"გვირაბის ვირთხები" და ქუჩებში ბრძოლა - რა ელის "ცახალს" ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში?! - კვირის პალიტრა

"გვირაბის ვირთხები" და ქუჩებში ბრძოლა - რა ელის "ცახალს" ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში?!

ისრაელი ღაზის სექტორის 64 კმ-იანი ღობის გარშემო უზარმაზარი, თითქმის 300-ათასიანი ცოცხალი ძალის თავმოყრას ამთავრებს, თავისი ტანკებით, ჯავშანმანქანებითა და საარტილერიო-სარაკეტო დანადგარებით, რომლებიც მალე მზად იქნებიან, სახმელეთო ოპერაცია წამოიწყონ და სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიონ ღაზის სექტორში თავმოყრილ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლებს, სწორედ მათ, ვინც რამდენიმე დღის წინ ფართომასშტაბიანი სამხედრო-დივერსიული სახის შეჭრა განახორციელეს ისრაელის სამხრეთ ნაწილში და თავისი დაუნდობელი მოქმედებებით ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, სამი ათასამდე კი - დაჭრეს...

თუმცა რამდენად წარმატებული იქნება ისრაელის, თუნდაც ასეთი მძლავრი სახმელეთო დაჯგუფების შეტევა ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტების შიგნით და ხომ არ აღმოჩნდება „ცახალი“ ქუჩის ბრძოლებში წამგებიან მდგომარეობაში, რადგან ბოლომდე ვერ გამოიყენებს თავის სრულ უპირატესობას მძიმე ჯავშანტექნიკის სახით?

1-rpg-1697020691.jpg
„ჰამასს“ მომარაგებული აქვს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ისრაელის ტანკების ღაზის სექტორში შეჭრის მოსაგერიებლად...

ის, ვინც დაგეგმა 7 ოქტომბრის კომბინირებული თავდასხმა ისრაელის დასახლებულ პუნქტებზე, იმასაც ძალიან კარგად გათვლიდა, რომ გამძვინვარებული ისრაელი შურისძიებას მოისურვებდა და მარტო საპასუხო საჰაერო დარტყმებს, თუნდაც ასე მასობრივსა და გამანადგურებელს, არ დასჯერდებოდა.

ამიტომაც შეიძლება იმის წინასწარ თქმა, რომ „ჰამასი“ და სხვა ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირებები უკვე ელოდებიან ისრაელის „მერკავის“ ტანკებისა და „ნამერის“ მძიმე ჯავშანტრანსპორტიორების გამოჩენას ღაზის სექტორის ქალაქების ქუჩებში და მათ ეტყობა, სიურპრიზებიც მოუმზადეს...

რა სახის და რა შეიარაღების გამოყენებით შეიძლება გაუწიოს „ჰამასმა“ წინააღმდეგობა „ცახალის“ მრავალრიცხოვან და კარგად შეჯავნულ მძიმე საბრძოლო ტექნიკას?

2-rpg-1697020909.png
რუსეთის მიერ „ჰამასისთვის“ ფარულად გადაცემული „კორნეტები“ ისრაელის „მერკავებისთვის“ მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ...

სანამ ისრაელის ტანკები და ჯავშანმანქანები ჯერ თავს იყრიან სასაზღვრო ღობის გასწვრივ, „ჰამასმა“ უკვე რამდენჯერმე წარმატებით გამოიყენა რუსული წარმოების მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „კორნეტი“ და მისი ირანული კლონები.

ლაზერის სხივით დამიზნებადი „კორნეტის“ რაკეტა მაქსიმალურ 5,5 კმ-ზე მიფრინავს და მიზანში მოხვედრისას რაკეტის ტანდემური კუმულაციურქობინიანი საბრძოლო ნაწილი ჯერ ტანკის დინამიკური დაცვის ელემენტს აფეთქებს, შემდეგ კი არღვევს 1 200 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს.

მიუხედვად იმისა, რომ ისრაელის ბოლო მოდიფიკაციის ძირითადი საბრძოლო ტანკები - „მერკავა-4მ“-ები მაღალი დაცულობით გამოირჩევიან, „ჰამასმა“ მაინც მოახერხა რამდენიმე მათგანის აფეთქება შორი მანძილიდან, სწორედ „კორნეტების“ საშუალებით.

ისრაელის „მერკავებზე“ რატომღაც არ იყო გააქტიურებული აქტიური თავდაცვის სისტემა „ტროფი“, რომლის მთავარი ფუნქციაცაა ტანკისკენ მფრენი რაკეტის განეიტრალება, რამდენიმე მეტრში, შემხვედრი აფეთქების ნამსხვრევებით...

ასე რომ, „კორნეტები“ და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო შეიარაღება იქნება შეტევაზე გადასული „ცახალის“ ჯავშანტექნიკის მთავარი საფრთხე, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების საშიშროებაც ანუ ის, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ფაქტობრივად, ჩაშალეს ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების გასანთავისუფლებლად დაწყებული უკრაინის არმიის კონტრშეტევები.

3-rpg-1697021098.png
„კორნეტის“ მიერ აფეთქებული ერთ-ერთი „მერკავა“...

