"ვცდილობ, არასოდეს ვუთხრა მოსწავლეს ისეთი რამ, რაც გულს ატკენს" - ვინ არის კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი მასწავლებელი
"ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჰყავთ მეგობრები"
ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, სალომე ზარქუა კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი გახდა, რაც გულისხმობს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების უფლების მოპოვებას, ვისთვისაც ინგლისური მეორე ენაა. როგორც თავად აღნიშნა, ეს დიდი შრომით მიღწეული წარმატება გახლავთ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"დამეთანხმებით, რომ გამორჩეული მასწავლებელი ხშირად ხდება მომავალი პროფესიის განმსაზღვრელი. მან ინგლისურ ენასთან ერთად, პედაგოგობაც შემაყვარა. დღეს ჩვენ კოლეგები ვართ და წარმატებით ვთანამშრომლობთ. არასოდეს მინანია ჩემი გადაწყვეტილება, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები მის სისწორეში. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც გრძნობ, რომ უყვარხარ, გაფასებენ, გაღიარებენ და ეიმედები..."
"ვთვლი, რომ მოსწავლის გულის გასაღებს სწორედ მიმღებლობა, სიყვარულის გაცემა განაპირობებს. ჩემი ყველა მოსწავლე გამორჩეულია და განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა, თითოეული მათგანი ფასდაუდებელია..."
"მოსწავლეს გააჩნია ნების თავისუფლება, პირველ რიგში, უნდა ასწავლო, რა უპირატესობა აქვს განათლებას, რას გვაძლევს ცოდნა. უდავოა, რომ მცოდნე კაცი სიკეთესთან ასოცირდება, განათლება ადამიანში ნათელის შემოსვლაა, რაც ათბობს და ამზიანებს. სწავლა იძულებით არ შეიძლება, ინტერესი უნდა აღუძრა. ბავშვებს მოსწონთ ინოვაციური მეთოდები..."
"მასწავლებელს უსაზღვროდ უნდა უყვარდეს ბავშვები და საგანი, რომელსაც ასწავლის; უნდა ჰქონდეს მოთმინების დიდი უნარი. ერთხელ მოსწავლემ მითხრა, - ნეტავ, დედაჩემი იყოთო... ვცდილობ, არასოდეს ვუთხრა მოსწავლეს ისეთი რამ, რაც გულს ატკენს. ამ პატივისცემასა და დამოკიდებულებას თვითონაც ხედავენ და აფასებენ. ჩემთვის მთავარია, მყავდეს კმაყოფილი მოსწავლე და მშობელი, მათთვის საიმედო მასწავლებელი მინდა ვიყო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი