის დასაწყისში შევა, ხოლო იმპიჩმენტის კენჭისყრა ამ თვეში მოხდება. შესაბამისად, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან საერთო არ აქვს. კენჭისყრა ფარული იქნება. ამის წაკითხვა ოპოზიციას მარტივად შეეძლო. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ისინი ცდილობენ თავი გაიტანონ ერთ დღიანი დეზინფორმაციებით და განცხადებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს.

სინამდვილეში, ვისაც ახლა ყველაზე მეტად აწუხებს და სჭირდება სპეკულაციები იმაზე, კენჭისყრა ფარული იქნება თუ ღია, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სავაჭრო განცხადებებს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ ან შეიწყალოს [მიხეილ სააკაშვილი] ან იმპიჩმენტს შეუერთდებიან; ხან ეუბნებიან, რომ გარეთ დარჩებიან, ხან ეუბნებიან, რომ კენჭისყრა ფარულია და არ გამორიცხავენ, ოპოზიციიდან ვინმემ იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს. ეს ყველაფერი არა საზოგადოებასთან საუბარი, არამედ პრეზიდენტის მიმართ გამიზნული „მესიჯებია“. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტი ამ იაფფასიან ზეწოლასა და ულტიმატუმებს არ დაექვემდებარება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტში რამდენიმე ცვლილება შედის, მათ შორის პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"