რატომ არ ხვდება ვიქტორ ორბანი ოპოზიციას?! - მიხეილ სარჯველაძის განმარტება - კვირის პალიტრა

რატომ არ ხვდება ვიქტორ ორბანი ოპოზიციას?! - მიხეილ სარჯველაძის განმარტება

ახლა ყველაზე მეტად ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოებთან უშუალო მოლაპარაკებების, დისკუსიის, თანამშრომლობის დროა, ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად წარმატებულია თანამშრომლობა, რომელიც უნგრეთთან გვაქვს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ორბანის მხრიდან საქართველოს წარმატების და დამსახურების აღიარება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ძალიან სერიოზულია მხარდაჭერა, ძალიან სერიოზულია მნიშვნელობა საკითხისა, რომელთან დაკავშირებით ცხადი და მკაფიო მხარდაჭერა იქნა გამოხატული. ახლა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან უშუალო მოლაპარაკებების, უშუალო დისკუსიის, უშუალო თანამშრომლობის დროა ყველაზე მეტად და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გამორჩეულად წარმატებულია თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს უნგრეთთან. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ ასეთი დამოკიდებულების, რადგან ეს არის აღიარება საქართველოს წარმატებისა და დამსახურებისა, რათა მან მოიპოვოს დამსახურებულად, სამართლიანად კანდიდატის სტატუსი. ამ დროს, როცა შეფასება და გადაწყვეტილებები ახლოვდება, ასეთი მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე ორბანთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომთან დაკავშირებით ორბანის პოზიციები არ არის სწორად ინტერპრეტირებული. ამ კონტექსტში სარჯველაძე აღნიშნავს, რომ დაბალანსებული, რაციონალური არგუმენტები დაუმსახურებელი ბრალდებების მიზეზი ხდება.

“მესმის, როცა ევროპელი ლიდერი გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ პოლიტიკურ დაქვემდებარებაში შემავალი მედიასაშუალებები დაიწყებენ დიდ თავდასხმებს ამ პოლიტიკურ ლიდერზე, ჩვენს მეკავშირე სახელმწიფოზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერზე. ეს არ არის სწორი. მათ შორის, სწორი ინტერპრეტაცია არ არის მიმდინარე ომზე და სხვა კონკრეტულ საკითხებზე ორბანის პოზიციასთან დაკავშირებით. ხშირად დაბალანსებული, რაციონალური არგუმენტები არასწორი და დაუმსახურებელი ბრალდებების მიზეზი ხდება ქართული ოპოზიციის და მედიის მხრიდან. სხვა საკითხია, რომ ეს ნაკლებად შემაწუხებელი შეიძლება იყოს ორბანისთვის, მისთვის გაცილებით ღირებული და საყურადღებოა, რა არის საქართველოს ოფიციალური პოზიცია. რაც შეეხება ოპოზიციას რატომ არ ხვდება, თუ რაიმე კონკრეტული საჭიროება არ არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს ეს მოესურვება ოპოზიციაში, არ არის მიზეზი, რომ ასეთი შეხვედრა ავტომატურად დაიგეგმოს.რასაკვირველია, შეიძლება, რომ დაიგეგმოს, მაგრამ თუ საჭიროება არ არის, ეს არაა მიზეზი შეთქმულების თეორიების გამოანგარიშების,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

"ინტერპრესნიუსი"