"ვინ მომიკლა ჩემი პატარა ცუნცულა, დედიკოს სიფრიფანა, ხომ უნდა გავიგო? რა უნდოდა იმ გველის წიწილს?!" - რას ჰყვებიან 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა და ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ვინ მომიკლა ჩემი პატარა ცუნცულა, დედიკოს სიფრიფანა, ხომ უნდა გავიგო? რა უნდოდა იმ გველის წიწილს?!" - რას ჰყვებიან 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა და ადვოკატი?

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა. ამ დრომდე არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი, რას შეეწირა არასრულწლოვანი გოგონას სიცოცხლე. უდიდესი ტრაგედია შარშან, 16 მარტს, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე დატრიალდა, გოგონა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე დადგენილი არ არის და დანაშაული გაუხსნელია.

შოკისმომგვრელი იყო ის ინფორმაცია, რაც მისი ოჯახის ადვოკატებმა ექსპერტიზის შემდეგ გაავრცელეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც სიცოცხლის პერიოდისაა. ოჯახი პირველივე წუთიდან დარწმუნებული იყო, რომ გოგონა მოკლეს. მოუთმენლად ელოდა ყველა სხვა ექსპერტიზის შედეგებს, თუმცა მკვლელობიდან 5 თვის შემდეგ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, ითქვა, რომ საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. ეს ფაქტი გააპროტესტეს ადვოკატებმა და გამოძიება პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაიწყო.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ავრცელებს განცხადებას, რომ მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება და მოითხოვენ, დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით მოკლული გოგონას დედას და ადვოკატს ელისო რუხაძეს.

ანი იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი:

- ამდენი დრო გავიდა იმ საშინელი დღიდან და მეტი უნდა გაეკეთებინა გამოძიებას, აქამდე უნდა მქონოდა პასუხი, ვინ მომიკლა შვილი. რატომღაც გვიან ხდება გარკვეული სახის საგამოძიებო ქმედებების განხორციელება. რაც თავში უნდა გაკეთებულიყო, იმას ახლა აკეთებენ. ამ დრომდე არ არის დაკითხული სრული წრე საეჭვო პირების. გამოძიება წინ არ წასულა, დღემდე არ მაქვს კითხვებზე პასუხი.

რაც შეეხება ექსპერტიზის ნიმუშების დაობებას, აქ მოსაკვლევი არაფერი დარჩა. გარკვეულია, ვინ დააზიანა, როგორ დააზიანა მთავარი ნიმუშები და მოვითხოვ, აუცილებლად დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ამ საქმეში ეს მავნებლობა ჩაიდინეს. აქ ეჭვებიც მიჩნდება, რაიმე მიზნით ხომ არ არის ეს ექსპერტიზის ნიმუშები დაზიანებული? ბევრი რამეა საქმეში დაზიანებული, ამდენი შემთხვევითობა არა მგონია იყოს. მაშინ გამოდის, საერთოდ არაპროფესიონალიზმთან გვქონდა საქმე. 5 რამეს რომ გააფუჭებ, ეს უკვე მიზანმიმართული ქმედებაა.

უნდა დააკავონ ყველა, ვინც ამ საქმეში ცუდად მიიღო მონაწილეობა, გააფუჭა საქმე და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიმართლის გარკვევა ყოფილიყო შესაძლებელი. რისი იმედი უნდა მქონდეს, ექსპერტიზაზე გავაგზავნე შვილი, დამიჭრეს, ნიმუშები აიღეს და არაფერი გააკეთეს? მაშინ რისთვის მუშაობენ იმ დაწესებულებაში, მაშინ რა დატვირთვა აქვს ექსპერტიზის ბიუროს? დააკავონ დამნაშავეები და მოიხადონ სასჯელი.

- გამოძიების კუთხით არის სიახლე?

-კარგი იქნებოდა, ჩემი და გამოძიების შეხედულებები თანხვედრაში მოდიოდეს, მაგრამ არ ხდება ასე. ფაქტია, რაც თავიდან უნდა გაეკეთებინათ, იმას ახლა აკეთებენ. ექსპერტიზაც ვერ ტარდება ნიმუშის დაობების გამო, მაქვს ეჭვები, ვინმე ხომ არ აფარებს ხელს დამნაშავეს.

- ალბათ, მძიმედ გადის დღეები, მით უფრო, როცა არ იცით, შვილის მკვლელი ვინ არის.

- ურთულესი ცხოვრება გვაქვს, ცხოვრება, რომელმაც აზრი დაკარგა. მხოლოდ ერთი აზრი გვაქვს, რომ უნდა ვიპოვოთ ის ნაძირალა და არაადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა. ყოველი გათენება და დაღამება კოშმარია ჩემთვის. რაც დრო გადის, უფრო მტკივნეულია. ჩემი პატარა ცუნცულა, დედიკოს სიფრიფანა ვინ მომიკლა, ხომ უნდა გავიგო? რა უნდოდა იმ გველის წიწილს, რატომ მომიკლა ჩემი პატარა?!

