"იმედია, სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული არ არის, არ აწამებენ და არც დემენცია სჭირდა"
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, საზოგადოებრივი მისაღების გახსნის თაობაზე, მის ცალკე პოლიტიკურ აქტიურობას წარმოადგენს, რადგან სააკაშვილს რეალურად პარტიასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს და თავად პარტია დაშლის პროცესს განაგრძობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილის აზრით, სააკაშვილი ცალკე მიზიდულობის ცენტრის შექმნას ცდილობს.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში მივა ის, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და მიღებული ტკივილის გამო პროტესტს გამოთქვამს.
“იმედია, მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული არ არის, არ აწამებენ და არც დემენცია ჭირდა. ყველამ დავინახეთ, რომ არ შედგა სპეკულაციური გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზიანებაზე იყო მომართული. სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს, თუმცა რამდენად თანხვედრაშია მისი სურვილები, მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს ცალკე საკითხავი თემაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები იხსნება, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
ექსპრეზიდენტის თქმით, ოფისი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.
“სწორედ, დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი - სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის! იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის.
გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! თქვენი მიშა“ , - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
"ინტერპრესნიუსი"