საქართველოში შეხვედრის საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება?! - რატომ საუბრობს ფაშინიანი ახალი ომის საშიშროებაზე - კვირის პალიტრა

საქართველოში შეხვედრის საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება?! - რატომ საუბრობს ფაშინიანი ახალი ომის საშიშროებაზე

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო შესაძლოა განიხილებოდეს როგორც დიალოგის მოედანი ბაქოსა და ერევანს შორის. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ალიევმა საქართველოში ვიზიტისას გააკეთა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც განიხილება ბრიუსელში შეხვედრის ფორმატი და არსებობს მოლაპარაკებების გარკვეული ჩარჩოები, აზერბაიჯანის მხრიდან ახალი პლატფორმის შეთავაზება, როგორც უკვე შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზების მცდელობა.

"გრანადაში გაიმართა შეხვედრა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პრინციპები დაფიქსირებულია ევროკავშირის პლატფორმაზე. გასაგებია, რომ როდესაც ჩვენ ვხვდებით ბრიუსელში, საუბარი უნდა მიმდინარეობდეს ამ პრინციპების ფარგლებში, რომლებიც ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთმა ეს მიიღო და აზერბაიჯანმაც მიიღო. და დღეს, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრის საკითხს, აზერბაიჯანის მხრიდან ახალი პლატფორმის შეთავაზება ჩვენ შეიძლება გავიგოთ ისე, რომ აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს", - აცხადებს ფაშინიანი.

მისი თქმით, ძლიერდება შეშფოთება, რომ ფარული გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციით.

"ჩვენ არა ვართ საუბრის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ იმ ლოგიკის, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გამოგვიყვანს", - აცხადებს ფაშინიანი.