"წულუკიანს რას აბრალებენ?! ჭოლა თითქმის 60 წლისაა, ამ დროს დაიწყო ახლიდან, რაც უკვე ნიშნავს, რომ გაიმარჯვე!" - რას ამბობენ ჭოლას წასვლაზე მარჯანიშვილის თეატრში - კვირის პალიტრა

"წულუკიანს რას აბრალებენ?! ჭოლა თითქმის 60 წლისაა, ამ დროს დაიწყო ახლიდან, რაც უკვე ნიშნავს, რომ გაიმარჯვე!" - რას ამბობენ ჭოლას წასვლაზე მარჯანიშვილის თეატრში

"ჩავსხდეთ ხომალდში, გაიშალოს ომის აფრები!"

"რეჟისორმა ლევან წულაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა...

ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოიცა... მან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა", - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს...

ამ საკითხთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებსა და რეჟისორებს ესაუბრა...

ეკა ჩხეიძე, მსახიობი:

- ლევანს დიდი ხანია, უნდოდა თავისი, დამოუკიდებელი თეატრი-სახელოსნო ჰქონოდა... მას მერე, რაც სარდაფი აღარ არსებობს... (რუსთაველის სარდაფის მერე იყო ვაკის... მერე იქიდან წამოვიდა და მარჯანიშვილზე, თეატრის წინ გააკეთა ახალი სარდაფი) როგორც იცით, იქაც ვთამაშობდით სპექტაკლებს, პარალელურად, მაგრამ ის ტერიტორია მერე გაიყიდა, მგონი და მას შემდეგ დამოუკიდებელი თეატრი-სახელოსნოს ნოსტალგია ლევანს სულ ჰქონდა და ვულოცავ, რომ ეს ოცნება აისრულა... ძალიან კარგი სივრცეა, მიიწვევს მსახიობებს, ვისაც უნდა, დადგამს, რასაც უნდა, როგორც უნდა და როცა უნდა...

chxeidze.jpg

დიდ წარმატებას ვუსურვებ, ჩემს, სტუდენტობისდროინდელ მეგობარს.

რაც შეეხება მარჯანიშვილის თეატრს, 18-წლიანი ხელმძღვანელობით დაიღალა, მესმის მისი... მაგრამ თუ დრო დარჩება, მოვა და სპექტაკლებს აქაც დადგამს, როგორც რიგითი, მოწვეული რეჟისორი... მსახიობები კი განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ველოდებით ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას... წარმატებები ყველა ხელოვანს...

ონისე ონიანი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- ძალიან კარგი 18 წელი გავიარეთ ერთად, ბედნიერად, ლევან წულაძემ აქ ეპოქა შექმნა, სიტყვა თქვა და წავიდა...

- ამბობენ, რომ მას მსახიობების ნაწილიც მიჰყვება...

- არავინ არსად მიჰყვება, სად უნდა წაჰყვნენ, აბა?! სად წავიდეთ? თუ დაგვიძახებს, ყველგან წავალთ, ჯერჯერობით არავინ არსად გვეძახის და იმ თეატრში ვართ, სადაც ვიყავით...

onisee-1644136962.jpg

- მისი ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრს - თეა წულუკიანს უკავშირდება?

- არა, წულუკიანს რას აბრალებენ?! ლევანს თვითონ უნდოდა წასვლა და წავიდა...

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- მე ჯერ ვერაფერს გეტყვით, სამწუხაროდ... მსახიობებიდან არავინ არსად მიდის, ჯერჯერობით ყველა იქ ვართ...

ekanijaradze.jpg

- ბატონო დიმიტრი, ამბობენ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნებით...

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:

- ჭორია, თითქოს მაგ თანამდებობაზე ვინიშნებოდე...

dima-xvtisiash-1684936036.jpg

- როგორ შეაფასებთ ლევან წულაძის 18-წლიან მოღვაწეობას ამ თეატრში?

- ამ 18 წლიდან 5-6 სეზონი თავადაც მარჯანიშვილის თეატრის ნაწილი ვიყავი, ერთობლივი 2 სპექტაკლიც დავდგით. ამ თეატრის ისტორიაში ლევან წულაძე აუცილებლად დარჩება საკუთარი, მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმით გამორჩეული, უაღრესად საინტერესო სპექტაკლებით, რომელთა საერთაშორისო აღიარებამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი თეატრის ცნობადობა მთელ მსოფლიოში.

სანდრო ელოშვილი, რეჟისორი:

- თეატრალური სარდაფის მშენებლობა 1996 წელს დაიწყო. ადამიანები გრძელი თმით, ბლანჟეთი, დახეული ტანსაცმლით, ჩაძვრნენ მიწის ქვეშ და დაიწყეს თხრა, სახელებიც უცნაური ჰქონდათ, მანამდე რომ გაგონილი არ მქონდა, ჭოლა, ზუკა, დუტა, ჩოლო, გიალია, ცაცო, სკოლსკი... დანარჩენებს ჩვეულებრივი სახელები ჰქონდათ. მე გვერდით ეზოში ვცხოვრობდი, სარდაფი რუსთაველის 42 ნომერში იყო, ჩემი სახლი კი - 40-ში. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 8 წლის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გავბედე და ჩავედი.... ჩავედი და... სამუდამოდ დავრჩი! ისინიც პატარები იყვნენ - 22-23-წლისანები, ჭოლა 32-ის იყო. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა...

მე და თეატრის ქალებს არ გვჯეროდა, რომ იქ თეატრი გამოვიდოდა, მანამდე მხოლოდ რუსთაველის თეატრში ვიყავი ნამყოფი და ორი სარდაფისხელა მარტო შესასვლელი ჰქონდა რუსთაველს, მაგრამ ენთუზიაზმი იმდენად დიდი ჰქონდათ, ყველას გადაედო. რაღაც მომენტში ეს, ერთი შეხედვით ჭუჭყიანი, ნესტიანი, კედლებზე ობითა და სპეციფიკურსუნიანი ადგილი თავშესაფრად გადაიქცა მთელი თბილისისთვის. თვითონაც არ ელოდნენ, რომ პირველი დღიდანვე მაყურებელი გაჩნდებოდა და ბილეთებზე ასეთი მოთხოვნა იქნებოდა. მეც შემიყვარდა იქაურობა და ამ დროს მივიღე პატარა როლი. ჭოლა მაშინ "სამგროშიან ოპერას" დგამდა, სადაც შევასრულე მუნჯი მათხოვრის როლი... ათზე მეტ სპექტაკლში მაქვს ნათამაშები, სამ თუ ოთხ კინოში ვარ გადაღებული, მაგრამ 12 წლის ასაკში მაინც სარეჟისოროზე ჩაბარება გადავწყვიტე, არა იმიტომ, რომ რეჟისორად აღვიქვამდი ჩემს თავს, უბრალოდ, მინდოდა, ჭოლა გამოვსულიყავი. მგონი, მასაც მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, მას მერე სულ სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ყოველთვის მასწავლიდა რაღაცას, მეუბნებოდა უფრო მეტს, ვიდრე - სხვას...

მიმაჩნია, რომ თეატრალურში ჩაბარებამდე უკვე გამიმართლა პედაგოგებში, რადგანაც რეჟისორობას ლევან წულაძე და ოთარ ეგაძე მასწავლიდნენ. თეატრალურის დამთავრების შემდეგ, როგორც ყველა ახალდამთავრებულმა სტუდენტმა, უიალქნო გემივით მოვიბოდიალე სამყარო, მაგრამ ეტყობა, ჭოლას მოჰბეზრდა შორიდან ჩემი ამბების გაგონება, სარდაფი უკვე აღარ არსებობდა და მარჯანიშვილში დამიბარა, მითხრა, რომ სპექტაკლი დამედგა. ასე დაიწყო ძალიან საინტერესო თავგადასავალი, რასაც მარჯანიშვილის თეატრი ერქვა ჩემს ცხოვრებაში...

image-1696935491.png

- ისევ შექმნის ეპოქას?

- ლევანი სადაც მივიდა, ყველგან შექმნა რაღაც, რაც იყო ყველასგან გამორჩეული, დასამახსოვრებელი, საუკეთესო... მისი შემოქმედება ფეიერვერკს ჰგავს, გაჯადოებს, გხიბლავს... ეს მარტო პროფესიონალიზმის და კარგი რეჟისორობის "ბრალი" არ გახლავთ, მისი პიროვნებაა ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გულჩათხრობილი და სევდიანია, როდესაც მაყურებლისთვის ფარდა იხსნება, ის მათთვის დღესასწაულად იქცევა.

მარჯანიშვილის თეატრს ჰქონია ეპოქალური პერიოდები და ვფიქრობ, ჭოლას მარჯანიშვილიც ასეთად დარჩება, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება არაა, ეს ფაქტებია, სავსე დარბაზები, პრიზები, გასტროლები, საერთაშორისო აღიარებები... 18 წელიწადი დიდი დროა, მე თუ მკითხავთ, ადამიანი ამდენ ხანს არსად უნდა გაჩერდე, ვიცოდი, რომ სულ ემზადებოდა რაღაც ახლისთვის...

ჭოლა თითქმის 60 წლისაა, ამ დროს დაიწყო ახლიდან, უკვე ნიშნავს, რომ გაიმარჯვე! წარმოიდგინეთ, ამ ასაკში რეჟისორები ამჯობინებენ თბილ კაბინეტს, რბილ სავარძელს, მან კი ხმალს მოჰკიდა ხელი და ქუჩაში გავარდა.

- ახალ თეატრში იქნებით?

- არა, ახალ თეატრში არ ვიქნები, მარჯანიშვილიდანაც, მესამე წელიწადია, რაც წამოვედი. როდესაც ამას ვამბობ, მეკითხებიან, რა მაწყენინეს ან რა დავაშავე... ლევანმა მეც და მის მოსწავლეებსაც ყველაფერი მოგვცა, რისი მოცემაც შეეძლო, ჩვენ ქვეყნის წამყვან თეატრში ვდგამდით სპექტაკლებს, ჩვენ არ გვიწევდა დარდი და ფიქრი, სად მოგვეძიებინა სადადგმო ხარჯები, რადგანაც თეატრის დირექტორი - ეკა მაზმიშვილი და მარკეტინგის სამსახური გვეხმარებოდა, ჩვენ მაგივრად წერდა და ავსებდა პროექტებს, გვაძლევდნენ მიმართულებებს და უშუალოდ დადგმის პროცესშიც ჭოლა იყო ჩართული იმ დოზით, რომ არც ხელი შეეშალა და არც მარტო დავრჩენილიყავით კბილებალესილი მსახიობების წინაშე... როდესაც ძალიან გამიჭირდა მარტო მუშაობა, პირველი სპექტაკლის შემდეგ, მაშინ შემომთავაზა თანაავტორობა ცნობილ სპექტაკლზე - "მთვრალი ალუბალი", რომელმაც მომცა პრაქტიკული გამოცდილება, ცოდნა, ძალა, მსახიობებთან ურთიერთობის უნარი... დამიჯერეთ, ხშირად მშობელი არ უდგას ადამიანს გვერდით ასე, მაგრამ რეჟისორი არ შეიძლება მუდამ ვიღაცის ფრთის ქვეშ იყო, თვითონაც ასე მოიქცა, დაახლოებით, ჩემი ასაკის იყო, როდესაც რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა და დამოუკიდებლად დაიწყო ყველაფერი, მათ შორის, იმ სირთულეებთან გამკლავება, რომელიც ახლავს ამ პროფესიას. მეც ქრისტეს ასაკში გადავწყვიტე ასე მოვქცეულიყავი...

ჭოლამ მომცა და მასწავლა ყველაფერი, იგი ჩემთვის არის ის რაკეტა, რომელმაც დამიბა და კოსმოსში გამიყვანა, გინახავთ სადმე კოსმოსური ხომალდი არ ეშვებოდეს რაკეტას და არ წყდებოდეს მას? ჩვენ ყველა ეტაპი გავიარეთ... შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ თეატრი მაინც ერთი რეჟისორისაა, სადაც მისი იდეა და მისი ოცნება ცხოვრობს, სახელმწიფო თეატრში ეს ძნელია, მაგრამ როდესაც ადამიანს საკუთარი თეატრი აქვს, მგონი, არ უნდა მიხვიდე და არ უნდა უთხრა, მიჩოჩდით შენ და შენი ფიქრები, ჩემი აზრებიც აქ უნდა შემოვასახლოო... ჩემთვის მთელმა თეატრალურმა სარდაფმა ძალიან ბევრი გააკეთა, ახლა დროა, დავუმტკიცო მათ, რომ ტყუილად არ დახარჯეს ეს ენერგია და მადლობა ჩემი საქმით და ჩემი შემოქმედებით გადავუხადო.

ასე რომ, წარმატებები Theatre Factory 42-ს, წარმატებები ჭოლას, როგორც თვითონ ამბობს ხოლმე ასეთ დროს შექსპირის ციტატას: ჩავსხდეთ ხომალდში, გაიშალოს ომის აფრები!

(სპეციალურად საიტისთვის)