რამდენი ხანია, ვითხოვ 112-დან ინფორმაციებს, რომ გადმოგვცენ მასალები, 112-ში შესული ზარების. ვფლობთ არა ერთ ინფორმაციას, რომ ბოლო პერიოდში დიდი დიღმის ტერიტორიიდან, იმ ადგილებიდან, სადაც ეს საშინელება მოხდა და მიმდებარე ტერიტორიებიდან, 112-ში არა ერთი შეტყობინება იყო შესული პედოფილიის ფაქტებთან დაკავშირებით. ვითხოვეთ, 2 წლის განმავლობაში შესული ასეთი შინაარსის ზარები გამოეთხოვათ. აიღეს, მაგრამ ჩვენ არ გვაცნობენ. ამბობენ, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ამასაც ვერ მივაღწიე, მე არ გავჩერდები, სანამ არ მივიღებ პასუხებს. ახლა კი, პირველ რიგში, უნდა დადგეს სამედიცინო ექსპერტის პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, მალე უნდა გამაგებინონ, ვინ მომიკლა შვილი.

ადვოკატი ელისო რუხაძე:

- მოგეხსენებათ, ანი იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, სადაც მთავარი მტკიცებულება, ისე, როგორც მკვლელობის ნებისმიერ სხვა საქმეში, უნდა ყოფილიყო გარდაცვლილის სხეულიდან აღებული ანაწმენდების დნმ-ის ნიმუშების კვლევა. ამ დროს ამოსული ნიმუშები უნდა შედარდეს სავარაუდო ეჭვმიტანილის დნმ-ის ნიმუშთან. სხვადასხვა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომ გარკვეულიყო მკვლელის ვინაობა, იყო ამ ექსპერტიზის დასკვნაში აღმოჩენილი დნმ-ის კვალი. სამწუხაროდ, გოგონას მკვლელობიდან 5 თვის შემდეგ გვითხრეს, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნიმუშები იყო დაობებული. არადა, აქ საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევისას გამოვლინდებოდა გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის ზემოქმედების დნმ-ის არსებობა და სხვა მნიშვნელოვანი ნებისმიერი გარემოება. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ჩვენ, ადვოკატები ამ კვალიფიკაციასაც არ ვეთანხმებით. მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობა ვერ იქნება ეს ქმედება. ჩვენ მოვითხოვეთ გარკვეულიყო, რა ვითარებაში მოხდა მთავარი მტკიცებულების დაობება და რატომ.

გამოძიებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ ექსპერტს, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტია და რომელსაც ამავე დაწესებულების დებულებით და საერთაშორისო სტანდარტებით ევალებოდა განსაზღვრული წესების დაცვა, მაგრამ არ დაიცვა. მან სველი ნიმუშები ჩადო პოლიეთილენის პარკში, რაც არის დაუშვებელი და აკრძალული, რამაც გამოიწვია მთავარი ნიმუშის განადგურება. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მძიმეა იმის გაგება, რომ ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, როცა სამხარაულის ბიუროში მტკიცებულება ასე დაობდა, ადრეც ყოფილა, თურმე, ასეთი ფაქტები და ამას სახელმწიფო აქამდე რატომღაც გულგრილად უყურებდა. მაშინ, როდესაც გამოძიება და პროკურატურა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მკვლელობის საქმეზე მთავარი მტკიცებულებები არ განადგურდეს. საქმეში გამოკვეთილია გარემოებები, როგორც ამ დარგის არა ერთი ექსპერტი ამბობს, გაფუჭებულია მასალა. ექსპერტის ბრალეულობა ცნობილია და ვფიქრობ, საგამოძიებო უწყება აჭიანურებს ბრალის წარდგენას. ასევე, ამ საქმის ერთ-ერთი საკვანძო მოწმე გამოსაკითხია, რომელიც ასევე, ვფიქრობ, რომ ჭიანურდება. მისი გამოკითხვა დღემდე არ მომხდარა.

advokati-xutashvili-1697021568.jpg

- ნამდვილად იცით, რომ სხვა საქმეებზე დაობდა მასალა?

- დიახ, ეს ასეა და გასაკვირია, რომ აქამდე არავის ამაზე არ უსაუბრია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რატომ დუმდნენ უცნობია, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ძალიან დამთრგუნველი და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მკვლელობის საქმეებზე შეიძლება მსგავსი პრეცედენტი მოხდეს და მთავარი მტკიცებულება დაობდეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ობი, ნესტიანობა არის ის მოცემულობა, რაც დნმ-ს ანადგურებს და ეს მასალა კვლევისთვის არ ვარგა.

არ მინდა, წინასწარ გავაკეთო დასკვნები, მაგრამ მინიმალური შანსია იმის, რომ ანი იანუშაიტიტეს საქმეზე ამ მტკიცებულებებში რაიმე განმეორებითი კვლევის ხარჯზე საკვლევად ვარგისი იყოს. ექსპერტები ამბობენ, რომ ობი ანადგურებს დნმ-ის ფორმულას. ახლა ვითხოვთ საქმეში FBI-ს ჩართვას, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩაერთვება. იქნებ, მათ შეძლონ მაღალი დონის აპარატურით და პროფესიონალიზმით რაიმეს აღმოჩენა.

ერთადერთი იმედი ეს გვრჩება.

ეს მოცემულობა არ გვექნებოდა, რომ ექსპერტს ეს არ გაეკეთებინა. არა მარტო დნმ-ზეა საუბარი, ასევე, მან არ აიღო გარდაცვლილის სათანადო ადგილებიდან სათანადო ოდენობით ანაწმენდები. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათების არგადაღებაზეა საუბარი და სხვა არა ერთ გულგრილობასა და დანაშაულზე, რომელიც ანი იანუშაიტიტეს საქმეში გამოიკვეთა, დანაშაული მომხდარია და უნდა გაირკვეს, ეს იყო დაგეგმილი თუ მართლა გაუფრთხილებლობით მოხდა ამდენი უბედურება.

დანაშაული არის ჩადენილი და დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.

(სპეციალურად საიტისთვის)