"ხაბეიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, საკუთარ თავს არ ეკუთვნის. "ნაციონალური მოძრაობის" ახლანდელი მმართველობა დაშორდა ხალხს"
თუ გსურს „ქართული ოცნება“ დაამარცხო, რომლის არაფორმალური მმართველი ივანიშვილია, ამას ვერ მოახერხებ შენივე არაფორმალური მმართველობით - უსამართლობა უსამართლობით, ვერ დამარცხდება, ვერც ფული დამარცხდება ფულით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის რიგებში იყოს დემოკრატიული მმართველობა.
წიკლაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ ეკუთვნის საკუთარ თავს - „ის ასრულებს კონკრეტულ დირექტივებს“.
„რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ აქაც მოხდა სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფების მიერ არაფორმალური მართვა. თუნდაც გუშინდელი ვიზიტი კვიპროსზე, (გასაგებია ვისთანაც) კარგად მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელი მმართველობა დაშორდა ხალხს, ამომრჩეველს, პოლიტიკურ საბჭოს და იმ ადამიანებს, ვინც შექმნა ამ პარტიის ისტორია და ახლა პარტიის დირექტივებს ერთი ადამიანისგან იღებს. ამის გამოსწორება გვინდა.
თუ არაფორმალური მმართველის დიქტატს დაექვემდებარები, მაშინ ამით არაფერი შეიცვლება. ყველასთვის ცნობილია, რომ ლევან ხაბეიშვილი კონკრეტული მხარდაჭერის გამო იყო პარტიის თავმჯდომარედ არჩეული. ხაბეიშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის ასრულებს კონკრეტულ დირექტივებს. ეს დემოკრატიას არ ეთანადება“,- განაცხადა წიკლაურმა.
მისივე შეფასებით, მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც 100 კაცსაც ვეღარ კრეფენ და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ აქვთ, არის „ვიზიტები მოკარნახეებთან“.
„ერთ მხარეს არის რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელიც კვიპროსზე მიემართება იმისთვის, რომ არაფორმალური მოლაპარაკებები გამართოს, იმის თაობაზე, რომ ახალმა თავმჯდომარემ არ გაამართლა. მეორე მხარეს, არის შეკრება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეკრება გამართა და რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ათასამდე აქტივისტი ესწრებოდა.
ერთი მხრივ, არის ხალხი, რომელსაც პარტიაში დემოკრატიის დაცვა უნდა. მეორე მხარეს, არიან ადამიანები, რომლებიც 100 კაცსაც ვეღარ კრეფენ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ აქვთ, არის ეს ვიზიტები არაფორმალურ მოკარნახეებთან. ეს ორი სურათი კარგად ააშკარავებს იმას, თუ ვის, რა უნდა ამ პოლიტიკურ პარტიაში.
თუ გსურს „ქართული ოცნება“ დაამარცხო, რომლის არაფორმალური მმართველი ივანიშვილია, ამას ვერ მოახერხებ შენივე არაფორმალური მმართველობით. უსამართლობა უსამართლობით, ვერ დამარცხდება, ვერც ფული დამარცხდება ფულით“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
"ინტერპრესნიუსი"