„ჰამასის“ შემზარავი თავდასხმის „წარმატების" მიზეზი ანუ როგორ ატყუებდნენ ბოევიკები ებრაელებს 2 წლის განმავლობაში - The Economist - კვირის პალიტრა

„ჰამასის“ შემზარავი თავდასხმის „წარმატების" მიზეზი ანუ როგორ ატყუებდნენ ბოევიკები ებრაელებს 2 წლის განმავლობაში - The Economist

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „ჰამასის“ თავდასხმა, როგორც ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა რამდენიმე ფრონტზე“, რომელშიც გაანალიზებულია როგორც „ჰამასის“ თავდასხმა, ასევე, ისრაელის სპეცსამსახურების რეაქცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელზე „ჰამასის“ შემზარავი თავდასხმის „წარმატება“ ისრაელის ყველა დონის დაზვერვის უპატიებელ და საოცარ ჩავარდნას წარმოადგენს. „ჰამასის“ შეტევამ, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ისრაელის სპეცსამსახურებისათვის უცნობი რჩებოდა, ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ოფიციალური პირები ჯერ კიდევ შოკში არიან იმის გამო, რომ ღაზას სექტორის ფაქტობრივი მმართველის - ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის გეგმები ყურადღებიდან გამორჩათ. რა თქმა უნდა, ასეთი ისტორიული ჩავარდნა უეჭველად სპეციალური გამოძიების ობიექტი გახდება, მაგრამ უკვე ახლავე ნათელია - წარუმატებლობა ორი სახით გამოვლინდა: პირველი - სადაზვერვო ცნობების მოპოვებაში და მეორე - ინფორმაციების შეფასებასა და მოვლენების ინტერპრეტაციაში.

პირველ შემთხვევაში, სადაზვერვო ცნობების შეკრებაზე (ელექტრონული სენსორების და ვიდეოდაკვირვების სისტემების მონაცემები, ადგილობრივი აგენტების მიერ მიწოდებული ინფორმაციები) პასუხს აგებს არმიის დაზვერვა და „შინ ბეთი“ - შიდაუსაფრთხოების სამსახური, რომელსაც დავალებული აქვს ღაზისა და დასავლეთი ნაპირის „დახურვა“. რასაკვირველია, ამ ორივე უწყებას ინფორმაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა ყოველთვის ხელთ აქვს.

მეორე შემთხვევაში - იმავე უწყებებმა მოპოვებულ ინფორმაციას, რომელთა ანალიზითაც შეიძლებოდა „ჰამასის“ გეგმები სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გამოცნობილიყო, სათანადო ყურადღება არ მიაქციეს ან არასწორად შეაფასეს და მას მცდარი ინტერპრეტაცია მისცეს. ისრაელის მოქალაქეებს კარგად ახსოვთ 50 წლის წინათ მომხდარი „განკითხვის დღის“ ომი, როცა ეგვიპტისა და სირიის ჯარების „მოულოდნელ“ შეტევას ისრაელის სპეცსამსახურები და შეიარაღებული ძალები მოუმზადებლები შეხვდნენ. ამ ომის დაწყებამდე მოპოვებული სადაზვერვო მონაცემებიც არასწორად იქნა შეფასებული.

პირველი შეიძლება იმით აიხსნას, რომ „ჰამასმა“, როგორც ჩანს, შეძლო ოპერატიული უსაფრთხოებისა და საიდუმლოების დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფა. აშკარაა, რომ ის პირები, რომლებმაც იცოდნენ ოპერაციის დაწყების დრო, ძალიან ვიწრო წრეს წარმოადგენდნენ. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში, ალბათ, ტელეფონებით და ელექტრონული კავშირის სხვა საშუალებებით არ სარგებლობდნენ, რადგან ისრაელს, რომელიც ღაზის სექტორის ყველა კომუნიკაციას აკონტროლებს, მათი საუბრის გაგება შეეძლო. „ჰამასის“ ქვედანაყოფების წევრები, ალბათ, უკანასკნელ მომენტში კოდური შეტყობინებით გააფრთხილეს საზღვრის კონკრეტულ უბანთან მისულიყვნენ. ბევრი „ჰამასელი“, როგორც ჩანს, თვითონაც გაკვირვებული დარჩა, რომ ესოდენ იოლად შეძლო ისრაელის სიღრმეში 30 კილომეტრით შეღწევა, დასახლებული პუნქტებისა და სამხედრო ბაზების გაკონტროლება, თან წინააღმდეგობას არავინ უწევდა. წინა წლებში ისრაელი ახერხებდა მსგავსი გეგმების გაუვნებელჰყოფას, მაგრამ ახლა კრახი განიცადა.

არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ბრალის“ შემარბილებელი ზოგიერთი ფაქტორი, განსაკუთრებით, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების თვალსაზრისით. ვადიანი სამსახურის ჯარისკაცებს და უმცროს ოფიცრებს, რომლებიც ონლაინრეჟიმში თვალს ადევნებენ იმ ვიდეოკამერებს და სენსორებს, რომლებიც სასაზღვრო ზონის თითქმის ყოველ მეტრშია დაყენებული, რა თქმა უნდა, შეუძლიათ თავიანთ ეკრანებზე „ჰამასის“ ცალკეული წევრების იდენტიფიცირება. რაც შეეხება საზღვრის გასწვრივ ჯგუფურად მოსიარულე მებრძოლებს, ეს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. „ჰამასი“ აგებულია რეგიონული ბრიგადებისა და ბატალიონების პრინციპით. მისი წევრები თავიანთ ლოკაციებში მოქმედებენ, რომლებიც ფაქტობრივად ერთმანეთს ეკვრიან. ღაზას სექტორის ფართობი მცირეა, სულ 360 კვადრატული კილომეტრი, სასაზღვრო ღობე თითოეული ბრიგადისა თუ ბატალიონის დისლოკაციის ადგილიდან რამდენიმე წუთის სავალზეა, ამიტომ მათ სწრაფად შეუძლიათ თავმოყრა. ასევე, არ გამოიწვევდა ეჭვს საზღვართან ახლოს ბულდოზერების ყოფნა - ახლომახლო ადგილებში მშენებლობები მიმდინარეობს.

„ჰამასმა“ თავდასხმა ისეთი სახით განახორციელა, რომ მომხდარი მოვლენა შეიძლება ქრესტომათიულ სასწავლო-სამხედრო ოპერაციად ჩავთვალოთ. მათ მოქმედება დაიწყეს ფრთხილი შეტევით, საზღვარზე დაყენებულ სენსორებზე, ვიდეოაპარატურაზე და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებზე. ვიდეოკამერების უმრავლესობა სნაიპერებმა მწყობრიდან გამოიყვანეს. როგორც ჩანს, „ჰამასელებმა“ წარმატებით ისარგებლეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებითაც - ჩაახშეს სიგნალების გავრცელება. გარდა ამისა, როცა „ჰამასელები“ საზღვართან ახლოს მდებარე ისრაელის არმიის სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ, მათ უპირველეს ყოვლისა, მწყობრიდან გამოიყვანეს კომუნიკაციები, რის შედეგადაც მეთაურებმა საბრძოლო განგაში ვერ გამოაცხადეს. „ჰამასის“ მებრძოლებმა სასაზღვრო ღობე ბულდოზერებით 29 ადგილას გაარღვიეს და, მიუხედავად იმისა, რომ ღობეც და მის მიღმა არსებული ნეიტრალური ე.წ. არავის მიწა სავსეა კამერებით, სითბური სენსორებით, ავტომატური ტყვიამფრქვევებით, მათ, ათობით პიკაპის გამოყენებით, ისრაელში შეჭრა მაინც მოახერხეს. შეტევას წინ უძღოდა მასირებული სარაკეტო ზალპი და ზღვის მხრიდან პლანერების გაშვება, რომლის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ისრაელს ყურადღება „ჰამასის“ მთავარი სახმელეთო შეტევიდან მეორეხარისხოვანზე გადაეტანა.

რასაკვირველია, ზემოთ ჩამოთვლილიდან ვერც ერთი ვერ ამართლებს იმას, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურებმა ვერ გამოიცნეს „ჰამასელების“ მიერ იარაღის შესყიდვის განზრახვა და რეალიზება. მაგრამ ყველაზე სერიოზული ჩავარდნა მაინც უმაღლეს დონეზე გაკეთებული პოლიტიკური შეფასებებია. ისრაელსა და ღაზას შორის 2021 წელს მომხდარი 11-დღიანი „ომის“ შემდეგ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ „ჰამასი“ თავს შეიკავებდა ახალი ომის დაწყებაზე და რომ მისი ლიდერი ღაზის სექტორში - იჰია სინვარი დანგრეული რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას დაიწყებდა ეგვიპტესთან საზღვრის გახსნით და ვაჭრობის აღდგენით. პრინციპში, მართლაც ასე ხდებოდა, მაგრამ „ჰამასი“, თურმე, ისრაელს თვალს უხვევდა და, პარალელურად, ჩუმად ემზადებოდა თავდასხმისთვისაც.