„დრაკონის კბილების“ ბარიერები და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები ღაზის სექტორის ღობის შიგნით „ჰამასს“ არ აუგია, მაგრამ ტანკსაშიშ მიმართულებებს აუცილებლად დანაღმავდა, მათ შორის - მძლავრი ფუგასებითაც, რომლებმაც შეიძლება საცხოვრებელი კორპუსების ჩამონგრევაც გამოიწვიოს და ცოცხლად დამარხოს ღაზის რომელიმე ქალაქის ვიწრო ქუჩაში შესული „ცახალის“ ჯავშანსატანკო ჯგუფი მოიერიშე დანაყოფთან ერთად.

კიდევ ერთ, ისრაელის „მერკავებისთვის“ ახალ დიდ საფრთხეს წარმოდგენს დრონი-ბომბდამშენები და დრონი-კამიკაძეები ანუ ის, რაც ასე ფართოდ გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.

7 ოქტომბრის თავდასხმის დროს სასაზღვრო ღობის გასწვრივ განლაგებული ისრაელის საგუშაგოების წინააღმდეგ „ჰამასმა“ წარმატებით გამოიყენა დრონებიდან კუმულაციურქობინიანი მინიატურული ბომბების ჩამოყრის ტაქტიკა, როდესაც რამდენიმე „მერკავა“ და „ნამერი“ ააფეთქა.

4-rpg-1697021025.png
ისრაელის ავიაციის მასობრივი დაბომბვებისგან ისედაც დანგრეული ღაზის სექტორის ქუჩები იმავე ისრაელის „მერკავებისთვის“ კოშმარად შეიძლება გადაიქცეს, თუკი „ჰამასი“ ქუჩის ბრძოლებში გვირაბებისა და ფუგასების მასობრივად გამოყენებით ჩასაფრებებს მოუწყობს...

როგორც ჩანს, „ჰამასი“ მზადაა დრონების გამოყენებით მასობრივად შეებრძოლოს უშუალოდ ღაზის სექტორში შეტევაზე გადასულ „ცახალის“ ჯავშანტექნიკასა და ცოცხალ ძალასაც, რაც ისრაელის გენშტაბს აუცილებლად ექნება გასათვალისწინებელი და „ჰამასის“ დრონების საწინააღმდეგ სასწრაფოდ დასჭირდება ანტიდრონული რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემებისა და საზენიტო იარაღის მობილიზება.

კიდევ ერთი და ყველაზე საშიში საფრთხე ღაზის სექტორის ქალაქების ქუჩებში შესული „ცახალის“ დანაყოფებისთვის შეიძლება გახდეს - „გვირაბის ვირთხები“ ანუ „ჰამასის“ ის მებრძოლები, რომლებიც ყველასთვის მოულოდნელად ქალაქის ამა თუ იმ ქუჩაზე ამოყოფენ თავს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ესვრიან ებრაელების ჯავშანტექნიკას და მერე ისევ უკვალოდ გაქრებიან...

გაქრებიან იმ გვირაბების გამოყენებით, რომლებიც მათ განვლილ წლებში მრავლად გაიყვანეს ქალაქის საცხოვრებელი უბნების ქვეშ.

5-rpg-1697020959.jpg

"ჰამასს“ ღაზის სექტორის ქალაქების ქვეშ გვირაბების მთელი ქსელები აქვს მოწყობილი, რომლებსაც აუცილებლად გამოიყენებს ქუჩის ბრძოლების დაწყების შემთხვევაში...

ღაზის სექტორს ომი არასოდეს მოჰკლებია, რომელიც, ძირითადად, გამოიხატებოდა ისრაელის ავიაციის მიერ დამიზნებითი დაბომბვით კონკრეტული შენობების განადგურებაში.

„ჰამასის“ მეთაურობა დიდი ხანია მიხვდა, რომ ისრაელის წერტილოვანი საჰაერო დარტყმებიდან გადარჩენა მხოლოდ მიწისქვეშ იყო შესაძლებელი და ამიტომაც ისინი წლებია, თხრიან გვირაბებს, რომლებშიც განთავსებულია მათი შტაბები, მართვის პუნქტები და შეიარაღების, მათ შორის - იმ რაკეტების არსენალები, რომლებითაც ისრაელის ქალაქებს ბომბავენ.

ისრაელის ავიაცია, რა თქმა უნდა, იყენებს ბუნკერსაწინააღმდეგო მართვად ბომბებსა და რაკეტებს, მაგრამ მათი საშუალებით ყველა გვირაბის მიგნება და განადგურება, უბრალოდ, შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია ქვეითი ძალის გამოყენება და თითოეული ქუჩის გაცხრილვა-დათვალიერება.

დიდი ალბათობით, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა არა მარტო „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, არამედ - თავად „ჰამასის“ სრული ფიზიკური ლიკვიდაცია და თუკი ამას მოჰყვება ღაზის სექტორში აქამდე მცხოვრები ორ მილიონამდე ადამიანის საცხოვრებელი სახლების დანგრევა-განადგურება, ამაზე ეტყობა, თელ-ავივში ძალზეც არ ინერვიულებენ...