მომხდარი ფაქტი ისრაელის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩავარდნაც არის. რასაკვირველია, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ფლობს უსაზღვრო სადაზვერვო რესურსებსა და შესაძლებლობებს. მათი გადანაწილება და პრიორიტეტების შერჩევა პოლიტიკოსების მიერ ხდება. ისრაელის ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია, უკმაყოფილონი არიან პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკით, რომელიც ღაზის სექტორიდან საფრთხეს ანგარიშს არ უწევდა და აქცენტს უფრო ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაზე“ და ირანზე აკეთებდა. იგი თავისი სამხედრო-პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ტერორიზმის ექსპერტად პოზირებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მან, როგორც ჩანს, არასწორი დასკვნა გააკეთა - „ბურთი კარს ააცილა“.

„ჰამასის“ წარმატება და ისრაელის დაზვერვის ჩავარდნა, ალბათ, ყურადღებით იქნება შესწავლილ-გაანალიზებული მსოფლიოს სპეცსამსახურებისა და სამხედრო სტრუქტურების მიერ. ბოლო წლებში სამხედრო მოაზროვნეები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე მაღალი დონის ზუსტი ტექნოლოგიების გამოყენება სულ უფრო აძნელებს არმიის კონტრშეტევაზე გადასვლას (ანუ მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას). ბუნებრივია, რომ მოწინააღმდეგის მიერ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თავმოყრის აღმოჩენა დღეს შედარებით იოლად შეიძლება, ვიდრე წინა ათწლეულების ომების დროს ხდებოდა. შესაბამისად, მათი განადგურებაც ადვილი ხდება. შორს რომ არ წავიდეთ, უკრაინის რეალობაც ამას ადასტურებს: კიევმა უარი თქვა მსხვილ შეტევაზე ჯავშანსატანკო ძალების გამოყენებით და უპირატესობას ანიჭებს ქვეითების მცირე ჯგუფების გამოყენებას.

„ჰამასის“ რეიდი ორ შედეგსაც გვაჩვენებს:

პირველი - მსხვილმასშტაბიანი შეჭრა, თუ თავდამსხმელი კარგად დაგეგმავს თავის მოქმედებას, შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც საზღვრის ყოველ სანტიმეტრში სენსორები და ვიდეოკამერები იყოს დამონტაჟებული, მით უმეტეს, თუ თავდამცველი მხარე (ამ შემთხვევაში - ისრაელი) ზედმეტად არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული. „ჰამასის“ მოქმედება გაკვეთილი უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებთაც საზღვრები მოუწესრიგებელი აქვთ და ე.წ. სადემარკაციო ხაზები არსებობს (მაგალითად, სამხრეთ კორეასათვის).

მეორე - „ჰამასი“ სახიფათო ჰიბრიდულ სუბიექტად წარმოჩინდა: ის აღარ არის ძველმოდური ტერორისტული ორგანიზაცია, ძველი მეთოდებით, არამედ - ის გადაიქცა მაღალეფექტიან შეიარაღებულ ძალად, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციისა და არმიის ელემენტები აქვს („ჰეზბოლას“ მსგავსად).

7 ოქტომბერს დაწყებული ომი გრძელდება და ის, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს, უამრავი დამნაშავე შეიძლება იპოვონ, თუ რატომ არიდებდა თვალს ისრაელი ღაზის სექტორიდან მომდინარე საფრთხეს. „როგორც კი ბრძოლები დასრულდება, ბევრს მხრებზე თავი არ შერჩება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, - "არავინ დასანდობი არ არის, თუნდაც ის ყველაზე მაღალი რანგის იყოს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის ფაქტი, თუ რა ძვირად დაუჯდა 1973 წლის ომის წარუმატებლობა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს გოლდა მეირს: იგი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: